შაკიკი
დაავადების აღწერა
შაკიკი იწვევს ძლიერ, პულსირებად, ბასრ თავის ტკივილს თავის ერთ რეგიონში და ხშირად ახლავს თან გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გაძლიერებული მგრძნობელობა როგორც სინათლეზე, ასევე ხმაურზე.
შაკიკის შეტევებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი, რომელიც გასტანს რამდენიმე საათს ან დღეს და იმდენად ძლიერია, რომ პაციენტი ბნელ, მშვიდ ადგილას ყოფნას ამჯობინებს.
ზოგიერთი ტიპის შაკიკს წინ უძღვის სენსორული სიმპტომების გამაფრთხილებელი გამოვლინება– აურა, როგორიცაა სინათლის გაელვება, მხედველობის დაქვეითება, ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში.
მედიკამენტები დაგეხმარებათ შაკიკის სიხშირისა და სიძლიერის შემცირებაში. თუ ადრე მკურნალობამ არ გიშველათ, ესაუბრეთ ექიმს სხვა ტიპის მედიკამენტის გამოყენების შესახებ. სწორი მედიკამენტური თერაპია და ცხოვრების სტილის ცვლილებები შესაძლოა დაგეხმაროთ შაკიკის უკეთ კონტროლში.
გამომწვევი მიზეზი
შაკიკის ზუსტი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოა გენეტიკური და გარემო–ფაქტორების გარკვეული როლი.
შაკიკს შესაძლოა იწვევდეს ცვლილებები ტვინის ღეროში და ამ ცვლილებების გავლენა სამწვერა ნერვზე, რომელიც ტკივილის გადაცემაშია ჩართული.
თავის ტვინის ქიმიური ნივთიერებების, მაგალითად სეროტონინის (არეგულირებს ტკივილის აღქმას ნერვულ სისტემაში) დისბალანსი შესაძლოა იყოს ჩართული შაკიკში. მკვლევარები აგრძელებენ სეროტონინის როლის დადგენაზე მუშაობას.
სეროტონინის დონე მცირდება შაკიკის შეტევის დროს. ამის გამო სამწვერა ნერვის სისტემაში გამოიყოფა ნივთიერება–ნეიროპეპტიდები, რომლებიც მიაღწევენ ტვინის გარეთა გარსებამდე, მენინგიალურ გარსებამდე. შედეგად, გრძნობთ თავის ტკივილს.
გამომწვევი მიზეზები
თავის ტკივილის ზუსტი მექანიზმი უცნობია, მაგრამ გარკვეული ფაქტორები იწვევენ შეტევის პროვოცირებას. ასეთი ფაქტორებია:
- ჰორმონალური ცვლილებები ქალებში. ესტროგენის დონეების ცვლილება იწვევს შაკიკის შეტევის განვითარებას იმ ქალებში, რომელთაც შაკიკი აქვთ. ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ შეტევები ხშირია მენსტრუალური ციკლის წინ ან მის შემდეგ მოკლე პერიოდში, როცა აღინიშნება ესტროგენის დონეების სწრაფი ვარდნა.
- ზოგიერთ ქალს აღენიშნება შეტევების შემცირება მენოპაუზის ან ორსულობის პერიოდის დროს.
- ჰორმონალური მედიკამენტები, როგორიცაა ორალური კონტრაცეპტივები ან ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია ასევე ასოცირებულია შაკიკის შეტევების გაძლიერებასთან. ზოგიერთი ქალი კი, პირიქით, აღნიშნავს სიმპტომების შემსუბუქებას.
- საკვები. დაძველებული ყველი, მარილიანი საკვები და პროცესირებული ხორცი შესაძლოა გახდეს შაკიკის მაპროვოცირებელი ფაქტორი. კვების გამოტოვება ან შიმშილი ასევე იწვევს შეტევებს.
- საკვების დანამატები. დამატკბობელი ასპარტამი ან კონსერვანტი მონოსოდიუმ გლუტამატი, რომელიც საკვების მრავალ ტიპშია, შესაძლოა გახდეს შეტევის მიზეზი.
- სასმელი. ალკოჰოლი, განსაკუთრებით ღვინო და კოფეინის შემცველი სასმელი იწვევს შეტევას.
- სტრესი. სამსახურეობრივი სტრესი ან ოჯახური კონფლიქტები შესაძლოა იწვევდეს შეტევას.
- სენსორული სტიმული. კაშკაშა სინათლე და მზის სხივები ზოგჯერ იწვევს შეტევას, ისევე, როგორც ხმაური. უცნაური სუნი, მათ შორის სუნამო, საღებავის გამათხელებელი, მეორეული კვამლი და სხვ. შესაძლოა გახდეს შეტევის მიზეზი ზოგიერთ ადამიანში.
- ძილ–ღვიძილის ტენდენციის ცვლილებები. უძილობა ან ზედმეტი ძილი შესაძლოა გახდეს შეტევის მიზეზი ზოგიერთ ადამიანში. მგზავრობის დროს დღე–ღამის არევაც ერთ–ერთი ფაქტორია.
- ფიზიკური ფაქტორები. ინტენსიური ფიზიკური გადაღლა, სქესობრივი აქტივობა და სხვ. შესაძლოა გახდეს შეტევის მიზეზი.
- გარემოს ცვლილებები. ამინდის ცვლილება ან წნევის ცვლილება შესაძლოა გახდეს შეტევის მაპროვოცირებელი ფაქტორი.
- მედიკამენტები. ორალური კონტრაცეპტივები და ვაზოდილატორები, როგორიცაა ნიტროგლიცერინი, ზოგჯერ იწვევს შეტევას.
სიმპტომები
შაკიკი ძირითადად ბავშვობაში, მოზარდობის ან მოზრდილობის ნაადრევ ასაკში იწყება. შაკიკს ზოგჯერ ოთხი სტადია აქვს– პროდრომი, აურა, თავის ტკივილი და პოსტდრომი. შესაძლოა პაციენტს არ ჰქონდეს ოთხივე სტადია.
პროდრომი
შაკიკის შეტევამდე 1–2 დღით ადრე, შესაძლოა შეამჩნიოთ მცირე სიმპტომები, რომლებიც იუწყებიან შეტევის მოახლოებაზე. ესენია:
- ყაბზობა
- დეპრესია
- გარკვეული საკვების მოთხოვნა
- ჰიპერაქტიურობა
- გაღიზიანება
- კისრის გაშეშება
- უკონტროლო მთქნარება
აურა
- აურა შესაძლოა განვითარდეს შეტევამდე ან შეტევის დროს. აურა ცენტრალური ნერვული სისტემიდან წამოსული სიმპტომებია, რომლებიც იწვევს მხედველობის ცვლილებებს, როგორიცაა სინათლის გაელვება. ზოგჯერ აურა ასევე იწვევს სენსორულ შეგრძნებებს, მოძრაობას ან მეტყველების ცვლილებებს. უმეტესად, შაკიკი აურის სიმპტომების გარეშე გვხვდება. ეს სიმპტომები ძირითადად თანდათანობით იწყება, ძლიერდება რამდენიმე წუთში და გასტანს 20–დან 60 წუთამდე. აურის სიმპტომები შესაძლოა იყოს:
- მხედველობითი ცვლილება, როგორიცაა გარკვეული ფორმების დანახვა, გაელვება
- მხედველობის დაკარგვა
- ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში
- მეტყველების ან ენის აღქმის პრობლემები– აფაზია
- უფრო იშვიათად, აურას თან ახლავს კიდურის სისუსტე– ჰემიპლეგიური შაკიკი
შეტევა
- მკურნალობის გარეშე, შაკიკის შეტევა გასტანს 4–დან 72 საათამდე, მაგრამ შეტევების სიხშირე და ხანგრძლივობა განსხვავებულია პაციენტებში. შესაძლოა გქონდეთ შაკიკის შეტევები თვეში რამდენჯერმე ან ბევრად უფრო იშვიათად. შეტევის დროს, პაციენტს აწუხებს შემდეგი სიმპტომები:
- თავის ტკივილი ცალ ან ორივე მხარეს
- პულსირებადი ან ბასრი ტკივილი
- მგრძნობელობა სინათლეზე, ხმაურსა და ზოგჯერ, სუნზეც
- გულისრევის შეგრძნება და ღებინება
- მხედველობის დაბინდვა
- თავბრუსხვევა, ზოგჯერ გონების დაკარგვაც
პოსტდრომი
ფინალური ფაზა, პოსტდრომი, გვხვდება შეტევის შემდგომ. ამ პერიოდში პაციენტი თავს გადაღლილად, დაქანცულად გრძნობს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება მცირე ეიფორიაც.
როდის მივმართოთ ექიმს
შაკიკი ხშირად ვერ დიაგნოსტირდება და არ ტარდება შესაბამისი მკურნალობა. თუ გაქვთ რეგულარული ტკივილი, რომლის ნიშნები და სიმპტომები ემთხვევა შაკიკის შეტევას, აუცილებლად ჩაიწერეთ, რას გრძნობთ, რამდენად ხშირია შეტევა და როგორ გიყუჩდებათ ტკივილი. შემდეგ დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან.
თუ გაქვთ ხოლმე თავის ტკივილი და უეცრად შეიცვალა სიმპტომები და მახასიათებლები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გაქვთ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომები,რაც სხვა, უფრო მძიმე მდგომარეობებთან ასოცირდება. ესენია:
- უეცარი, ძლიერი თავის ტკივილი
- თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს კისრის გაშეშება, ცხელება, გულყრა, მხედველობის გაორება, სისუსტე, მგრძნობელობის დაკარგვა, მეტყველების გაძნელება
- თავის ტკივილი ტრავმის შემდეგ, განსაკუთრებით თუ ტკივილი ძლიერდება
- ქრონიკული ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველების, დატვირთვის, დაძაბვის ან სწრაფი მოძრაობის გამო
- თავის ტკივილის გაჩენა 50 წლის ან მეტის ასაკში