საშვილოსნოს მიომები

დაავადების აღწერა

საშვილოსნოს მიომა არის საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ქალებს საშუალო ასაკში უვითარდებათ. მას აგრეთვე უწოდებენ საშვილოსნოს ფიბრომას და ლეიომიომას. საშვილოსნოს მიომები არ არიან დაკავშირებული სიმსივნის გაზრდილ რისკთან და თითქმის არასდროს გადაიქცევიან ავთვისებიან სიმსივნედ.

საშვილოსნოს მიომა ვითარდება საშვილოსნოს გლუვი კუნთოვანი ქსოვილიდან. ერთი უჯრედი იწყებს განმეორებით გაყოფას, რაც საბოლოოდ ქმნის მკრივ მასას, რომელიც გარშემო არსებული ქსოვილისგან განსხვავდება. საშვილოსნოს მიომების ზრდის სიჩქარე განსხვავებულია. ისინი შეიძლება ნელა იზრდებოდნენ, სწრაფად იზრდებოდნენ ან ერთი ზომის დარჩნენ. ზოგიერთი მიომა პერიოდულად იზრდება, სხვები კი მცირდებიან. ორსულობის დროს არსებული მიომების უმეტესობა მშობიარობის შემდეგ თავისით ქრება.

მიომა შეიძლება იყოს თვალით შეუმჩნეველი ან იმდენად დიდი, რომ ფორმა შეუცვალოს საშვილოსნოს. მიომები შეიძლება იყოს ერთი ან მრავალი. ექსტრემალურ შემთხვევებში მიომები იმდენად ზრდიან საშვილოსნოს, რომ იგი ნეკნებს აღწევს.

დაახლოებით ქალების 75% ჰქონია საშვილოსნოს მიომა სიცოცხლის განმავლობაში, თუმცა უმეტესობა მათგანმა არ იცის ამის შესახებ რადგან სიმპტომები არ ჰქონდეთ. ექიმმა მიომები შეიძლება მენჯის გამოკვლევის ან პრენატალური ულტრაბგერის დროს აღმოაჩინოს.

გამომწვევი მიზეზი

ექიმებმა არ იციან რა იწვევს საშვილოსნოს მიომებს, თუმცა კვლევები შემდეგ ფაქტორებზე მიგვითითებენ:

  • გენეტიკური ცვლილებები. ბევრი მიომა შეიცავს გენებს, რომლებიც განსხვავდება საშვილოსნოს სხვა უჯრედების გენებისგან. აგრეთვე არსებობს მტკიცებულება, რომ მიომების განვითარების უფრო დიდი რისკი აქვთ იდენტურ ტყუპებზე, ვიდრე არაიდენტურ ტყუპებს.
  • ჰორმონები. ესტროგენი და პროგესტერონი, რომლებიც ასტიმულირებენ თითოეული მენსტრალური ციკლის დროს საშვილოსნოს გარსის გარდაქმნებს, როგორც ჩანს იწვევენ მიომების ზრდას. მიომები შეიცავენ საშვილოსნოს სხვა უჯრედებზე მეტ ესტროგენის და პროგესტერონის რეცეპტორებს. მიომები მენოპაუზის შემდეგ ზომაში მცირდებიან რადგან ამ დროს ჰორმონები ნაკლები რაოდენობით გამომუშავდება.
  • სხვა ზრდის ფაქტორები. ზოგიერთი ზრდის ფაქტორი, მაგალითად ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი, შეიძლება მონაწილეობდეს მიომის ზრდაში.

სიმპტომები

საშვილოსნოს მიომების ყველაზე ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

  • ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა
  • გახანგრძლივებული მენსტრუალური პერიოდები – 7 ან მეტდღიანი მენსტრუალური სისხლდენა
  • მენჯის სიმძიმე ან ტკივილი
  • ხშირი შარდვა
  • შარდის ბუშტის დაცლის გაძნელება
  • ყაბზობა
  • ზურგის ან ფეხის ტკივილი



იშვიათად მიომამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. ეს ვითარდება, როდესაც იგი იმდენად გაიზრდება, რომ უწყდება სისხლის მიმოქცევა. ამ დროს მიომა კვდება, მისი დაშლის პროდუქტები კი გარშემო არსებულ ქსოვილებში შედის და იწვევს ტკივილს და ტემპერატურის მომატებას. ზოგიერთმა მიომამ შემობრუნების დროს შეიძლება საკუთარ თავს შეუწყვიტოს სისხლის მიმოქცევა რაც აგრეთვე გამოიწვევს ტკივილს.

სიმპტომებზე ზეგავლენას ახდენს მიომის ლოკალიზაცია, ზომა და რაოდენობა: 

  • სუბმუკოზური მიომები. მიომები, რომლებიც საშვილოსნოს ღრუში ჩაიზრდებიან, უფრო დიდი ალბათობით იწვევენ გახანგრძლივებულ, მძიმე მენსტრუალურ სისხლდენას და იშვიათად ხელს უშლიან დაფეხმძიმებას.
  • სუბსეროზული მიომები. მიომები, რომლებიც გამოდიან საშვილოსნოს ზედაპირზე, ხანდახან აწვებიან შარდის ბუშტს და იწვევენ საშარდე სისტემის სიმპტომებს. თუ მიომა საშვილოსნოს უკანა ნაწილიდან გამოდის, იგი შეიძლება დააწვეს სწორ ნაწლავს ან ზურგის ტვინის ნერვებს, რაც გამოიწვევს ტკივილს.
  • ინტრამურული მიომები. ზოგიერთი მიომა საშვილოსნოს კუნთოვან შრეში იზრდება. ზომაში გაზრდის შემთხვევაში ისინი უცვლიან საშვილოსნოს ფორმას და იწვევენ გახანგრძლივებულ, ძლიერ პერიოდებს და ტკივილის შეგრძნებას.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:

  • მენჯის ტკივილი, რომელიც არ ქრება
  • ძლიერი ან მტკივნეული პერიოდები
  • სისხლიანი ლაქები ან სისხლდენა პერიოდებს შორის
  • ტკივილი ყოველი სქესობრივი აქტის დროს
  • გადიდებულისაშვილოსნო ან მუცელი
  • შარდის ბუშტის დაცლის გაძნელება



სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ ძლიერი ვაგინალური სისხლდენა ან უეცარი, მწვავე მენჯის ტკივილი.