საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება

დაავადების აღწერა

საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება წარმოადგენს ვენების გადიდებას საყლაპავის ქვედა ნაწილში. საყლაპავი არის მილი, რომელიც ყელს კუჭთან აერთებს. საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება გვხვდება ძირითადად ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში.

საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება ყალიბდება მაშინ, როდესაც ღვიძლის მიმართულებით სისხლის დინება იხშობა ღვიძლში ნაწიბუროვანი ქსოვილის ან სისხლის კოლტის მიერ. დაბრკოლების გამო, სისხლი გადადის მცირე ზომის სისხლძარღვებში, რომლებსაც არ შეუძლიათ სისხლის დიდი მოცულობის ტარება. შესაძლოა განვითარდეს სისხლძარღვებიდან სისხლის გაჟონვა ან სისხლძარღვების გახევა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.

საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენის შესაჩერებლად ბევრი სამედიცინო პროცედურა და მედიკამენტი არსებობს.

გამომწვევი მიზეზი

საყლაპავის ვარიკოზული ვენების გაგანიერება ყალიბდება მაშინ, როდესაც სისხლის ნაკადი ღვიძლის მიმართულებით დახშობილია. ეს პროცესი, როგორც წესი, გამოწვეულია ღვიძლის დაავადების შედეგად გაჩენილი ნაწიბუროვანი ქსოვილით, რომელიც ახშობს სისხლის ნაკადს. სისხლის ნაკადი ღვიძლში იწყებს შეკავებას, რაც ზრდის ღვიძლში მიმავალი ვენის(პორტული ვენა) წნევას. ეს წნევა(პორტული ჰიპერტენზია) აიძულებს სისხლს, მონახოს ალტერნატიული გზები მცირე ზომის ვენების სახით. ასეთი ვენები საყლაპავის ქვედა ნაწილში მდებარეობს. სისხლის დიდი მოცულობის გადასვლის შედეგად თხელი კედლის მქონე ვენები იბერება. ზოგჯერ ეს ვენები სკდება და იწყება სისხლდენა.

საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერების მიზეზები:

  • ღვიძლის დანაწიბუროვანება(ციროზი). ღვიძლის რამოდენიმე დაავადება იწვევს ციროზს, მაგალითად: ჰეპატიტის ვირუსით ინფექცია, ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება, ცხიმიანი ღვიძლის დაავადება და ნაღვლის სადინარის დაავადება, რომელსაც პირველად ბილიარულ ციროზს უწოდებენ. საყლაპავის ვარიკოზული ვენების გაგანიერება ციროზის მქონე პაციენტების 40 %-ში ვითარდება.
  • სისხლის კოლტები(თრომბოზი). სისხლის კოლტი პორტულ ვენაში ან მასთან დაკავშირებულ ელენთის ვენაში იწვევს საყლაპავის ვარიკოზული ვენების გაგანიერებას.
  • პარაზიტული ინფექცია. შისტოსომიაზი არის პარაზიტული ინფექცია, რომელიც შეინიშნება აფრიკის ნაწილებში, სამხრეთ ამერიკაში, კარიბებზე, შუა აღმოსავლეთში და აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. პააზიტი აზიანებს ღვიძლს, ფილტვებს, ნაწლავებსა და შარდის ბუშტს.
  • ბუდ-ქიარის სინდრომი. ეს იშვიათი დაავადება იწვევს სისხლის კოლტების ჩამოყალიბებას იმ ვენებში, რომლებშიც ღვიძლიდან გამოსული სისხლი მიედინება.

სიმპტომები

საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება სისხლდენამდე არ იწვევს სიმპტომებს. საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერების სიმპტომები სისხლდენის შემდგომ:

  • სისხლის ღებინება
  • შავი სისხლიანი განავალი
  • შოკი(მძიმე შემთხვევებში)



ექიმმა შესაძლოა ვარიკოზულ ვენებზე მიიტანოს ეჭვი, თუ წარმოდგენილია ღვიძლის დაავადების შემდეგი სიმპტომები:

  • კანისა და თვალების ყვითელი შეფერილობა
  • ობობის ფორმის მცირე ზომის სისხლძარღვების გამოჩენა კანზე
  • სიწითლე ხელის გულების არეში
  • ხელის მტევნის დეფორმაცია, რომელსაც დუპუიტრენის კონტრაქტურას უწოდებენ
  • დაპატარავემული სათესლეები
  • გადიდებული ელენთა
  • მუცელში სითხის დაგროვება(ასციტი)



როდის მივმართოთ ექიმს

დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ აღნიშნავთ საგანგაშო სიმპტომებს. თუ თვენ დაგისვეს ღვიძლის დაავადების დიაგნოზი, შეეკთხეთ ექიმს საყლაპავის ვარიკოზული ვენების განვითარების რისკზე და პრევენციისათვის მისაღებ ზომებზე. შეეკითხეთ ექიმს, საჭიროა თუ არა ენდოსკოპიური პროცედურის გავლა ვარიკოზული ვენების სანახავად.

თუ თქვენ დაგისვეს საყლაპავის ვარიკოზული ვენების გაგანიერების დიაგნოზი, ექიმმა შესაძლოა მოგცეთ ინსტრუქცია, თუ რა ნიშნებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სისხლდენის რისკის შემთხვევაში. ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. თუ აღინიშნება სისხლიანი ნაღებინარი ან განავალი, აკრიფეთ 112 და მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო სერვისი.