შაგასის დაავადება (ამერიკული ტრიპანოსომოზი)

დაავადების აღწერა

შაგასის დაავადება არის ანთებითი, ინფექციური ავადმყოფობა, რომელსაც იწვევს ტრიატომინის (რედუვიიდ) ბაღლინჯოს ფეკალიებში არსებული პარაზიტი. შაგასის დაავადება ხშირია სამხრეთ ამერიკაში, ცენტრალურ ამერიკასა და მექსიკაში, სადაც გადამტანი ბაღლინჯო ბინადრობს. იშვიათად, შაგასის დაავადება ფიქსირდება სამხრეთ აშშ–შიც.

შაგასის დაავადებას ამერიკულ ტრიპანოსომოზსაც უწოდებენ. დაავადება ვრცელდება ყველა ასაკის ადამიანში, მაგრამ უფრო ხშირად ბავშვებში. მკურნალობის გარეშე, დაავადება იწვევს მძიმე პრობლემებს გულსა და მომნელებელი სისტემის ორგანოებში.

შაგასის დაავადების მკურნალობა ფოკუსირებულია პარაზიტის განადგურებასა და სიმპტომების შემსუბუქებაზე, მოგვიანებით სტადიებში. არსებობს ინფექციის პრევენციის გზებიც.

გამომწვევი მიზეზი

შაგასის დაავადების გამომწვევი ორგანიზმი პარაზიტი ტრიპანოსომა კრუზია, რომელიც ადამიანებში ვრცელდება მწერის ნაკბენის საშუალებით. მწერები ინფიცირდებან ტრიპანოსომით, როცა სისხლს წოვენ ცხოველს, რომელიც იყო მანამდე ინფიცირებული ტრიპანოსომოზით.

ტრიატომინის ბაღლინჯო ძირითადად ბინადრობს ტალახში, ჭაობში მექსიკასა და ამერიკის სამხრეთ და ცენტრალურ კონტინენტზე. მწერი იმალება კედლებსა და სახურავებში დღის განმავლობაში, ხოლო ღამით ხშირად მძინარე ადამიანებს წოვს სისხლს.

ინფიცირებული მწერების ფეკალიებში გამოდის ტრიპანოსომა, რომელიც ადამიანის კანზე ხვდება. შემდეგ პარაზიტი სხეულში აღწევს თვალების, პირის ღრუს, კანზე არსებული ჭრილობის ან ბაღლინჯოს ნაკბენის მეშვეობით.

ნაკბენის მოქავება ეხმარება პარაზიტს ორგანიზმში შესასვლელად. როცა იგი ხვდება ორგანიზმში, მრავლდება და ვრცელდება.

ინფიცირების სხვა შესაძლო გზებია:

  • უმი ხორცი, რომელიც ინფიცირებულია ტრიპანოსომით
  • შაგასის დაავადების მქონე ქალის მიერ ბავშვის გაჩენა
  • სისხლის ტრანსფუზიის დროს ინფიცირებული სისხლის გადასხმა
  • ორგანოს ტრანსპლანტაცია
  • ლაბორატორიაში, შემთხვევითი კონტაქტით
  • ველურ ბუნებაში, ცხოველებთან კონტაქტით
  • ინფიცირებული შინაური ცხოველი

სიმპტომები

შაგასის დაავადება იწვევს უცაბედ, ხანმოკლე (მწვავე სტადიის) ავადმყოფობას, ან ქრონიკულ, ხანგრძლივ მდგომარეობას. სიმპტომები შესაძლოა იყოს მსუბუქი ან ძლიერი, თუმცა უმეტესად დაავადება უსიმპტომოა ქრონიკულ ეტაპამდე.

მწვავე ფაზა

მწვავე ფაზა გრძელდება რამდენიმე კვირას ან თვეს და ხშირად უსიმპტომოა. როცა ნიშნები და სიმპტომები აღინიშნება, ისინი ძირითადად მსუბუქადაა გამოხატული:

  • შესიება ინფიცირების ადგილას
  • სიცხე
  • დაღლილობა
  • გამონაყარი
  • ტკივილი სხეულში
  • ქუთუთოების შეშუპება
  • თავის ტკივილი
  • უმადობა
  • გულისრევა, დიარეა, ღებინება
  • შესიებული ჯირკვლები
  • ღვიძლის ან ელენთის გადიდება
  • მწვავე ფაზის სიმპტომები და ნიშნები ძირითადად თავად ქრება. მკურნალობის გარეშე, ინფექცია ხანგრძლივდება და ზოგჯერ გადადის ქრონიკულ ფაზაში.



ქრონიკული ფაზა
ქრონიკული ფაზის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა ინფიცირებიდან 10–20 წლის შემდეგ გამოვლინდეს, ან საერთოდ არ გამოვლინდეს. მძიმე შემთხვევებში, შაგასის დაავადების ქრონიკული სტადიის ნიშნებია:

  • არარეგულარული გულისცემა
  • გულის შეგუბებითი უკმარისობა
  • გულის უცაბედი გაჩერება
  • ყლაპვის გაძნელება საყლაპავის გაფართოების გამო
  • მუცლის ტკივილი და ყაბზობა ნაწლავის გაფართოების გამო

როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ იმოგზაურეთ შაგასის დაავადების რისკის მქონე ქვეყანაში და გაქვთ ასოცირებული სიმპტომები, როგორიცაა შესიება ინფიცირების ადგილას, სიცხე, დაღლილობა, სხეულის ტკივილი, გამონაყარი და გულისრევა.