როზეოლა

დაავადების აღწერა

როზეოლა ძირითადად მსუბუქი ინფექციაა, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. როზეოლა ზოგჯერ მოზარდებშიც ფიქსირდება. ეს ინფექცია იმდენად ხშირია ბავშვებში, რომ მათი უმეტესობა უკვე დაინფიცირებულია საბავშვო ბაღის ასაკამდე.

ჰერპეს ვირუსის ორი გავრცელებული ტიპი იწვევს როზეოლას. ეს მდგომარეობა ტიპიურად იწვევს ცხელებას რამდენიმე დღით, რასაც გამონაყარი მოსდევს.

ზოგიერთ ბავშვს მხოლოდ მსუბუქი ნიშნები აქვს და არ ავადმყოფობს, სხვებს კი აღენიშნებათ სხვადასხვა ნიშნები და სიმპტომები.

როზეოლა ტიპიურად მძიმე არ არის. იშვიათად, ვლინდება ძალიან მაღალი ტემპერატურა და ასოცირებული გართულებები. მკურნალობა მოიცავს მოსვენებას, სითხეების მიღებასა და სიცხის დამწევ პრეპარატებს.

გამომწვევი მიზეზი

როზეოლას ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი ადამიანის ჰერპეს ვირუსი 6–ია, მაგრამ ასევე შეიძლება იწვევდეს ადამიანის ჰერპეს ვირუსი 7.

როგორც სხვა ვირუსული დაავადებების, მაგალითად გაციების, დროს, როზეოლა ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე დაინფიცირებული ადამიანის სუნთქვითი ნაწილაკების ან ნერწყვის საშუალებით. მაგალითად, თუ ბავშვი გაიზიარებს ჭიქას დაინფიცირებულ ბავშვთან, შეიძლება გადაედოს ვირუსი.

როზეოლა მაშინაც გადამდებია, როცა გამონაყარი არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ მდგომარეობა ვრცელდება მაშინაც, როცა ბავშვს მხოლოდ სიცხე აქვს და ჯერ როზეოლას დიაგნოზი არ არის დასმული. დააკვირდით როზეოლას ნიშნებს, თუ იცით, რომ თქვენს ბავშვს კონტაქტი ჰქონდა ვირუსთან.

ჩუტყვავილისაგან განსხვავებით, როზეოლა იშვიათად იწვევს მრავალრიცხვოვან დაინფიცირებებს. ინფექცია შეიძლება წლის ნებისმიერ დროს გავრცელდეს.

სიმპტომები

თუ თქვენს ბავშვს ჰქონდა კონტაქტი ბავშვთან, რომელსაც როზეოლა აქვს და გადაედო ეს ინფექცია, დაახლოებით 1 კვირაში გამოვლინდება ნიშნები და სიმპტომები. ნიშნები შეიძლება არც გამოვლინდეს. შესაძლებელია, სიმპტომები იმდენად მსუბუქი იყოს, რომ ვერც შენიშნოთ. როზეოლასთვის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • ცხელება. როზეოლა ტიპიურად იწყება უეცარი, მაღალი სიცხით, ხშირად 39,4 და მეტი. ზოგიერთ ბავშვს ასევე აღენიშნება ყელის ანთება, ცხვირიდან გამონადენი და ხველა. ბავშვს შეიძლება დაუსივდეს ლიმფური კვანძები კისერში. ცხელება გასტანს 3–დან 5 დღემდე.
  • გამონაყარი. გამონაყარი ჩნდება მას შემდეგ, რაც ცხელება გაივლის, მაგრამ არა ყოველთვის. გამონაყარი გამოვლინდება მცირე ზომის ვარდისფერი ლაქებით. ეს ლაქები ძირითადად ბრტყელია, მაგრამ ზოგჯერ ამოწეულიც. ზოგიერთი ლაქის გარშემო თეთრი ბეჭდისებრი რგოლია. გამონაყარი ძირითადად გულმკერდზე იწყება, ვრცელდება ზურგზე, მუცელზე და კიდურებზე. გამონაყარი შეიძლება არ გამოვლინდეს სახეზე. გამონაყარი არ იწვევს ქავილს და დისკომფორტს, მაგრამ შეიძლება გაქრობამდე რამდენიმე საათი ან დღე დასჭირდეს.



როზეოლას სხვა ნიშნები და სიმპტომებია:

  • გაღიზიანება ბავშვებში
  • მსუბუქი ფაღარათი
  • დაქვეითებული მადა
  • შესიებული ქუთუთოები



როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ ბავშვს აღენიშნება:


გულყრა და ცხელება– ტემპერატურა ამ დროს უეცრად იმატებს. ძირითადად, როცა მომატებულ ტემპერატურას ამჩნევთ, გულყრის განვითარების რისკი უკვე მცირდება, მაგრამ თუ განვითარდა აუხსნელი გულყრა ბავშვში, აუცილებლად მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

დაუკავშირდით პედიატრს

დაუკავსირდით თქვენი ბავშვის პედიატრს, თუ:

  • სიცხე 39,4 ან მეტია
  • ბავშვს აქვს როზეოლა და სიცხე 7 დღეზე მეტხანს
  • გამონაყარი არ გაივლის 3 დღის შემდეგ



მიმართეთ ექიმს, თუ:

თქვენი იმუნური სისტემა დასუსტებულია და გქონდათ კონტაქტი როზეოლას მქონე ადამიანთან. ამ დროს შესაძლოა დაგჭირდეთ შესაძლო ინფექციის გამო მონიტორინგი, რადგან იმუნოსუპრესიის დროს, როზეოლა უფრო საშიშია, ვიდრე ბავშვებში.