საყლაპავის სპაზმი

დაავადების აღწერა

საყლაპავის სპაზმები წარმოადგენს კუნთის მტკივნეულ შეკუმშვებს, რომლებიც აზიანებენ საყლაპავს – ღრუ მილს, რომელიც აკავშირებს ყელს კუჭთან. საყლაპავის სპაზმები აღიქმება, როგორც მკერდის უცაბედი, ძლიერი ტკივილი, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთიდან საათების განმავლობაში.

საყლაპავის სპაზმები, როგორც წესი, იშვიათად ვითარდება. თუმცა ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში, კუნთის შეკუმშვები ხშირია და პაციენტს ხელს უშლის საკვებისა და სითხის საყლაპავში მოძრაობაში. საყლაპავის სპაზმებმა შესაძლოა გამოიწვიონ ქრონიკული ტკივილი და ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები.

საყლაპავის იშვიათი სპაზმებისთვის მკურნალობა შესაძლოა არ იყოს საჭირო. თუმცა თუ საყლაპავის სპაზმი ხელს უშლის პაციენტს კვებაში, აუცილებელია მკურნალობა.

გამომწვევი მიზეზი

საყლაპავის სპაზმების გამომწვევი მიზეზები უცნობია.

ჯანმრთელი საყლაპავი ატარებს საკვებს კუჭის მიმართულებით კუნთის კოორდინირებული შეკუმშვების მეშვეობით(პერისტალტიკა). საყლაპავის სპაზმები არღვევენ ამ პროცესის მიმდინარეობას და საყლაპავის ქვედა ნაწილში არსებულ კუნთებს არ აძლევენ საშუალებას, საკვები კუჭში გადაიტანონ.

საყლაპავის სპაზმების ტიპები

საყლაპავის სპაზმი ორი ფორმით გვხვდება:

  • საყლაპავის დიფუზური სპაზმები წარმოადგენს საყლაპავის კუნთების იშვიათი ხასიათის შეკუმშვებს. სპაზმის ამ ფორმას თან ახლავს საკვებისა და სითხეების რეგურგიტაცია, ანუ კუჭიდან უკან, საყლაპავის მიმართულებით ამობრუნება.
  • თხილის სატეხის ფორმის საყლაპავი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც მიმდინარეობს ძლიერი შეკუმშვები საყლაპავის კუნთებში. ეს მდგომარეობა იშვიათად იწვევს საკვებისა და სითხეების რეგურგიტაციას.

სიმპტომები

საყლაპავის სპაზმების სიმპტომები:

  • მოჭერითი სახის ტკივილი მკერდის არეში, რომელიც არის ინტენსიური. ეს მდგომარეობა ხშირად ეშლებათ გულის ტკივილში(ანგინა)
  • ყლაპვის გაძნელება(დისფაგია)
  • შეგრძნება, რომ რაიმე სხეული გაიჩხირა ყელში
  • საკვებისა და სითხის უკან, საყლაპავში ამობრუნება(რეგურგიტაცია)



როდის მივმართოთ ექიმს

მოჭერითი სახის ტკივილს, მკერდის არეში, საყლაპავის სპაზმების გარდა გულის შეტევა და ანგინაც იწვევნ. თუ თქვენ აღნიშნავთ მოჭერითი ხასიათის ტკივილს მკერდის არეში, განსაკუთრებით თუ ეს სიმპტომი ახალია თქვენთვის, აუცილებლად მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რათა გამოირიცხოს გულის პრობლემები.