შესიებული ლიმფური კვანძები

დაავადების აღწერა

შესიებული ლიმფური კვანძები ვითარდება ბაქტერიებისა და ვირუსების გამო. როდესაც ლიმფური კვანძების შესიება გამოწვეულია ინფექციით, მას ლიმფადენიტი ეწოდება. იშვიათად, ლიმფური კვანძების შესიებას იწვევს სიმსივნე.

თქვენი ლიმფური კვანძები (ჯირკვლები) მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის ვირუსებთან, ბაქტერიებთან და სხვა დაავადებების გამომწვევებთან ბრძოლაში. ლიმფური კვანძების შესიება ხშირად შესამჩნევნია კისერში, ნიკაპის ქვეშ, იღლიებში და საზარდულში.

ზოგიერთ შემთხვევაში, მოცდა და თბილი კომპრესების დადება საკმარისია ლიმფური კვანძების შესიების სამკურნალოდ. ლიმფადენიტის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევზე.

გამომწვევი მიზეზი

ლიმფური კვანძი არის პატარა, მრგვალი ან ლობიოს ფორმის უჯრედების გროვა, რომელიც დაფარულია შემართებელქსოვილოვანი კაფსულით. ეს უჯრედები არის ლიმფოციტების (შემოჭრილი აგენტების საწინააღმდეგოდ გამოიმუშავებს ცილას) და მაკროფაგების (შთანთქავს და შლის ნაწილაკებს) ერთობლიობა. ლიმფოციტები და მაკროფაგები ფილტრავენ ლიმფურ სითხეს და იცავენ ორგანიზმს უცხო აგენტებისგან.

ლიმფური კვანძები ჯგუფურადაა განთავსებული, თითოეული ჯგუფი კი სხეულის გარკვეულ ნაწილს ფილტრავს. შესიება უფრო შესამჩნევია ისეთ ადგილებში, როგორებიცაა კისერი, ნიკაპის ქვეშ, იღლიები და საზარდული. შესიებული ლიმფური კვანძების ადგილმდებარეობა შეიძლება მიგვანიშნებდეს გამომწვევ მიზეზზე.

ლიმფური კვანძების შესიების ყველაზე ხშირი მიზეზია ინფექცია, განსაკუთრებით ვირუსული, მაგალითად გრიპი. არსებობს სხვა ტიპის ინფექციებიც, მაგალითად პარაზიტული ან ბაქტერიული, რომლებიც იწვევენ ლიმფური კვანძების შესიებას. ესენია:

გავრცელებული ინფექციები

  • სტრეპტოკოკული ფარინგიტი
  • წითელა
  • ყურის ინფექციები
  • კბილის ინფექცია (აბსცესი)
  • მონონუკლეოზი
  • კანის ინფექციები, მაგალითად ცელულუტი ან ერიზიპელა
  • ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი (აივ), რაც იწვევს შიდსს



იშვიათი ინფექციები

  • ტუბერკულოზი
  • ზოგიერთი სექსობრივად გადამდები დაავადება, მაგალითად სიფილისი
  • ტოქსოპლაზმოზი – პარაზიტული ინფექცია, რომელიც ვითარდება დაინფიცირებული კატის განავალთან კონტაქტის ან თერმულად დაუმუშავებელი ხორცის ჭამის შედეგად
  • კატის ნაფხაჭნის ავადმყოფობა – ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ვითარდება კატის ნაპხაჭნის ან კბენის შედეგად



იმუნური სისტემის პათოლოგიები

  • მგლურა – ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება სახსრები, კანი, თირკმლები, სისხლის უკრედები, გული და ფილტვები
  • რევმატოიდული ართრიტი – ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება სახსრების ამომფენი ქსოვილი



სიმსივნეები

  • ლიმფომა – ლიმფურ სისტემაში აღმოცენებული სიმსივნე
  • ლეიკემია – სისხლის წარმომქმნელი ქსოვილების, მათ შორის ძვლის ტვინის და ლიმფური სისტემის სიმსივნე
  • სხვა სიმსივნეები, რომლების მეტასტაზებიც ლიმფურ კვანძებში განვითარდნენ
  • სხვა შესაძლო, თუმცა უფრო იშვიათი მიზეზებია ზოგიერთი მედიკამენტი, განსაკუთრებით გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტი ფენიტოინი და მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი.

სიმპტომები

თქვენი ლიმფური სისტემა წარმოდგენილია ორგანოებით, სისხლძარღვებით და მრავალი ლიმფური კვანძით. ლიმფური კვანძების უმეტესობა თავის და კისრის არეშია. ლიმფური კვანძების შესიება ხშირია ამ არეში, იღლიებში და საზარდულში. 

ლიმფური კვანძების შესიება ორგანიზმში პათოლოგიის მიმანიშნებელია. ლიმფური კვანძების შესიებისას პირველად შეამჩნევთ:

  • მგრძნობიარე და მტკივნეულ ლიმფურ კვანძებს
  • შესიებული ლიმფური კვანძები შეიძლება მუხუდოს ან ლობიოს მარცვლის ზომის იყოს



ლიმფური კვანძების შესიების მიზეზიდან გამომდინარე აგრეთვე შეიძლება გქონდეთ შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • სურდო, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მომატება და ზემო სასუნთქი გზების ინფექციის სხვა ნიშნები
  • ლიმფური კვანძების შეშუპება მთელ სხეულში, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ინფექციაზე (აივ, მონონუკლეოზი) ან იმუნურ პათოლოგიაზე (მგლურა, რევმატოიდული ართრიტი)
  • შეშუპებული კიდური, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ღრმა ლიმფურ კვანძში განვითარებული შეშუპების შედეგად ლიმფური სისტემის დახშობაზე
  • გამაგრებული, ფიქსირებული, სწრაფად მზარდი კვანძები, რაც მიუთითებს სიმსივნეზე
  • ტემპერატურის მომატება
  • ღამის ოფლიანობა



როდის მივმართოთ ექიმს

ლიმფური კვანძების შესიება ქრება როდესაც გამომწვევი მიზეზის მკურნალობა ხდება. მიმართეთ ექიმს, თუ შესიებული ლიმფური კვანძები:

  • უმიზეზიდ გაჩნდა
  • ზომაში იზრდება ან 2-4 კვირის განმავლობაში არ ქრება
  • გამაგრებულია ან არ მოძრაობენ ზეწოლისას
  • თან ერთვის ტემპერატურის ხანგრძლივი მომატება, ღამის ოფლიანობა ან უმიზეზო წონაში კლება
  • თან ერთვის ყელის ტკივილი და ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება