საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია

დაავადების აღწერა

საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია ვაგინიტის ერთ–ერთი ტიპია (ვაგინის ანთება), რომელსაც ახასიათებს ქსოვილის გაღიზიანება, ინტენსიური ქავილი და გამონადენი. საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია აზიანებს ვაგინას და მის გარშემო ქსოვილებს, მათ შორის ვულვას.

საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია, იგივე კანდიდიაზი, ძალიან ხშირია. 4–დან 3 ქალს მაინც აქვს საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია ცხოვრების რომელიმე ეტაპზე. ხშირად, ქალს ეს მდგომარეობა 2 ჯერ ან მეტჯერ უვითარდება.

საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია არ ითვლება სქესობრივად გადამდებ დაავადებად, იმის მიუხედავად, რომ სოკო ვრცელდება ორალურ–გენიტალიური კონტაქტით. მკურნალობა მარტივი და ეფექტურია, თუ არ გაქვთ განმეორებითი ინფექციები–4 ან მეტჯერ წელიწადში. ამ შემთხვევაში, საჭიროა გრძელვადიანი თერაპია.

გამომწვევი მიზეზი

საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია გამოწვეულია სოკო–კანდიდათი. კანდიდა მიკროორგანიზმია, რომელიც ვაგინაში ნორმალურ მდგომარეობაშიც არსებობს, ბაქტერიებთან ერთად. ვაგინა ბუნებრივად შეიცავს მიკროორგანიზმების ბალანსირებულ ნაკრებს. ლაქტობაცილები წარმოქმნიან მჟავას, რაც ხელს უშლის საფუარა სოკოს ჭარბ ზრდას ღრუში. ნორმალური ბალანსის დარღვევამ კი შეიძლება გამოიწვიოს საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია. ინფექცია ვლინდება ქავილით, წვის შეგრძნებით და სხვა კლასიკური ნიშნებითა და სიმპტომებით.

ბალანსის დარღვევის და საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექციის მიზეზებია:

  • ანტიბიოტიკების გამოყენება, რაც იწვევს ლაქტობაცილების შემცირებას და ვაგინალური მჟავის ცვლილებებს, რის შედეგადაც ჭარბად იზრდება კანდიდა
  • ორსულობა
  • უკონტროლო დიაბეტი
  • იმუნური სისტემის დაქვეითებული მდგომარეობა



ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც იწვევს ბაქტერიების რაოდენობისა და ტიპების ცვლილებებს ვაგინაში, შეიძლება ასოცირებული იყოს საფუარა სოკოვან ინფექციასთან.

ყველაზე ხშირად, საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია გამოწვეულია კანდიდა ალბიკანსით. ზოგჯერ, სხვა ტიპის კანდიდა იწვევს ინფექციასა და სიმპტომებს. კანდიდა ალბიკანსი კარგად რეაგირებს მკურნალობაზე, სხვა ტიპის სოკოები კი ზოგჯერ სტანდარტული თერაპიით ვერ იკურნება და საჭიროა უფრო აგრესიული მედიკამენტური ჩარევა.

საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია შესაძლოა იყოს სქესობრივად გადამდებიც, განსაკუთრებით ორალურ–გენიტალიური კონტაქტით. ამის მიუხედავად, საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია არ ითვლება სქესობრივად გადამდებ ინფექციად, რადგან იგი ვითარდება ნორმალური ვაგინალური ფლორიდან.

სიმპტომები

საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექციის სიმპტომებია:

  • ქავილი, გაღიზიანება
  • წვის შეგრძნება, განსაკუთრებით სქესობრივი კავშირის ან შარდვის დროს
  • შეწითლება, შესიება ვულვაზე
  • ვაგინალური ტკივილი და მტკივნეულობა
  • სქელი, თეთრი, უსუნო გამონადენი, ხაჭოსებრი შედგენილობით



გართულებული საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია

გართულებული ინფექციის სიმპტომებია:

  • მძიმე ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი შეწითლება, შესიება ქავილი, რომელიც იწვევს ქსოვილის დაზიანებას ან დაწყლულებას
  • განმეორებითი ინფექციები–4 ან მეტი წელიწადში
  • კანდიდა ალბიკანსის გარდა სხვა ორგანიზმით გამოწვეული ინფექცია
  • ორსულობა
  • უკონტროლო დიაბეტი
  • იმუნური სისტემის დაქვეითებული მდგომარეობა, მედიკამენტების გამო ან აივ/შიდსის ვირუსის გამო



როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ:

  • პირველად გაქვთ საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია
  • არ ხართ დარწმუნებული, გაქვთ თუ არა საფუარა სოკოვანი ვაგინალური ინფექცია
  • სიმპტომები თავად არ ქრება სახლის პირობებში მკურნალობის ან ურეცეპტო სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენების შემდეგ
  • გაქვთ სხვა სიმპტომებიც