საჭმლის მონელების მოშლა
დაავადების აღწერა
საჭმლის მონელების მოშლა, აგრეთვე ცნობილი როგორც დისპეპსია, არის ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს მუცლის ზედა ნაწილში დისკომფორტს. საჭმლის მონელების მოშლა არა დაავადება, არამედ სიმპტომების ერთობლიობაა, რომლებშიც შედის მუცლის ტკივილი და დანაყრების შეგრძნება ჭამის დაწყებისთანავე. მიუხედავად იმისა, რომ საჭმლის მონელების მოშლა ხშირი პრობლემაა, ყველა ადამიანი მას განსხვავებულად განიცდის. საჭმლის მონელების მოშლის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს ხანგამოშვებით ან ყოველდღიურად.
საჭმლის მონელების მოშლა შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადების სიმპტომი იყოს. საჭმლის მონელების მოშლა, რომელიც არ არის სხვა დაავადებით გამოწვეული, მარტივი სამკურნალოა ცხოვრების წესის შეცვლით და მედიკამენტებით.
გამომწვევი მიზეზი
საჭმლის მონელების მოშლა ბევრი მიზეზით შეიძლება განვითარდეს. ხშირად იგი დაკავშირებულია ცხოვრების წესთან და შეიძლება უარესდებოდეს გარკვეული საკვების, სასმელის ან წამლის მიღების შემდეგ. საჭმლის მონელების მოშლის ხშირი მიზეზებია:
- გადამეტებული კვება ან ძალიან სწრაფად კვება
- ცხიმიანი, ზეთიანი ან ცხარე საჭმელი
- ჭარბი კოფეინი, ალკოჰოლი, შოკოლადი და გაზიანი სასმელი
- მოწევა
- შფოთვა
- ზოგიერთი ანტიბიოტიკი, ტკივილგამაყუჩებელი და რკინის დანამატი
ხანდახან საჭმლის მონელების მოშლას იწვევს სხვა საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია. ესენია:
- გასტრიტი
- პეპტიური წყლული
- ცელიაკია
- ნაღვლის ბუშტის კენჭები
- ყაბზობა
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი)
- კუჭის კიბო
- ნაწლავების გაუვალობა
- სისხლის მიმოქცევის შემცირება ნაწლავებში (ნაწლავების იშემია)
უმიზეზი საჭმლის მონელების მოშლას ეწოდება ფუნქციური დისპეპსია ანუ კუჭის არაწყლულოვანი ტკივილი.
სიმპტომები
საჭმლის მონელების მოშლის მქონე პაციენტებში შეიძლება შეგხვდეს შემდეგი ნიშნები და სიმპტომებიდან ერთი ან მეტი:
- ჭამის დროს მალევე დანაყრება. თქვენ შეიძლება საჭმლის დიდი ნაწილი არ გიჭამით, მაგრამ თავს უკვე დანაყრებულად გრძნობთ და ვეღარ აგრძელებთ ჭამას.
- შემაწუხებელი სისავსის გრძნობა ჭამის შემდეგ. სისავსე გრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე უნდა გრძელდებოდეს.
- დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში. თქვენ შეიძლება იგრძნოთ მსუბუქი ან საშუალო ტკივილი მკერდის ძვალსა და ჭიპს შორის.
- წვის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში. თქვენ შეიძლება იგრძნოთ არაკომფორტული წვის შეგრძნება მკერდის ძვალსა და ჭიპს შორის.
- შებერილობა მუცლის ზედა ნაწილში. თქვენ შეიძლება გქონდეთ დაძაბულობის არასასიამოვნო შეგრძნება.
- გულისრევა.
უფრო იშვიათი სიმპტომებია პირღებინება და ბოყინი.
ხანდახან საჭმლის მონელების მოშლის მქონე ადამიანებს აგრეთვე აქვთ გულძმარვა, თუმცა საჭმლის მონელების მოშლა და გულძმარვა სხვადასხვა მდგომარეობებია. გულძმარვა არის ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მკერდის შუაში განვითარებული ტკივილი ან წვის შეგრძნება, რომელიც ვრცელდება კისერში და ზურგში.
როდის მივმართოთ ექიმს
საჭმლის მონელების მსუბუქი მოშლა არ არის სანერვიულო. მიმართეთ ექიმს, თუ დისკომფორტი ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ ტკივილი მწვავეა და თან ერთვის:
- წონაში უმიზეზო კლება და მადის დაკარგვა
- მრავალჯერადი პირღებინება ან სისხლიანი პირღებინება
- შავი, კუპრისფერი განავალი
- ყლაპვის გაძნელება, რომელიც უფრო და უფრო უარსდება
- ზოგადი სისუსტე ან დაღლილობა, რაც შეიძლება ანემიის სიმპტომი იყოს
სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ:
- სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა ან მკერდის ტკივილი, რომელიც ვრცელდება ყბაში, კისერში და მხარში
- მკერდის ტკივილი ვარჯიშის ან სტრესის დროს