შიჰანის სინდრომი
დაავადების აღწერა
შიჰანის სინდრომი მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება მშობიარობის დროს ან შემდეგ დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვისა და წნევის დაცემის შემთხვევაში. ამ ფაქტორების გამო, სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია იკლებს და ზიანდება მნიშვნელოვანი ქსოვილები და ორგანოები. შიჰანის სინდრომის დროს, დაზიანება ჰიპოფიზში ვითარდება. ჯირკვალში, რომელიც თავის ტვინში მდებარეობს და მრავალ ფუნქციას ასრულებს.
შიჰანის სინდრომი იწვევს ჰიპოფიზის მნიშვნელოვანი ჰორმონების დეფიციტს– ჰიპოფუნქციას. შიჰანის სინდრომს ასევე პოსტპარტუმ ჰიპოპიტუიტარიზმი ანუ მშობიარობის შემდგომი ჰიპოფიზის ფუნქციის დაქვეითების სინდრომი ეწოდება. შიჰანის სინდრომი იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ კვლავ ხშირია განვითარებად სამყაროში.
შიჰანის სინდრომის სამკურნალოდ საჭიროა ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპია.
გამომწვევი მიზეზი
ჰიპოფიზის მრავალმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს ფუნქციის დაქვეითება, მაგრამ შიჰანის სინდრომი ასოცირდება სისხლის დაკარგვასთან და წნევის დაცემასთან მშობიარობის დროს ან შემდეგ. ეს ფაქტორები განსაკუთრებით აზიანებენ ჰიპოფიზსა და მის ჰორმონების წარმომქმნელ უჯრედებს.
ჰიპოფიზის ჰორმონები არეგულირებენ ორგანიზმის ენდოკრინულ ფუნქციას, ისინი სხვა ჯირკვლებს ბრძანებებს აძლევენ კონკრეტული ჰორმონების წარმოქმნის გაძლიერებასა თუ დაქვეითებაზე. ეს ჰორმონები აკონტროლებენ მეტაბოლიზმს, შვილოსნობას, სისხლის წნევას, რძის წარმოქმნას და ა.შ. ჰორმონების ნაკლებობა იწვევს სიმპტომებს მთელ ორგანიზმში, თუმცა სიმპტომები ზოგჯერ თანდათან ვითარდება და მათი დაფიქსირება რთულია.
ჰიპოფიზის ჰორმონებია:
- ზრდის ჰორმონი. ეს ჰორმონი აკონტროლებს ძვლებისა და ქსოვილების ზრდას და ინარჩუნებს ბალანსს კუნთსა და ცხიმოვან ქსოვილს შორის.
- ანტიდიურეზული ჰორმონი. შარდის წარმოქმნის სიჩქარის რეგულირებით, ეს ჰორმონი აბალანსებს სითხეებს ორგანიზმში. ანტიდიურეზული ჰორმონის ნაკლებობა იწვევს ჭარბ შარდვას და წყურვილს. ამ მდგომარეობას უშაქრო დიაბეტი ეწოდება.
- ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი. ეს ჰორმონი ააქტიურებს ფარისებრ ჯირკვალს და მისი ჰორმონის გამოყოფას, რაც თავისმხრივ მეტაბოლიზმის სიჩქარეს აბალანსებს. ამ ჰორმონის ნაკლებობა იწვევს ჰიპოთიროიდიზმს.
- მალუთეინიზირებელი ჰორმონი. კაცებში, ეს ჰორმონი ტესტოსტერონის წარმოქმნას, ხოლო ქალებში– ესტროგენის წარმოქმნას უზრუნველყოფს.
- ფოლიკულა–მასტიმულირებელი ჰორმონი. ეს ჰორმონი მალუთეინიზირებელ ჰორმონთან ერთად მოქმედებს და ხელს უწყობს სპერმის წარმოქმნას კაცებში და კვერცხუჯრედის ჩამოყალიბებასა და ოვულაციას ქალებში.
- ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი. ეს ჰორმონი ააქტიურებს თირკმელზედა ჯირკვალს, რათა გამოიყოს კორტიზოლი და სხვა ჰორმონები. კორტიზოლი მონაწილეობს ორგანიზმის მიერ სტრესზე რეაქციის ჩამოყალიბებაში და აკონტროლებს სხეულის მრავალ ფუნქციას, როგორიცაა სისხლის წნევა, გულის მუშაობა, იმუნური სისტემის აქტივობა. თირკმელზედა ჯირკვლის დაბალი დონე, რომელიც გამოწვეულია ჰიპოფიზის დისფუნქციით, თირკმელზედა ჯირკვლის მეორეული უკმარისობის სახელითაა ცნობილი.
- პროლაქტინი. ეს ჰორმონი არეგულირებს ქალებში მკერდის ჩამოყალიბებას, ასევე რძის პროდუქციას ლაქტაციის პერიოდში.
სიმპტომები
შიჰანის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები ტიპიურად თანდათანობით ვითარდება, რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ძუძუთი კვების დროს, დედაში პრობლემები მალევე იჩენს თავს.
შიჰანის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები გამოწვეულია სხვადასხვა ჰორმონის დეფიციტით: ფარისებრი, თირკმელზედა, სარძევე ჯირკვლების ფუნქციის მოშლით. კონკრეტული ნიშნები და სიმპტომებია:
- ძუძუთი კვების გაძნელება
- მენსტრუალური ციკლების გამოტოვება– ამენორეა ან შემცირება–ოლიგომენორეა
- საზარდულის და იღლიის თმის გაცვენა
- შენელებული მენტალური ფუნქცია, წონის მომატება და ტემპერატურის კონტროლის უნარის დაქვეითება, ჰიპოთიროიდიზმის გამო
- დაბალი წნევა
- დაღლილობა
- არარეგულარული გულისცემა
- სექსით დაინტერესების ნაკლებობა
მრავალი ქალისათვის, შიჰანის სინდრომი არასპეციფიკურად ვლინება და ხშირად სხვა დიაგნოზებში ერევათ. დაღლილობა დედობასთან ხშირად ასოცირდება. შიჰანის სინდრომის გამოვლენა შესაძლოა ვერ შენისნოთ, სანამ არ დაგჭირდებათ მკურნალობა ფარისებრის ფუნქციასა და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის გამო.
ასევე შესაძლებელია შიჰანის სინდრომის ასიმპტომატური მიმდინარეობა, რაც დამოკიდებულია ჰიპოფიზის დაზიანების ხარისხზე. ზოგიერთი ქალი წლობით ცხოვრობს ამ დაავადების დიაგნოზის გარეშე. ფიზიკური სტრესი, ინფექცია ან ქირურგიული ჩარევა შესაძლოა გახდეს მდგომარეობის გამწვავების, მაგალითად თირკმელზედა ჯირკვლის კრიზის მიზეზი.