შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება

დაავადების აღწერა

შერეული შემართებელქსოვილოვანი დაავადება ხასიათდება ნიშნებითა და სიმპტომებით, რომლებიც წარმოადგენს ერთგვარ კომბინაციას სხვა დაავადებების დროს არსებული სიმპტომებისა, როგორიცაა მგლურა, სკლეროდერმა და პოლიმიოზიტი. ამის გამო, ამ დაავადებას ხშირად “საერთო” დაავადებასაც უწოდებენ.

შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადების დროს, სხვადასხვა დაავადების სიმპტომები ერთდროულად არ ჩნდება. სიმპტომები თანდათანობით, ეპიზოდურად ვლინება წლების განმავლობაში, რაც ძალიან ართულებს დიაგნოსტიკის პროცესს.

ადრეული ნიშნები და სიმპტომები ხშირად ხელებზე ვლინდება. აღსანიშნავია თითების შესიება, თითის წვერების გათეთრება და მგრძნობელობის დაკარგვა. მოგვიანებით ფაზებში, ზოგიერთი ორგანო, როგორიცაა ფილტვი, გული და თირკმელი შესაძლოა დაზიანდეს.

არ არსებობს შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადების განკურნების მეთოდი. ნიშნები და სიმპტომები კონტროლდება მედიკამენტებით, მაგალითად პრედნიზოლონით.

გამომწვევი მიზეზი

შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია.

შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება აუტოიმუნური დაავადებაა. აუტოიმუნური დაავადებების დროს, იმუნური სისტემა, რომელიც ნორმაში დაავადებას ან უცხო მიკროორგანიზმებს ებრძვის, შეცდომით აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს.

შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებების დროს, იმუნური სისტემა ებრძვის ბოჭკოებს, რომლებიც ასრულებენ ორგანოების ადგილზე დაფიქსირებისა და ნორმალური მოძრაობის ფუნქციას. მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, რომელი ცილებით ებრძვის იმუნური სისტემა ორგანიზმს ამ დროს.

შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადების მქონე ზოგიერთ ადამიანს აქვს ამ დაავადების სხვა შემთხვევაც ოჯახში. გენეტიკის როლი ჯერ დადგენილი არ არის.

სიმპტომები

შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადების ადრეული ნიშნებია:

  • ზოგადი შეგრძნება, რომ თავს კარგად ვერ გრძნობთ. ამ შეგრძნებას თან ახლავს დაღლილობა და მცირე ცხელებაც
  • ცივი, მგრძნობელობადაკარგული ხელის და ფეხის თითები– რეინოს ფენომენი. სიცივის ან სტრესის დროს, თითები თეთრდება ან ლურჯდება. გათბობის შემდეგ, თითები წითელ ფერს იძენს.
  • თითების ან ხელების შესიება. ზოგიერთ პაციენტს იმდენად უსივდება თითები, რომ ამას სოსისისმაგვარი თითებით აღწერენ.
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი. სახსარი შეიძლება დეფორმირდეს, როგორც ეს ხდება რევმატოიდული ართრიტის დროს.
  • გამონაყარი. წითეილი ან მოწითალო–მოყავისფრო ლაქები შეიძლება გაჩნდეს თითებზე.


როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით თუ უკვე გაქვთ მგლურას ან სხვა შემაერთებელქსოვილოვანი დაავადების დიაგნოზი.