რქოვანი წანაზარდები და კალუსები კანზე

დაავადების აღწერა

კანზე რქოვანი წანაზარდების– გასქელებული, გამაგრებული ფენების განვითარება წარმოადგენს კანის მცდელობას, თავი დაიცვას ხახუნისა და წნევის ძალების მოქმედებისაგან. კალუსებისა და რქოვანი ფენების განვითარება ყველაზე ხშირია ფეხის თითებსა და ხელის თითებზე. ეს წანაზარდები ვიზუალურად არასასიამოვნოა.

თუ ჯანმრთელი ხართ, რქოვანი წანაზარდების მკურნალობა მხოლოდ ვიზუალური პრობლემის გამო შესაძლოა დაგჭირდეთ. უმეტესად, ხახუნის ან ზეწოლის წყაროს მოშორება იწვევს გარქოვანების ალაგებასაც.

თუ გაქვთ დიაბეტი ან სხვა სისხლძარღვოვანი დაავადება, რომელიც სისხლის მიწოდებას უზღუდავს ტერფებს, გაქვთ გართულებების მაღალი რისკი. მიმართეთ ექიმს გარქოვანებული კანის განვითარების შემთხვევაში.

გამომწვევი მიზეზი

ხანგრძლივი ზეწოლა და განმეორებითი ხახუნი იწვევს გარქოვანებისა და კალუსების ჩამოყალიბებას და ზრას. ამ ზეწოლისა და ხახუნის ზოგიერთი მიზეზია:

  • არასწორი ზომის ფეხსაცმელი. ვიწრო ფეხსაცმელი ან მაღალი ქუსლები იწვევენ ტერფის კომპრესიას. როცა ფეხსაცმელი პირიქით, დიდი ზომისაა, ტერფი განმეორებით ეხახუნება ფეხსაცმლის შიდა ზედაპირს.
  • წინდების გარეშე ფეხსაცმლის ჩაცმა. ფეხსაცმლის ჩაცმა წინდების გარეშე იწვევს ხახუნს ტერფებზე. არასწორი ზომის წინდა ასევე პრობლემას წარმოადგენს.
  • მუსიკალური ან სამუშაო ინსტრუმენტების გამოყენება. კალუსები ხელებზე შესაძლოა განვითარდეს მუსიკალური ინსტრუმენტის, სამუშაოს ან წერითი მოძრაობების გამო.

სიმპტომები

რქოვანი წანაზარდები და კალუსები კანზე შესაძლოა გამოვლინდეს ამ ნიშნებით:

  • სქელი, უხეში არე კანზე
  • გამაგრებული ამობურცულობა
  • მტკივნეულობა ან ტკივილი კანქვეშ
  • აქერცლილი, მშრალი, ცვილისებრი კანი
  • კანის გარქოვანება და კალუსი ერთი და იგივე არ არის.
  • გარქოვანება ბევრად უფრო მცირე ზომისაა და აქვს გამაგრებული ცენტრი, ანთებითი კანის ფონზე. გარქოვანება ვითარდება ტერფის იმ ადგილზე, სადაც დიდია ზეწოლა, როგორიცაა ფეხის თითები ან ფეხის თითებს შორის არსებული ადგილი. გარქოვანებული ადგილი შეხებისას მტკივნეულია.
  • კალუსები იშვიათად იწვევენ ტკივილს. კალუსი ძირითადად ვითარდება ფეხის გულზე, ქუსლის ქვეშ, ხელის გულზე ან მუხლებზე. კალუსები განსხვავდება ზომებით და ხშირად უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე გარქოვანება.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ გარქოვანება ან კალუსი ანთებითი და მტკივნეულია, მიმართეთ ექიმს. თუ გაქვთ დიაბეტი ან სხვა მიზეზით, სისხლის მიწოდების შეფერხება, მიმართეთ ექიმს სანამ სახლის პირობებში მკურნალობას შეეცდებით, რადგან მცირე დაზიანებაც კი შესაძლოა დაინფიცირდეს და დაწყლულდეს.