შარდის ფერი

დაავადების აღწერა

შარდის ფერი ნორმაში მკრთალი ყვითლიდან ქარვისფრამდე მერყეობს. შარდის ფერს განაპირობებს მისი პიგმენტი უროქრომი და შარდის განზავება.

ზოგიერთ საკვებში და მედიკამენტში შემავალ პიგმენტს და სხვა ნივთიერებებს შეუძლიათ შეცვალონ შარდის ფერი. ჭარხალი, კენკრა და ლობიო ხშირად ცვლის შარდის ფერს. ბევრი მედიკამენტი აძლევს შარდს ცოცხალ ფერს, მაგალითად მალინისფერს, ყვითელს ან მომწვანო ლურჯს.

შარდის უჩვეულო ფერი შეიძლება დაავადების ნიშანი იყოს. მაგალითად, მუქი წითელი ან ყავისფერი შარდი ერითროციტების თანდაყოლილი პათოლოგიის, პორფირიის ნიშანია.

გამომწვევი მიზეზი

შარდის ფერის შეცვლას ხშირად იწვევს მედიკამენტები, საკვები და საკვების საღებავები. ზოგიერთ შემთხვევაში შარდის ფერის ცვლილება ჯანმრთელობის პრობლემითაა გამოწვეული.

წითელი ან ვარდისფერი შარდი

წითელი შარდი ყოველთვის სერიოზულ პრობლემაზე არ მიუთითებს. წითელი ან ვარდისფერი შარდის მიზეზებია:

  • სისხლი. შარდში სისხლის (ჰემატურია) გამომწვევებია საშარდე გზების ინფექციები, გადიდებული პროსტატა, სიმსივნეები, თირკმლის კისტები, დიდ მანძილზე სირბილი და თირკმლის ან შარდის ბუშტის კენჭები.
  • საკვები. ჭარხალი, კენკრა და პარკოსნები იწვევენ შარდის წითელ და ვარდისფერ შეფერილობას.
  • მედიკამენტები. რიპამფინი, რომელიც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკია, შარდს ხდის მოწითალო-ფორთოხლისფერს. ამ შეფერილობას აგრეთვე იწვევს ფენაზოპირიდინი და ზოგიერთი ლაქსატივი.



ფორთოხლისფერი შარდი

ფორთოხლისფერ შარდს იწვევს:

  • სამედიცინო მდგომარეობები. ზოგიერთ შემთხვევაში ფორთოხლისფერი შარდი დაკავშირებულია ღვიძლის დაზიანებასთან. სხვა შემთხვევებში იგი შეიძლება გამოწვეული იყოს გაუწყლოებით, რის გამოც ხდება შარდის კონცენტრირება.



მწვანე ან ლურჯი შარდი

მწვანე ან ლურჯს შარდს იწვევს:

  • საღებავები. ზოგიერთი საკვების საღებავი იწვევს მწვანე შარდს. თირკმლის და შარდის ბუშტის ანალიზის დროს გამოყენებული ზოგიერთი საღებავი აგრეთვე ხდის შარდს ლურჯს.
  • მედიკამენტები. მრავალი მედიკამენტი იწვევს ლურჯ ან მწვანე შარდს, მათ შორისაა ამიტრიფტილინი, ინტომეტაცინი და პროპოფოლი.
  • სამედიცინო მდგომარეობები. კეთილთვისებიანი ოჯახური ჰიპერკალცემია არის იშვიათი თანდაყოლილი დაავადება, რომლის დროსაც შარდს ლურჯი შეფერილობა აქვს. მწვანე შარდი გვხვდება ფსევდომონას ბაქტერიით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციების დროს.



მუქი ყავისფერი ან კოკა-კოლასფერი შარდი

ყავისფერ შარდს იწვევს:

  • საკვები. დიდი რაოდენობით პარკოსნების და ალოეს მიღება იწვევს მუქ ყავისფერ შარდს.
  • მედიკამენტები. მრავალი მედიკამენტი ამუქებს შარდს, მათ შორის ანტიმალარიული მედიკამენტები ქლოროქვინი და პრიმაქვინი, ანტიბიოტიკები მეტრონიდაზოლი და ნიტროფურანტიონი, ზოგიერთი ლაქსატივი და კუნთების მომადუნებელი მეთოკარბამოლი.
  • სამედიცინო მდგომარეობები. ზოგიერთი ღვიძლის და თირკმლის პათოლოგიის და საშარდე გზების ინფექციის დროს გვხვდება მუქი ყავისფერი შარდი.
  • ვარჯიში. გადამეტებული ვარჯიშის შედეგად განვითარებული კუნთების დაზიანება იწვევს ვარდისფერ ან კოკაკოლასფერ შარდს და თირკმლის დაზიანებას.



მღვრიე ან ქაფიანი შარდი

ზოგიერთი საშარდე გზების ინფექცია და თირკმლის კენჭები იწვევენ შარდის მღვრიე ან ქაფიან შესახედაობას.

სიმპტომები

შარდის ფერი ნორმაში ცვალებადია და დამოკიდებულია წყლის მიღებაზე. სითხეები აზავებენ შარდის ყვითლ პიგმენტებს, ამიტომ რაც უფრო მეტ წყალს სვამთ, მით უფრო გამჭირვალეა შარდი. ნაკლები წყლის მიღებისას შარდი უფრო კონცენტრირებული ხდება. მძიმე გაუწყლოების დროს შარდი შეიძლება ქარვისფერი იიყოს.

ხანდახან შარდის ფერი შეიძლება იმდენად შეიცვალოს, რომ გახდეს წითელი, ლურჯი, მწვანე, მუქი ყავისფერი და თეთრი.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ:

  • შარდში გაქვთ სისხლი. სისხლიანი შარდი ხშირია თირკმლის კენჭების და საშარდე გზების ინფექციის დროს. ორივე ეს პრობლემა იწვევს ტკივილს. უმტკივნეულო სისხლდენა შეიძლება უფრო სერიოზული მდგომარეობის, მაგალითად სიმსივნის ნიშანი იყოს.
  • მუქი ან ფორთოხლისფერი შარდი. შარდის მუქი ან ფორთოხლისფერი შეფერილობა, განსაკუთრებით თუ თან ერთვის უფერული განავალი და თვალებისა და კანის შეყვითლება, შეიძლება ღვიძლის ფუნქციის მოშლის მიმანიშნებელი იყოს.