სარძევე ჯირკვლის კიბო

დაავადების აღწერა

  • სარძევე ჯირკვლის კიბო მკერდში მოთავსებული ჯირკვლის უჯრედებისაგან შემდგარი პათოლოგიური წარმონაქმნია.
  • კანის კიბოს შემდეგ, სარძევე ჯირკვლის კიბო ყველაზე გავრცელებულია ქალებში ამერიკის შეერთებულ შტატებში.
  • სარძევე ჯირკვლის კიბო შესაძლოა შეგვხვდეს ქალებშიც და კაცებშიც, მაგრამ ბევრად უფრო ხშირია ქალებში.
  • სარძევე ჯირკვლის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და კვლევების დაფინანსების წყალობით, საგრძნობლად გამოსწორდა სკრინინგისა და დიაგნოსტირების მეთოდიკა და მკურნალობა. სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებული პაციენტების გადარჩენის ალბათობა გაიზარდა, გარდაცვალების შემთხვევებმა იკლო. ეს ყველაფერი ადრეული დიაგნოსტიკის, ინდივიდუალური მკურნალობისა და დაავადების უკეთ შესწავლის შედეგია.

გამომწვევი მიზეზი

სარძევე ჯირკვლის კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.

ცნობილია, რომ კიბო ყალიბდება მაშინ, როცა ჯირკვლის ზოგიერთი უჯრედი იწყებს არასწორ ზრდა–განვითარებას. ეს უჯრედები უფრო სწრაფად მრავლდებიან, ვიდრე ჯანსაღი უჯრედები, გროვდებიან, ქმნიან გროვას ან მასას. უჯრედები შესაძლოა გავრცელდნენ (მეტასტაზირება) მკერდიდან ლიმფურ კვანძებში ან სხეულის სხვა ნაწილებში.

ძუძუს კიბო ყველაზე ხშირად რძის წარმომქმნელ სადინრებში ყალიბდება (ინვაზიური სადინრის კარცინომა). კიბო შესაძლოა ჯირკვლის ქსოვილშიც წარმოიქმნას (ინვაზიური წილაკოვანი კარცინომა) ან მკერდის სხვა უჯრედებში.

მკვლევარებმა დაადგინეს ჰორმონალური, ცხოვრებისეული და გარემოფაქტორები, რომლებიც ზრდიან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.თუმცა, უცნობია რატომ ემართებათ კიბო იმ ადამიანებსაც, რომელთაც ეს რისკ–ფაქტორები საერთოდ არ აქვთ ან რატომ არ ემართებათ კიბო ადამიანებს, რომელთაც ყველა რისკ–ფაქტორი ახასიათებთ. სავარაუდოა, რომ კიბოს განვითარება გენეტიკურ და გარემო ფაქტორთა კომპლექსური ურთიერთქმედებით ხდება.

სარძევე ჯირკვლის მემკვიდრეობითი კიბო

ექიმები ითვლიან, რომ კიბოს შემთხვევათა მხოლოდ 5–10% უკავშირდება გენეტიკურ მუტაციებს, რომლებიც ოჯახებში გვხვდება.

მაღალი ძუძუს კიბოს რისკის მატარებელი რამდენიმე გენია იდენტიფიცირებული. ყველაზე გავრცელებულია BRCA1 და BRCA2 . ორივე გენი საგრძნობლად ზრდის ძუძუს და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს.

თუ გაქვთ ოჯახში ძუძუს კიბოს შემთხვევათა ისტორია, ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ ტესტი მუტაციებზე ამ ან სხვა გენებში, რომლებიც შესაძლოა გადმოგეცათ გენეტიკურად.

შეგიძლიათ თხოვოთ ექიმს, გირჩიოთ გენეტიკოსთან კონსულტაციაც, რომელსაც შეეძლება ოჯახური ისტორიის მიმოხილვა. გენეტიკოსი ასევე აგიხსნით რა სარგებელი, რისკი და ლიმიტი აქვს გენეტიკურ ანალიზებს და როგორ უნდა შეარჩიოთ შესაბამისი ტესტი.

სიმპტომები

სარძევე ჯირკვლის კიბოს შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:

  • გროვა, გასქელება მკერდში, რომელიც განსხვავდება გარშემო ქსოვილისაგან
  • სისხლიანი გამონადენი ძუძუსთავიდან
  • მკერდის ზომის, ფორმის, შეხედულების ცვლილება
  • მკერდის კანის ცვლილება, როგორიცაა ჩაღრმავება
  • ძუძუსთავის ამობრუნება (ინვერსია)
  • ძუძუსთავის გარშემო პიგმენტირებული ქსოვილის (არეოლა) ან მკერდის კანის აქერცვლა, მოძრობა
  • მკერდის კანის შეწითლება, ჩაღრმავება, ფორთოხლის კანის მსგავსად



როდის მივმართოთ ექიმს
თუ იპოვით გროვას მკერდის ჯირკვალში, თუნდაც ბოლო მამოგრამა ნორმალური იყოს, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან დროული გამოკვლევისათვის.