სარძევე ჯირკვლის ტკივილი
დაავადების აღწერა
ტკივილი შესაძლოა იყოს მსუბუქი ან ძლიერი, ჩნდებოდეს მხოლოდ რამდენიმე დღით მენსტრუალურ ციკლამდე ან ძლებდეს 7 ან მეტ დღეს ყოველთვე. სარძევე ჯირკვლის ტკივილი ზოგჯერ მხოლოდ ციკლის დაწყებამდე, ზოგჯერ კი მთელ მენსტრუალურ ციკლში გვხვდება. პოსტმენოპაუზურ ასაკში მკერდის ტკივილი იშვიათია, იგი უფრო ახალგაზრდა, პრემენოპაუზურ ან პერიმენოპაუზურ ქალებში გვხვდება.
უმეტესად, სარძევე ჯირკვლის ტკივილი კეთილთვისებიანი წარმონაქმნითაა გამოწვეული და არ ნიშნავს კიბოს არსებობას.ამის მიუხედავად, აუხსნელი ტკივილი, რომელიც გასტანს 1 ან 2 მენსტრუალური ციკლის შემდეგ ან ლოკალიზდება ერთ კონკრეტულ არეში, აუცილებლად საჭიროებს ექიმის შეფასებას.
გამომწვევი მიზეზი
ზოგჯერ, ტკივილის ზუსტი მიზეზი ვერ დგინდება. სავარაუდო მონაწილე ფაქტორებია:
- რეპროდუქციული ჰორმონები. ციკლური ტკივილი მკერდში უკავშირდება ჰორმონებსა და მენსტრუალურ ციკლს. ციკლური ტკივილი მცირდება ან ქრება ორსულობის ან მენოპაუზის დროს.
- სარძევე ჯირკვლის სტრუქტურა. არაციკლური ტკივილი ხშირად ჯირკვლის სტრუქტურული ცვლილების შედეგია, როგორიცაა კისტა, ტრავმა, ქირურგიული ჩარევა ან სხვა ფაქტორები. ტკივილი შესაძლოა მკერდის გარეთაც დაიწყოს, გულმკერდის კედელში, კუნთებში, სახსრებში, გულთან და შემდეგ გადადიოდეს სარძევე ჯირკვლის არეში.
- ცხიმოვანი მჟავების დისბალანსი. ცხიმოვანი მჟავების დისბალანსი ეფექტს ახდენს მკერდის ჯირკვლის მგრძნობელობის მომატებაზე მოცირკულირე ჰორმონების საპასუხოდ.
- მედიკამენტების გამოყენება. გარკვეული ჰორმონალური მედიკამენტები, როგორიცაა შვილოსნობის სამკურნალო და კონტრაცეფციული საშუალებები შესაძლოა იწვევდეს ტკივილს მკერდში. ასევე, ტკივილი ჯირკვალში ესტროგენისა და პროგესტერონის ჰორმონული თერაპიის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს. მკერდის ტკივილი უკავშირდება გარკვეულ ანტიდეპრესანტებსაც, როგორიცაა სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ფლუოქსეტინი ან სერტრალინი).
- მკერდის ზომა. დიდი ზომის მკერდის მქონე ქალებს შესაძლოა აღენიშნოთ არაციკლური ტკივილი მკერდის ჯირკვალში. კისრის, მხრების და წელის ტკივილი შესაძლოა თან ახლდეს დიდი ზომის მკერდით გამოწვეულ ტკივილს.
- ქირურგიული ჩარევა. ტკივილი სარძევე ჯირკვალში შესაძლებელია მოყვეს ქირურგიულ ჩარევას და ზოგჯერ გასტანს ჭრილობის შეხორცებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში.