საშვილოსნოსგარე ორსულობა

დაავადების აღწერა

საშვილოსნოსგარე ორსულობა ვითარდება მაშინ, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ჩანერგვა საშვილოსნოს მთავარი ღრუს გარეთ ხდება. ორსულობა იწყება კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდგომ. ნორმალურ პირობებში, განაყოფიერებული კვერცუჯრედი ეკრობა საშვილოსნოს გარსს.

საშვილოსნოსგარე ორსულობა, ყველაზე ხშირად, ვითარდება იმ მილაკებში, რომლებსაც კვერცხუჯრედები საკვერცხიდან საშვილოსნოს მიმართულებით გადააქვთ(ფალოპის მილები). საშვილოსნოსგარე ორსულობის ამ ფორმას მილოვანი ორსულობა ეწოდება. ზოგიერთ შემთხვევაში, საშვილოსნოს ორსულობა ვითარდება მუცლის ღრუში, საკვერცხეში, ან საშვილოსნოს ყელში.

საშვილოსნოსგარე ორსულობა ნორმალურად არ გრძელდება. განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადარჩენა არ ხდება და მზარდმა ქსოვილმა შესაძლოა დედის ორგანიზმში მრავალი სტრუქტურა გაანადგუროს. სამედიცინო ჩარევის გარეშე შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა.

საშვლოსნოსგარე ორსულობის ადრეული მკურნალობა ქალს ანარჩუნებინებს შანსს, რომ მომავალში ჯანმრთელი ორსულობები ჰქონდეს.

გამომწვევი მიზეზი

მილოვანი ორსულობა საშვილოსნოსგარე ორსულობის ყველაზე ხშირი ფორმაა. მდგომარეობა ვითარდება მაშინ, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გაიჭედება საშვილოსნოსკენ გადაადგილების დროს. ამ პროცესის მიზეზი ძირითადად ფალოპის მილის არასწორი აგებულება ან ანთებაა. ჰორმონული ცვლილებები ან განაყოფიერებული კვერცხუჯრედის არანორმალური განვითარება შესაძლოა აგრეთვე იღებდეს მდგომარეობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას.

სიმპტომები

თავდაპირველად, საშვილოსნოსგარე ორსულობამ შესაძლოა არ გამოიწვიოს სიმპტომები. სხვა შემთხვევებში, მდგომარეობის პირველადი ნიშნები შესაძლოა ჰგავდეს ნებისმიერი ორსულობის გამოვლინებებს – მენსტრუაციის გამოტოვება, მკერდის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება.

თუ თქვენ გაიკეთებთ ორსულობის ტესტს, რეზულტატი დადებითი იქნება. მიუხედავად ამისა, ორსულობა ნორმალურად ვერ გრძელდება.

მცირეოდენი ვაგინალური სისხლდენა ან ტკივილი მენჯის არეში შეიძლება იყოს საშვილოსნოსგარე ორსულობის პირველი ნიშანი. თუ სისხლი ფალოპის მილიდან ჟონავს, შესაძლებელია აღინიშნებოდეს ტკივილი მხრის არეში ან დეფეკაციის სურვილი, იმის მიხედვით თუ სად ჩადგება სისხლი და რომელ ნერვს დააწვება იგი. ფალოპის მილის გაგლეჯვის შემთხვევაში, სავარაუდოა მუცელში ძლიერი სისხლდენის განვითარება, რომელსაც გულისწასვლა და შოკი შეიძლება მოჰყვეს.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თვლით, რომ გაქვთ საშვილოსნოსგარე ორსულობის სიმპტომები, მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება. სიმპტომები:

  • ძლიერი ტკივილი მუცლისა და მენჯის არეში, რომელსაც თან ახლავს ვაგინალური სისხლდენა
  • გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა
  • ტკივილი მხრის არეში