სამკარიანი სარქვლის უკმარისობა
დაავადების აღწერა
სამკარიანი სარქვლის უკმარისობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც გულის მარჯვენა საკნებს (წინაგული და პარკუჭი) შორის არსებული სარქველი ბოლომდე არ იხურება. ეს იწვევს სისხლის უკან გადასვლას მარჯვენა წინაგულში.
სამკარიანი სარქვლის უკმარისობა შეიძლება დაკავშჳრებული იყოს გულის თანდაყოლილ მანკთან ან სხვა სარქვლის დამაზიანებელ დაავადებასთან.
მსუბუქი უკმარისობის შემთხვევაში შეიძლება არ დაგჭირდეთ მკურნალობა. სამკარიანი სარქვლის მწვავე უკმარისობის დროს საჭირო ხდება მკურნალობა.
გამომწვევი მიზეზი
სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანებას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს:
სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანებას როგორც წესი იწვევს გულის ქვედა მარჯვენა საკნის (მარჯვენა პარკუჭი) გაფართოება (დილატაცია), რის გამოც სარქველი სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს. ეს შეიძლება მარჯვენა პარკუჭის დამაზიანებელმა ბევრმა პათოლოგიამ გამოიწვიოს. მათ შორისაა გულის უკმარისობა, მდგომარეობები, რომლებიც ზრდიან წნევას ფილტვის არტერიაში (პულმონარული ჰიპერტეზნია) ან გულის კუნთის პათოლოგია (კარდიომიოპათია). სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება ხშირად ვითარდება გულის მარცხენა ნაწილის დამაზიანებელი მდგომარეობების დროს.
სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი მიზეზებით განვითარებულმა სარქვლის დარღვევამ:
ებშტეინის ანომალია
- ებშტეინის ანომალიაის დროს დეფორმირებული სამკარიანი სარქველი მარჯვენა პარკუჭში ნორმაზე ქვემოთ მდებარეობს, სარქვლის ფრთები კი ჩამოუყალიბებელია. ეს იწვევს სისხლის უკან გადასვლას (რეგურგიტაცია) მარჯვენა წინაგულში. სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება ბავშვებში ძირითადად გულის თანდაყოლილი მანკითაა გამოწვეულია, ებშტეინის ანომალია კი ამ მდგომარეობის გამომწვევი ყველაზე ხშირი გულის თანდაყოლი მანკია. ხშირად იგი შეიძლება შეუმჩნეველი იყოს ზრდასრულობის ასაკამდე.
- ინფექციური ენდოკარდიტი. სამკარიანი სარქველი შეიძლება დაზიანდეს გულის გარსების ინფექციის, ინფექციური ენდოკარდიტის დროს.
- კარცინოიდული სინდრომი. ამ იშვიათი დაავადების დროს საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ფილტვებში წარმოქმნილი სიმსივნეები ვრცელდებიან ღვიძლში და ლიმფურ კვანძებში. კარცინოიული სინდრომი იწვევს გულის კარცინოიდულ დაავადებას, რომლის დროსაც სიმსივნის მიერ წარმოქმნილი ნივთირებები აზიანება გულის სარქვლებს. ეს სინდრომი ხშირად აზიანებს სამკარიანი და ფილტვის არტერიის სარქვლის ფუნქციას.
- ენდომიოკარდიული ბიოფსია. ენდომიოკარდიული ბიოფსიის დროს ხდება გულის კუნთოვანი ქსოვილის პატარა ნაწილის ამოღება, რომელიც შემდეგ მოწმდება ანთებაზე და ინფექციაზე. ამ პროცედურის დროს შეიძლება დაზიანდეს რომელიმე სარქველი.
- გულმკერდის ტრავმა. გულმკერდის ტრავმას, მაგალითად ავტოავარიის დროს, შეუძლია გამოიწვიოს სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება.
- რევმატიზმი. რევმატიზმი არის სტრეპტოკოკული ფარინგიტის გართულება, რომელიც აზიანებს სამკარიან სარქველს და მრავალი წლის შემდეგ იწვევს სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება. რევმატიზმმა შეიძლება ერთზე მეტი სარქველი დააზიანოს. რევმატიზმი იშვიათია ა.შ.შ-ში, თუმცა იგი კვლავ გავრცელებულია ბევრ სხვა ქვეყანაში.
- გულის თანდაყოლილი მანკები. გულის თანდაყოლილი მანკები აზიანებენ სამკარიან სარქველს. ყველაზე ხშირად გვხვდება ებშტეინის ანომალია.
- მარფანის სინდრომი. მარფანის სინდრომი არის შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი დაავადება, რომელიც იწვევს სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანებას.
- მედიკამენტები. სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანების გაზრდილი რისკი დაკავშირებულია ზოგიერთ მედიკამენტთან. მათ შორისაა ფენფლურამინი, ერგოტამინი, მოუსვენარი ფეხების სინდრომის და პარკინსონის საწინააღმდეგო მედიკამენტები, მაგალითად პერგოლიდი და კაბერგოლინი.
- რადაცია. გულმკერდის დასხივებას შეუძლია დააზიანოს სამკარიანი სარქველი და გამოიწვიოს სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება.
გულის საკნები და სარქვლები
როგორ მუშაობს გული
გული შედგება 4 საკნისგან. ორი ზედა საკანი (წინაგული) იღებს სისხლს. ორი ქვედა საკანი (პარკუჭი) ტუმბავს სისხლს.
გულის ოთხი სარქველი იღება და იხურება, რითიც ხელს უწყობს სისხლის ერთი მიმართულებით დინებას. სამკარიანი სარქველი, რომელიც გულის მარჯვენა საკნების შორის მდებარეობს, 3 კარისგან შედგება.
სამკარიანი სარქველი იღება როდესაც სისხლი გადადის მარჯვენა წინაგულიდან მარჯვენა პარკუჭში. შემდეგ სარქველი იხურება რათა ხელი შეუშალოს სისხლის მარჯვენა წინაგულში დაბრუნებას.
სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანების დროს, სამკარიანი სარქველი ბოლომდე არ იხურება. ეს იწვევს თითოეული გულის შეკუმშვის დროს სისხლის მარჯვენა წინაგულში დაბრუნებას.
სიმპტომები
სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება ხშირად არ იწვევს ნიშნებს და სიმპტომებს სანამ მდგომარეობა ძალიან არ დამძიმდება. თქვენ შეიძლება სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანების დიაგნოზი დაგესვათ სხვა დაავადების დროს გაკეთებული გამოკვლევის საფუძველზე.
სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანების ნიშნები და სიმპტომებია:
- დაღლილობა
- ვარჯიშის დაქვეითებული შესაძლებლობა
- მუცლის, ფეხების ან კისრის ვენების შეშუპება
- გულის პათოლოგიური რიტმები
- პულსაცია კისერში
- ღვიძლის გაზრდა
- მოძრაობის დროს სუნთქვის უკმარისობა
თქვენ აგრეთვე შეიძლება გქონდეთ სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანების გამომწვევი მდგომარეობის, მაგალითად ფილტვის არტერიის ჰიპერტენზიის სიმპტომები. ფილტვის არტერიის ჰიპერტენზიის სიმპტომებია დაღლილობა, სისუსტე, ვარჯიშის გაძნელება და სუნთქვის უკმარისობა.
როდის მივმართოთ ექიმს
სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანებამ შეიძლება გულის უკმარისობა გამოიწვიოს. თუ გაქვთ გულის უკმარისობის ნიშნები, მაგალითად ადვილად დაღლა ან სუნთქვის უკმარისობა, მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გადაგამისამართოთ კარდიოლოგთან.