საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა
დაავადების აღწერა
საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა ასევე ცნობილია, როგორც საკვერცხეების პირველადი უკმარისობა და ნიშნავს ამ ორგანოს ფუნქციის მოშლას 40 წლამდე ასაკში. საკერცხეების უკმარისობის დროს, არ წარმოიქმნება საკმარისი ესტროგენი და არ გამოთავისუფლდება კვერცხუჯრედი რეგულარულად. უშვილობა ხშირი შედეგია.
საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობას ნაადრევ მენოპაუზასაც უწოდებენ, მაგრამ ეს ორი მდგომარეობა ზუსტად ერთნაირი არ არის. საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობის მქონე ქალს შესაძლოა არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ჰქონდეს მრავალი წლის განმავლობაში და დაფეხმძიმდეს კიდეც, ხოლო ნაადრევი მენოპაუზის დროს ციკლი წყდება და შვილოსნობის ალბათობა არ არსებობს.
საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობის დროს, ესტროგენის დონის აღდგენა ეხმარება გარკვეული გართულებების შემსუბუქებას, როგორიცაა ოსტეოპოროზი. უშვილობა უფრო რთული სამკურნალოა.
გამომწვევი მიზეზი
საკვერცხეების ნორმალური ფუნქციის მქონე ქალებში, ჰიპოფიზი გამოყოფს გარკვეულ ჰორმონებს მენსტრუალური ციკლის დროს, რაც იწვევს მცირე რაოდენობით კვერცხუჯრედის შემცველი ფოლიკულების მომწიფებას. ძირითადად, მხოლოდ ერთი სითხით სავსე ფოლიკულა მწიფდება ერთ თვეში.
როცა ფოლიკულა მომწიფდება, იგი ამოდის საკვერცხიდან და ათავისუფლებს კვერცხუჯრედს. კვერცხუჯრედი შემდეგ ფალოპის მილაკს გაივლის, სადაც შესაძლოა განაყოფიერდეს სპერმატოზოიდის მიერ, რაც გამოიწვევს ორსულობას.
საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა გამოწვეულია ორი პროცესით– ფოლიკულების ამოწურვით ან ფოლიკულების ფუნქციის მოშლით.
ფოლიკულების ამოწურვა
ფოლიკულების ამოწურვის მიზეზებია:
- ქრომოსომული დეფექტები. გარკვეული გენეტიკური დაავადებები ასოცირებულია საკვერცხეების ნაადრევ უკმარისობასთან. ესენია: ტერნერის სინდრომი, მდგომარეობა, როცა ქალს მხოლოდ ერთი X ქრომოსომა აქვს, ორის მაგივრად; მსხვრევადი X ქრომოსომის სინდრომი, ინტელექტუალური შეფერხების ხშირი გამომწვევი მდგომარეობა, რომელსაც ადრე მენტალურ ჩამორჩენასაც უწოდებდნენ.
- ტოქსინები. ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია ტოქსინებით გამოწვეული საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზებია. ეს თერაპიები აზიანებენ გენეტიკურ მასალას უჯრედში. სხვა ტოქსინები, როგორიცაა სიგარეტი, ქიმიური ნივთიერებები, პესტიციდები და ვირუსები ასევე იწვევენ საკვერცხეების ფუნქციის დარღვევას.
ფოლიკულების ფუნქციური პრობლემა
ფოლიკულების ფუნქციური პრობლემებია:
- იმუნური სისტემის პასუხი საკვერცხის ქსოვილზე– აუტოიმუნური დაავადება. იმუნური სისტემა ამ დროს ანტისხეულებს გამოყოფს საკუთარი ორგანიზმის ჯანსაღი საკვერცხის ქსოვილის მიმართ, რაც აზიანებს ფოლიკულებსა და კვერცხუჯრედებს. რა იწვევს იმუნურ პასუხს, უცნობია, მაგრამ შესაძლებელია ვირუსული მიზეზი.
- უცნობი ფაქტორები. თუ განვითარდა საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა და გამოირიცხა აუტოიმუნური დაავადება, საჭიროა სხვა ტესტების ჩატარებაც. ხშირად, გამომწვევი მიზეზი მაინც უცნობი რჩება.
სიმპტომები
საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები წააგავს მენოპაუზის სიმპტომებს (ესტროგენის დეფიციტი). ესენია:
- არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუალური ციკლი– ამენორეა, რომელიც შეიძლება წლობით გაგრძელდეს ან გაჩნდეს მშობიარობის, კონტრაცეპტივების შეწყვეტის შემდეგ
- წამოხურება
- ოფლიანობა ღამით
- ვაგინალური სიმშრალე
- გაღიზიანება, კონცენტრაციის ნაკლებობა
- დაქვეითებული ლიბიდო
როდის მივმართოთ ექიმს
თუ შეამჩნიეთ, რომ ციკლი არ გქონიათ 3 თვის ან მეტის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს მიზეზის დასადგენად. მიზეზი მრავალნაირი შეიძლება იყოს, მათ შორის: ფეხმძიმობა, სტრესი, დიეტის ან ვარჯიშის ცვლილებები, მაგრამ აუცილებელია ექიმის პროფესიონალური შეფასება მენსტრუალური ციკლის ასეთი ცვლილების შემდეგ.
თუ მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა არ გაწუხებთ და სიმპტომები არ გაქვთ, მაინც სჯობს მიხვიდეთ ექიმთან პრობლემის სადიაგნოსტიკოდ. ესტროგენის დაბალი დონეების გამო, ვითადება ოსტეოპოროზი.