სამწვერა ნევრალგია
დაავადების აღწერა
სამწვერა ნევრალგია არის მტკივნეული ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც აზიანებს სამწვერა ნერვს. სამწვერა ნერვს სახიდან ტვინში მიაქვს მგრძნობელობითი იმპულსები. სამწვერა ნევრალგიის მქონე ადამიანებში სახის მსუბუქმა გაღიზიანებამ, მაგალითად კბილების გამოხეხვამ ან მაკიაჟის გაკეთებამ, შეიძლება გამოიწვიოს უძლიერესი ტკივილი.
თავდაპირველად შეიძლება გქონდეთ ხანმოკლე, მსუბუქი შეტევები, თუმცა დროთა განმავლობაში სამწვერა ნევრალგია შეიძლება გამწვავდეს და გამოიწვიოს აუტანელი ტკივილის ხშირი ეპიზოდები. სამწვერა ნევრალგია უფრო ხშირად გვხვდება ქალებში და იგი უფრო ხშირია 50 წელს ზემოთ ადამიანებში.
მრავალი მკურნალობის მეთოდის წყალობით აღარ არის საჭირო სამწვერა ნევრალგიის გამო მთელი ცხოვრების ტკივილში გატარება. ექიმები ეფექტურად მართავენ სამწვერა ნევრალგიას მედიკამენტებით, ინექციებით და ოპერაციით.
გამომწვევი მიზეზი
სამწვერა ნევრალგიის დროს დაზიანებულია სამწვერა ნერვის ფუნქცია. ხშირად პრობლემა არის ტვინის ფუძეში სისხლძარღვისა და სამწვერა ნერვის შეხება. ეს შეხება ზეწოლას ახდენს ნერვზე და იწვევს მის ფუნქციის დარღვევას.
სამწვერა ნევრალია შეიძლება დაკავშირებული იყოს ასაკთან ან მიელინის გარსის დამაზიანებელ დაავადებებთან, მაგალითად გაფანტულ სკლეროზთან. იშვიათ შემთხვევებში სამწვერა ნევრალგია შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნემ, რომელიც აწვება სამწვერა ნერვს. ზოგიერთ ადამიანს სამწვერა ნევრალგია ტვინის დაზიანების ან სხვა პათოლოგიის გამო აქვს. იშვიათ შემთხვევებში მიზეზი ვერ დგინდება.
გამშვები ფაქტორები
სამწვერა ნევრალგიის ტკივილის გამშვები ფაქტორები შეიძლება იყოს:
- გაპარსვა
- სახეზე ხელის გადასმა
- ჭამა
- სითხის დალევა
- კბილების გამოხეხვა
- ლაპარაკი
- მაკიაჟის გაკეთება
- ქარიანი ამინდი
- ღიმილი
- სახის დაბანვა
სიმპტომები
სამწვერა ნევრალგიის ნიშნები და სიმპტომებია:
- მსუბუქი ტკივილის იშვიათი ეპიზოდები
- აუტანი, მჭრელი ან ელექტრო-შოკის მსგავსი ტკივილის ეპიზოდები
- ტკივილის სპონტანური შეტევები ან სახის შეხებით, მაგალითად კბილების გამოხეხვით ან ღეჭვით გამოწვეული შეტევები
- ტკივილის რამდენიმე ან მრავალწამიანი ეპიზოდები
- მწვავე შეტევის რამდენიმე დღიანი, კვირიანი ან თვიანი ეპიზოდები. ზოგიერთ ადამიანებს აქვთ პერიოდები, როდესაც არ აქვთ ტკივილი
- სამწვერა ნერვის ინერვაციის არეში ტკივილი. ეს არის ლოყები, ყბა, კბილები, ღრძილები, ტუჩები და უფრო იშვიათად თვალი და შუბლი
- ტკივილი სახის ერთ ნაწილში
- ერთ ადგილზე ფოკუსირებული ტკივილი ან გაფანტული ტკივილი
- შეტევები, რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო ხშირი და მწვავე ხდება
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ სახის ტკივილი, განსაკუთრებით თუ იგი ხანგრძლივია და არ შველის ტკივილგამაყუჩებლები.