შფოთვა

დაავადების აღწერა

შფოთვა ზოგჯერ ცხოვრების ნორმალური ნაწილია, თუმცა ადამიანები, რომლებსაც შფოთვითი აშლილობები აქვთ განიცდიან ინტენსიურ, განმეორებით შფოთვით შეტევებს, შიშებსა და ნერვიულობას ყოველდღიურ სიტუაციებში. ზოგჯერ, შფოთვითი აშლილობა გამოიხატება ინტენსიური შეტევებით–პანიკური შეტევებით, რომლის დროსაც შიში და შფოთვა პიკს აღწევს რამდენიმე წუთში.

შფოთვისა და პანიკის შეგრძნება ხელისშემშლელია ნორმალურ აქტივობებში, რთულად კონტროლდება და არ შეესაბამება რეალურ საფრთხესა და მიზეზს. სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ბავშვობაში, თინეიჯერულ ასაკში და გაგრძელდეს მოზრდილობაშიც.

შფოთვითი აშლილობების მაგალითებია სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია), სპეციფიკური ფობიები და სეპარაციული შფოთვის აშლილობა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ერთზე მეტი ტიპის დარღვევაც.

ზოგჯერ შფოთვა სამედიცინო ეტიოლოგიისაა და საჭიროებს მკურნალობას. რა სახის შფოთვაც არ უნდა გქონდეთ, მკურნალობა დაგეხმარებათ.

გამომწვევი მიზეზი

როგორც სხვა ფსიქიატრიულ დარღვევებს, შფოთვით აშლილობას ცნობილი ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ აქვს. ტრავმული ცხოვრებისეული გამოცდილებები მოქმედებენ იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე მიდრეკილნი არიან შფოთვის განვითარებისაკენ. მემკვიდრეობითი ფაქტორებიც შესაძლოა თამაშობდეს გარკვეულ როლს.

სამედიცინო მიზეზები
ზოგიერთ პაციენტში, შფოთვას სხვა სამედიცინო დარღვევა იწვევს. ზოგჯერ ეს დაავადების პირველი ნიშანიც კია. თუ ექიმი ჩათვლის, რომ თქვენს შფოთვას შესაძლოა იწვევდეს სხვა პრობლემა, შეიძლება ჩაგიტაროთ ტესტები ამ პრობლემის სადიაგნოსტიკოდ.
სამედიცინო მიზეზების მაგალითებია:

  • გულსისხლძარღვთა დაავადება
  • დიაბეტი
  • ფარისებრის პრობლემები, როგორიცაა ჰიპო ან ჰიპერთიროიდიზმი
  • ასთმა
  • ნარკოტიკების გამოყენება ან აბსტინენცია
  • ალკოჰოლის, ანტიფსიქოტური მედიკამენტების ან სხვა პრეპარატების გამოყენების შეწყვეტა
  • ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი
  • იშვიათი სიმსივნეები, რომლებიც წარმოქმნიან ადრენერგულ, სტრეს ჰორმონებს
  • პრემენსტრუალური სინდრომი
  • ზოგჯერ შფოთვა გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტია. 


უფრო სავარაუდოა, რომ შფოთვა უკავშირდება სხვა სამედიცინო მიზეზს, თუ:

  • არ გყავთ ახლო ნათესავები (მშობლები, დედმამიშვილი) შფოთვითი აშლილობით
  • არ გქონიათ შფოთვითი აშლილობა ბავშვობაში
  • არ არიდებთ თავს გარკვეულ სიტუაციებს შფოთვის გამო
  • შფოთვა გეწყებათ სწრაფად, არ არის კავშირში რაიმე ცხოვრებისეულ მოვლენასთან და მანამდე არასდროს გქონიათ მსგავსი შემთხვევა

სიმპტომები

შფოთვის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ნერვიულობა
  • უმოქმედობის შეგრძნება
  • საფრთხის შიში, პანიკა
  • სწრაფი გულისცემა
  • სწრაფი სუნთქვა (ჰიპერვენტილაცია)
  • ოფლიანობა
  • კანკალი
  • სისუსტე, დაღლილობა
  • სხვა რამეზე ფიქრის გადატანის უუნარობა



არსებობს შფოთვითი აშლილობის რამდენიმე ტიპი:

  • სეპარაციული აშლილობა გვხვდება ბავშვებში. ეს აშლილობა გამოწვეულია მშობლებთან ან სხვა ადამიანებთან დაშორებით, რაც არ შეესაბამება ბავშვის განვითარების დონეს.
  • სელექციური მუტიზმის დროს ადამიანს არ შეუძლია საუბარი გარკვეულ სიტუაციებში, როგორიცაა სკოლა, მაგრამ ამავდროულად ნორმალურად საუბრობს სახლში ან ოჯახის წევრებთან. ეს ხელს უშლის სკოლაში, სამსახურში და სოციალურ წრეებში ნორმალურ აქტივობებს.
  • სპეციფიკური ფობიები ხასიათდება შფოთვით, რომელიც გამოწვეულია კონკრეტული საგნის ან სიტუაციის მიერ. ფობიების დროს ზოგჯერ აქვთ პანიკის შეტევაც.
  • სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია) გულისხმობს შფოთვის წარმოშობას სოციალურ პირობებში, სირცხვილს, სხვების მიერ განსჯის შიშს. ამ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ სხვები მასზე უარყოფითად ფიქრობენ.
  • პანიკური აშლილობა მოიცავს პანიკური შეტევების განმეორებით ეპიზოდებს. პანიკური შეტევის დროს განიცდიან ძლიერ შფოთვას, შიშსა და ტერორს, რომელიც პიკს აღწევს რამდენიმე წუთში. შეიძლება გქონდეთ სუნთქვის უკმარისობა, გულის ფრიალი და ტკივილი გულმკერდის არეში.
  • აგორაფობიის დროს შფოთვას წარმოქმნის გარკვეული ადგილების, სიტუაციების თავიდან არიდების ძლიერი სურვილი. ასეთ ადგილებში ადამიანი უსუსურად გრძნობს თავს, პანიკა ეწყება და კონტროლს კარგავს.
  • გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანს აქვს პერსისტენტული, მოჭარბებული შფოთვა და ნერვიულობა თუნდაც ჩვეულებრივი, ყოველდღიური აქტივობების შესრულების დროს. ნერვიულობის ხარისხი არაადეკვატურია რეალურ მიზეზთან მიმართებაში. ეს აშლილობა ხშირად გვხვდება სხვა ტიპის დარღვევებთან ან დეპრესიასთან ერთად.
  • ნარკოტიკებით გამოწვეული შფოთვითი აშლილობა ხასიათდება მედიკამენტების ან ნარკოტიკების მიღების შემდეგ შფოთვისა და პანიკური შეტევების დაწყებით. ეს შესაძლოა ტოქსიური ნივთიერებების გამო ან რაიმე მედიკამენტის/ნარკოტიკის აბსტინენციის გამოც მოხდეს.
  • შფოთვითი აშლილობა ზოგჯერ სხვა სამედიცინო დარღვევითაა გამოწვეული. ამ დროს პანიკური შეტევები და შფოთვა პირდაპირ უკავშირდება სხვა, ფიზიკურ პრობლემას.
  • ასევე არსებობს არაკლასიფიცირებული შფოთვითი აშლილობები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ სხვა დაავადების კრიტერიუმებს თუმცა იწვევენ საკმაოდ მძიმე კლინიკურ სიმპტომებს.



როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ფიქრობთ, რომ ზედმეტად ნერვიულობთ და ეს ხელს გიშლით სამსახურში, ურთიერთობებსა და სხვა სიტუაციებში
  • თქვენი შიში, შფოთვა ან ნერვიულობა გაწუხებთ
  • გაქვთ დეპრესია, პრობლემები ალკოჰოლთან ან ნარკოტიკებთან მიმართებაში, ან სხვა ფსიქიატრიული პრობლემა
  • ფიქრობთ, რომ შფოთვა უკავშირდება სხვა ფიზიკურ პრობლემას
  • გაქვთ ფიქრები თვითმკვლელობაზე–მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება!
  • თქვენი შფოთვა შესაძლოა თავად არ გაქრეს და პირიქით, გაუარესდეს თუ არ მიიღებთ დახმარებას. მიმართეთ ექიმს სანამ თქვენი შფოთვა დამძიმდება. მკურნალობა შეიძლება უფრო წარმატებული იყოს, თუ ადრეულად მიხვალთ ექიმთან.