შეშუპება

დაავადების აღწერა

შეშუპებას იწვევს სხეულის ქსოვილებში ჭარბი სითხის დაგროვება. მიუხედავად იმისა, რომ შეშუპება ორგანიზმის ნებისმიერ წერტილში შეიძლება განვითარდეს, იგი ძირითადად გვხვდება ხელის მტევნებზე, მკლავებზე, ტერფებზე, კოჭებსა და ქვედა კიდურებზე.

შეშუპებას იწვევს მედიკამენტები, ორსულობა ან რაიმე დაავადება- ხშირად გულის უკმარისობა, თირკმლის დაავადება ან ღვიძლის ციროზი.

შეშუპებას, როგორც წესი, ხსნის მედიკამენტური გზით ჭარბი სითხის მოშორება და მარილის მიღების შემცირება. თუ შეშუპება გამოწვეულია კონკრეტული დაავადებით, აუცილებელია თავად დაავადების მკურნალობა პირველ რიგში.

გამომწვევი მიზეზი

შეშუპება ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში არსებული მცირე ზომის სისხლძარღვებიდან(კაპილარები) იჟონება სითხე. სითხე გროვდება გარშემო მყოფ ქსოვილებში, რაც იწვევს შესიებას.

შეშუპების მსუბუქი შემთხვევების მიზეზები:

  • ერთ პოზიციაში ჯდომა ხანგრძლივად
  • მარილიანი საკვების ჭარბი რაოდენობით მიღება
  • პრემენსტრუალური სიმპტომები
  • ორსულობა



შეშუპება ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენაა. ასეთი მედიკამენტებია:

  • სისხლის მაღალი წნევის წამლები
  • არასტეროიდული ანტი-ანთებითი საშუალებები
  • სტეროიდები
  • ესტროგენები
  • დიაბეტის მედიკამენტები, რომლებსაც თიაზოლიდინედიონებს უწოდებენ.



ზოგიერთ შემთხვევაში, შეშუპება სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებს. შეშუპების გამომწვევი დაავადებები და მდგომარეობები:

  • გულის შეგუბებითი უკმარისობა. როდესაც გულის ერთ ან ორივე ქვედა საკანს არ შეუძლიათ სისხლის სათანადოდ გადატყორცნა, როგორც გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს, სისხლი შესაძლოა დაყოვნდეს ქვედა კიდურების, კოჭებისა და ტერფების არეში და განვითარდეს შეშუპება. გულის უკმარისობა აგრეთვე იწეფვს შეშუპებას მუცლის არეში. ზოგჯერ ეს მდგომარეობა განაპირობებს ფილტვებში სისხლის დაგროვებას, რის შედეგადაც ვითარდება სუნთქვის უკმარისობა.
  • ციროზი. სითხე შესაძლოა დაგროვდეს მუცლის ღრუში(ასციტი) და ქვედა კიდურებში ღვიძლის დაზიანების(ციროზი) გამო.
  • თირკმლის დაავადება. თირკმლის დაავადების დროს, ჭარბმა სითხემ და ნატრიუმმა სისხლის მიმოქცევაში შესაძლოა გამოიწვიოს შეშუპება. თირკმლისმერი შეშუპება, ძირითადად, ვლინდება ქვედა კიდურების არეში და თვალების გარშემო.
  • თირმკლის დაზიანება. თირკმლის მცირე ზომის, მფილტრავი კაპილარების დაზიანება იწვევს ნეფროტულ სინდრომს. ნეფროტული სინდრომის დროს, ცილის(ალბუმინი) შემცველობის დაქვეითებამ სისხლში შესაძლოა გამოიწვიოს სითხის დაგროვება და შეშუპება.
  • ქვედა კიდურებში ვენების სისუსტე ან დაზიანება. ვენების ქრონიკული უკმარისობის დროს, ქვედა კიდურებში არსებული ვენების სარქველები სუსტდება ან ზიანდება, რის შედეგადაც სისხლი ჩერდება ვენებში და იწვევს შესუპებას. ქვედა კიდურის უცაბედი შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ტკივილი წვივის არეში შესაძლოა გამოწვეული იყოს ქვედა კიდურებში მოხვედრილი სისხლის კოლტით. ამ შემთხვევაში აუცილებლად მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება.
  • არასათანადო ლიმფური სისტემა. ორგანიზმის ლიმფური სისტემა მონაწილეობს ქსოვილებიდან ჭარბი სითხის გამოდევნაში. თუ ეს სისტემა დაზიანდა, მაგალითად კიბოს ქირურგიული ამოკვეთის დროს, ლიმფურმა კვანძებმა და სისხლძარღვება შესაძლოა ვეღარ მოახდინონ სათანადო გაწოვა ჭარბი სითხისა, რის შედეგადაც ყალიბდება შეშუპება.

სიმპტომები

შეშუპების სიმპტომები:

  • კანქვეშ არსებული ქსოვილის შესიება
  • პრიალა ან გადაჭიმული კანი
  • კანი, რომელიც რამოდენიმე წამის განმავლობაში თითის დაჭერის შემთხვევაში ინარჩუნებს ჩაღრმავებას თითის აღების შემდგომ
  • მუცლის ზომაში გაზრდა
  • როდის მივმართოთ ექიმს



დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ აღინიშნება შესიება, გადაჭიმული ან პრიალა კანი, ან იმ შემთხვევაში, თუ დაწოლის შემდეგ კანი ჩაღრმავებას ინარჩუნებს. მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ აღინიშნება:

  • სუნთქვის უკმარისობა
  • სუნთქვის გაძნელება
  • ტკივილი მკერდის არეში



ეს სიმპტომები შესაძლოა ფილტვის შეშუპებაზე მიუთითებდნენ. ამ მდგომარეობას სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება.

თუ თქვენ მოგიწიათ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა, როგორც ხანგრძლივი ფრენის დროს, და გაგივითარდათ შესიება და ტკივილი ფეხის არეში, რომელმაც არ გაიარა, მიმართეთ ექიმს. ქვედა კიდურის ძლიერი ტკივილი და შესიება შესაძლოა მიუთითებდეს ღრმა ვენებში სისხლის კოლტის ჩამოყალიბებაზე.