შიზოაფექტური აშლილობა

დაავადების აღწერა

შიზოაფექტური აშლილობა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება შიზოფრენიისა და განწყობის აშლილობის კომბინაციური სიმპტომები. შიზოფრენიის სიმპტომებია: ჰალუცინაციები, არასწორი აღქმა, ხოლო განწყობის აშლილობის სიმპტომებია– მანია ან დეპრესია.

შიზოაფექტური აშლილობა კარგად არ არის შესწავლილი, სხვა მენტალურ მდგომარეობებთან შედარებით. ეს გამოწვეულია შიზოაფექტური აშლილობის კომბინაციური ბუნებით, რომლის გამოც აშლილობის დროს გვხვდება როგორც შიზოფრენიის, ისე განწყობის აშლილობის სხვადასხვა სიმპტომი. შიზოაფექტური აშლილობა თითოეულ პაციენტში განსხვავებულად ვლინდება.

მკურნალობის გარეშე, შიზოაფექტური აშლილობა იწვევს ადამიანის გარიყვას, სამსახურეობრივ პრობლემებს, განათლების პრობლემას ან ოჯახზე ჭარბ დამოკიდებულებას. მკურნალობით შესაძლებელია სიმპტომების მენეჯმენტი და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება შიზოაფექტური აშლილობით დაავადებული ადამიანებისათვის.

გამომწვევი მიზეზი

შიზოაფექტური აშლილობის განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია. სავარაუდოა ამ ფაქტორთა კომბინაცია:

  • გენეტიკური ინფორმაცია
  • თავის ტვინის ქიმიური შედგენილობა
  • თავის ტვინის განვითარების შეფერხება და ვარიაციები
  • ორსულობის დროს ტოქსინების ან ვირუსების ზემოქმედება, მშობიარობის გართულებები

სიმპტომები

შიზოაფექტური აშლილობის სიმპტომები განსხვავდება პაციენტებში. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ფსიქოზური სიმპტომები, როგორიცაა ჰალუცინაცია ან არარეალური აღქმა, ან განწყობის აშლილობის სიმპტომები, როგორიცაა მანია ან დეპრესია. განწყობის აშლილობა ან ბიპოლარული აშლილობის სახით ვლინდება (ბიპოლარული ტიპის შიზოაფექტური აშლილობა) ან დეპრესიით (დეპრესიული ტიპის შიზოაფექტური აშლილობა).

ფსიქოზური სიმპტომები და განწყობის აშლილობა შესაძლოა ერთდროულად ვლინდებოდეს ან ჯერ ერთის სიმპტომები ჭარბობდეს, მერე მეორის. შიზოაფექტური აშლილობის მიმდინარეობა ძირითადად ციკლური ხასიათისაა და მძიმე სიმპტომებს გამოკეთების პერიოდი მოსდევს.

შიზოაფექტური აშლილობის ნიშნები და სიმპტომებია:

  • არარეალური აღქმა– აჩემებები
  • სმენითი ან სხვა ჰალუცინაციები
  • დეპრესიული ეპიზოდები
  • მანიაკალური ეპიზოდები– ენერგიის უეცარი მომატება, ქცევითი ტენდენციები, რომლებიც არ ახასიათებს ამ ადამიანს
  • სოციალური და ოკუპაციური ფუნქციონირების დაქვეითება
  • ჰიგიენისა და ფიზიკური მოვლის პრობლემები
  • პარანოიდული ფიქრები და იდეები



როდის მივმართოთ ექიმს

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ნაცნობს აქვს შიზოაფექტური აშლილობა, ესაუბრეთ მას თქვენი შფოთვის შესახებ. რთულია, დაარწმუნოთ ადამიანი, რომ მიიღოს პროფესიონალური დახმარება, მაგრამ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ მას, არ მიატოვოთ და დაეხმაროთ ექიმის მოძებნაში, თუკი დაგთანხმდებათ.

სუიციდური ფიქრები და ქცევა

სუიციდური ფიქრები და ქცევა შესაძლებელია გამოვლინდეს შიზოაფექტური აშლილობის დროს. თუ თქვენი ნაცნობი ან ოჯახის წევრი ამ საფრთხის წინაშეა ან უცდია თვითმკვლელობა, აუცილებლად დარჩით მასთან ან დატოვეთ ვინმე, სანამ დარეკავთ 112–ზე. თუ შესაძლებელია, გადაიყვანეთ ეს ადამიანი თავად უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.