საზარდულის თიაქარი

დაავადების აღწერა

საზარდულის თიაქარი ვითარდება როდესაც რბილი ქსოვილი – უმეტესად მუცლის ღრუს ამომფენი გარსის (ბადექონი) ნაწილი ან ნაწლავის ნაწილი – გამოდის მუცლის კუნთებს შორის არსებულ სუსტ წერტილში. ეს ტომრის მაგვარი გამობერილობა შეიძლება მტკივნეული იყოს, განსაკუთრებით ხველებისას, მოხრისას და მძიმე საგნის აწევისას.

საზარდულის თიაქარი თავიდან არ არის სერიოზული პრობლემა, თუმცა თუ სიტუაცია თავისით არ გამოსწორდა, მან შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს. ამის გამო ექიმი დიდი ალბათობით გირჩევთ ოპერაციის გაკეთებას თუ თიაქარი არის მტკივნეული ან მზარდი. საზარდულის თიაქრის შებრუნება გავრცელებული ქირურგიული ოპერაციაა.

გამომწვევი მიზეზი

ზოგიერთი საზარდულის თიაქარი უმიზეზოდ ვითარდება. სხვებს იწვევს:

  • მუცელში გაზრდილი წნევა
  • მუცლის კედელში არსებული სუსტი წერტილი
  • მუცელში გაზრდილი წნევის და მუცლის კედელში არსებული სუსტი წერტილის კომბინაცია
  • შარდვისას ან დეფეკაციისას გაჭინთვა
  • მძიმე საგნის აწევა
  • სითხის დაგროვება მუცელში (ასციტი)
  • ორსულობა
  • ჭარბი წონა
  • ქრონიკული ხველა ან ცემინება



ბევრ ადამიანში, მუცლის კედლის სისუსტე, რომელიც იწვევს საზარდულის თიაქარს, ვითარდება დაბადებისას მუცლის გარსის (პერიტონეუმი) არასწორი დახურვის შედეგად. სხვა საზარდულის თიაქრები ვითარდება ზრდასრულობის ასაკში და გამოწვეულია ასაკით, ჭარბი ფიზიკური აქტივობით და მწეველობასთან დაკავშირებული ხველებით.

კაცებში, სუსტი წერტილი ხშირად არის საზარდულის არხში იქ, სადაც სათესლე ბაგირაკი შედის სათესლე პარკში.ქალებში, საზარდულის არხში გადის იოგი, რომელიც აფიქსირებს საშვილოსნოს. თიაქარი ხანდახან ვითარდება საშვილოსნოს ქსოვილის ბოქვენის ძვლის გარშემო არსებულ ქსოვილთან დაკავშირების ადგილას.

უფრო ხშირია კაცებში

კაცებს საზარდულის თიაქრის უფრო დიდი რისკი აქვთ კაცების დაბადებამდე განვითარების თავისებურების გამო.

ბიჭებში, სათესლეები წარმოიქმნება მუცელში, ხოლო შემდეგ საზარდულის არხის გავლით ჩადის სათესლე პარკში. დაბადებიდან ცოტა ხანში, საზარდულის არხი თითქმის ბოლომდე იხურება და ტოვებს ადგილს, რომელიც საკმარისია სათესლე ბაგირაკისთვის მაგრამ ხელს უშლის სათესლეების მუცელში აბრუნებას. ხანდახან არხი ბოლომდე არ იხურება, რაც სუსტ წერტილს ტოვებს.

გოგოებში, ნაკლებია შანსი იმის, რომ საზარდულის არხი დაბადების შემდეგ არ დაიხურება.

მუცლის კედელში სისუსტე ზრდასრულობის ასაკშიც ვითარდება, განსაკუთრებით ტრავმის და მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ. იმისდა მიუხედავად გაქვთ თუ არა უკვე სისუსტე, თიაქარი მაინც შეიძლება განვითარდეს გაჭინთვის, მძიმე საგნის აწევის, ორსულობის ან ჭარბი წონის გამო.

სიმპტომები

ზოგიერთი საზარდულის თიაქარი არ იწვევს სიმპტომებს. თქვენ მისი არსებობის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ სანამ ექიმი შემთხვევით არ აღმოაჩენს მას. ზოგიერთი თიაქრის წარმოქმნილი ტომრის შეგრძნება ხელით შეუძლება. გამობურცულობა უფრო ადვილი შესამჩნევია გამართული დგომისას, განსაკუთრებით თუ ახველებთ ან იძაბებით.

საზარდულის თიაქრის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტომრის მსგავსი გამობერილობა ბოქვენის ძვალთან სხეულის ნებისმიერ მხარეს
  • გამობერილობის ადგილას წვა ან ტკივილი
  • საზარდულის არეში ტკივილი და დისკომფორტი, განსაკუთრებით მოხრისას, ხველებისას და საგნების აწევისას
  • სიმძიმის შეგრძნება საზარდულში
  • სისუსტე ან წნევა საზარდულში
  • იშვიათად, სათესლეების გარშემო შესიება და ტკივილი გამოსული ნაწლავის სათესლე პარკში ჩასვლის გამო



თქვენ წესით დაწოლილზე უნდა შეძლოთ თიაქრის უკან შებრუნება მუცელში. თუ ამას ვერ შეძლებთ, ყინულის დადება დაგეხმარებათ შეშუპების შემცირებაში, რის შემდეგაც თიაქარი უფრო მარტვიად შებრუნდება. მენჯის თავზე მაღლა წოლა აგრეთვე შეიძლება დაგეხმაროთ.

ჩაჭედილი თიაქარი

თუ თიაქარს ვერ აბრუნებთ შიგნით, ბადექონი ან ნაწლავის ნაწილი შეიძლება გაიჭედოს მუცლის კედელში. ჩაჭედილმა თიაქარმა შეიძლება შეუწყვიტოს ნაწლავს სისხლის მიმოქცევა. სისხლის მიმოქცევის აღსადგენად და თიაქრის ჩასაბრუნებლად საჭირო ხდება ოპერაციის ჩატარება. ჩაჭედილი თიაქარი მკურნალობის გარეშე შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

ჩაჭედილი თიაქრის ნიშნები და სიმპტომებია:

  • გულისრევა, პირღებინება ან ორივე
  • ტემპერატურის მომატება
  • ჩქარი გულისცემა
  • უეცარი ტკივილი, რომელიც სწრაფად ძლიერდება
  • ტომრის მსგავსი გამობერილობა, რომელიც ხდება წითელი, იასამნისფერი ან მუქი



ამ სიმპტომებიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაურეკეთ ექიმს.

ნიშნები და სიმპტომები ბავშვებში.

საზარდულის თიაქარი ახალშობილებში და ბავშვებში გამოწვეულია მუცლის კედლის თანდაყოლილი სისუსტით. ხანდახან თიაქარი შეიძლება შესამჩნევი იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვილი ტირის, ახველებს ან იჭინთება დეფეკაციის დროს. უფროს ბავშვში, თიაქარი უფრო შესამჩნევია ხველებისას, გაჭინთვისას და დიდი ხანი ფეხზე დგომისას.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ გამობერილობას ბოქვენის ძვალთან სხეულის ნებისმიერ მხარეს. ეს გამობერილობა უფრო შესამჩნევია ფეხზე დგომისას და მისი შეგრძნება ხელით შეიძლება. სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ თიაქარი გახდება წითელი, იასამნისფერი ან მუქი.