შაკიკი აურით
დაავადების აღწერა
შაკიკის შეტევა აურით ნიშნავს თავის ტკივილის შეტევას, რომელსაც წინ უძღვოდა “გამაფრთხილებელი” სენსორული შეგრძნებები, როგორიცაა სინათლის გაელვება, მხედველობის დაქვეითება, ჩხვლეტის შეგრძნება ხელებში ან სახეზე.
შაკიკი აურით ძირითადად იმავე მკურნალობას ექვემდებარება, როგორსაც ჩვეულებრივი შაკიკი. გამოიყენება იგივე მედიკამენტები და რჩევები, რომლებიც აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის პრევენციის დროს.
გამომწვევი მიზეზი
აურით მიმდინარე შაკიკის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ მხედველობითი აურა ელექტრული ან ქიმიური ტალღების შედეგია, რომელიც ტვინის ერთ ნაწილში გაიელვებს და შეეხება მხედველობის ქერქს. როცა ტალღა ვრცელდება, შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობითი ჰალუცინაციებიც.
შაკიკი, აურით ან აურის გარეშე, იმავე მაპროვოცირებელი ფაქტორებით ხასიათდება. ესენია: სტრესი, კაშკაშა სინათლე, უძილობა ან ზედმეტი ძილი, მენსტრუალური ციკლი.
სიმპტომები
აურით მიმდინარე შაკიკის სიმპტომებია დროებითი მხედველობითი ან სენსორული ცვლილებები, რომლებიც ტიპიურად წინ უსწრებს თავის ტკივილის შეტევას– ძლიერ ტკივილს, გულისრევას, მგრძნობელობის გაძლიერებას სინათლესა და ხმაურზე. შაკიკის აურა იწყება ტკივილამდე ერთი საათით ადრე და ძირითადად ერთ საათზე ნაკლებს გრძელდება. ზოგჯერ შაკიკს მხოლოდ მსუბუქი ტკივილი ახლავს, განსაკუთრებით 50 წლის ან მეტის ასაკში.
მხედველობითი სიმპტომები
აურით მიმდინარე შაკიკით დაავადებულთა უმრავლესობას აღენიშნება ჩამოთვლილი ნიშნები და სიმპტომები:
- მხედველობის დაქვეითება გარკვეულ წერტილებში, სხვადასხვა ფორმებით
- დაკლაკნილი ხაზების დანახვა
- მანათობელი წერტილები, ვარსკვლავისებრი ფორმები
- მხედველობის ცვლილებები
- სინათლის გაელვება
ამ ტიპის ცვლილებები იწყება მხედველობითი სივრცის ცენტრში და შემდეგ ვრცელდება გარეთა ნაწილებშიც.
სხვა ცვლილებები
სხვა დროებითი ცვლილებებია:
- დაბუჟება, ძირითადად ხელში ან სახეზე
- მეტყველების ან ენის აღქმის პრობლემები
- კუნთის სისუსტე
როდის მივმართოთ ექიმს
თუ გაქვთ აურით მიმდინარე
შაკიკის ნიშნები ან სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დროებითი დაქვეითება, კლაკნილი ხაზების დანახვა, გაელვებები, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, რათა გამოირიცხოს სხვა, უფრო გადაუდებელი მდგომარეობები, როგორიცაა ბადურის ჩამოშლა ან ინსულტი. როცა ეს დაავადებები გამოირიცხება, შაკიკის მომავალი შეტევების დროს ექიმი გეტყვით რა უნდა მოიმოქმედოთ.