შიზოფრენია ბავშვებში

დაავადების აღწერა

ბავშვთა შიზოფრენია თავის ტვინის ფუნქციების მოშლილობაა, რომლის დროსაც ბავშვს რეალობის ნორმალური აღქმა არ შეუძლია. შიზოფრენია მოიცავს პრობლემათა ერთობლიობას ფიქრის (კოგნიტიური), ქცევის და ემოციური კუთხით. შიზოფრენიამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰალუცინაციები, არასწორი აღქმა, აშლილი ფიქრები და ქცევა. ნიშნები და სიმპტომები განსხვავებულია, მაგრამ ყოველთვის ამცირებს ნორმალური ფუნქციონირების უნარს.

ბავშვთა შიზოფრენია თითქმის იგივე დაავადებაა, როგორც მოზრდილთა შიზოფრენია, მაგრამ იგი ცხოვრების საწყის ეტაპზე ჩნდება და დიდი გავლენა აქვს ბავშვის ქცევასა და შემდგომ განვითარებაზე. ბავშვთა შიზოფრენიის დროს, ადრეული სტადია დიაგნოსტირების, მკურნალობის, განათლებისა და ემოციურ–სოციალური განვითარების პრობლემებს ქმნის.

შიზოფრენიას მკურნალობა მთელი ცხოვრების განმავლობაში ჭირდება. ბავშვთა შიზოფრენიის დიაგნოსტირება და მკურნალობა ადრეულად მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გრძელვადიან შედეგებს.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, რა იწვევს ბავშვთა შიზოფრენიას, მაგრამ სავარაუდოა, რომ მოზრდილთა შიზოფრენიის მსგავსი მექანიზმია. უცნობია, რატომ იწყება შიზოფრენია ასე ადრე ზოგ პაციენტში, ხოლო სხვებში–გვიან.

ბავშვთა შიზოფრენია და შიზოფრენიის სხვა ფორმები თავის ტვინის ფუნქციის დარღვევის შედეგია. გენეტიკა და გარემო სავარაუდოდ მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

ბავშვთა შიზოფრენიაში თავის ტვინის ბუნებრივი ნივთიერებების, ნეიროტრანსმიტერების კონცენტრაციული ცვლილებები ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. კვლევები აჩვენებს ტვინის სტრუქტურულ განსხვავებებს შიზოფრენიის მქონე და ჯანმრთელ ადამიანებს შორის, თუმცა ამ ცვლილებების ზუსტი მნიშვნელობა ჯერჯერობით უცნობია.

სიმპტომები

ადრეული ნიშნები და სიმპტომები

ბავშვთა შიზოფრენიის ადრეული სიმპტომები განვითარებას ეხება, როგორიცაა:

  • მეტყველების დაგვიანება
  • გვიანი, უჩვეულო ცოცვა
  • დაგვიანებული სიარული
  • სხვა უჩვეულო მოტორული ქცევები, მაგ.: რწევა



ზოგიერთი ეს სიმპტომი ასევე გამოიხატება განვითარების სხვა დარღვევების დროს, როგორიცაა აუტიზმის სპექტრის აშლილობები. ამ აშლილობების გამორიცხვა მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასასმელად.

სიმპტომები მოზარდებში

მოზარდებში, შიზოფრენიის სიმპტომები გავს მოზრდილთა სიმპტომებს, მაგრამ მათი შემჩნევა უფრო რთულია. ეს გამოწვეულია მოზარდთა განვითარებისათვის დამახასიათებელი ჩვეული ქცევის მსგავსებით შიზოფრენიის სიმპტომებთან. ესენია:

  • მეგობრებისგან და ოჯახისაგან განცალკევება
  • სკოლაში სწავლის ხარისხის დაქვეითება
  • უძილობა
  • გაღიზიანება ან დეპრესია
  • მოტივაციის ნაკლებობა
  • უცნაური ქცევა



მოზრდილთან შედარებით, მოზარდებს:

  • იშვიათად აქვთ არასწორი აღქმა, აჩემება გარკვეულ ფაქტზე
  • ხშირად აქვთ მხედველობითი ჰალუცინაციები



მოგვიანებითი ნიშნები და სიმპტომები

როცა ბავშვები შიზოფრენიით იზრდებიან, დაავადების უფრო ტიპიური ნიშნები ვლინდება. ასეთებია:

  • ჰალუცინაციები. ჰალუცინაცია შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ გრძნობას, თუმცა უმეტესად ნიშნავს რაიმეს დანახვას ან მოსმენას, რომელიც რეალურად არ არსებობს. შიზოფრენიით დაავადებულისთვის კი ჰალუცინაცია ნამდვილად ხდება.
  • ფაქტების არასწორი აღქმა. ამ დროს ადამიანს აქვს აჩემებული აზრი, რომელიც რეალურად არასწორია. მაგალითად, ჯერა რომ ვიღაც მის დაშავებას და დაჩაგვრას ცდილობს, გარკვეული კომენტარები და ქცევები მის წინააღმდეგაა მიმართული, აქვს განსაკუთრებული უნარები და ნიჭი, სხვა ადამიანს უყვარს იგი, გარკვეული კატასტროფა უნდა მოხდეს მალე, ან სხეული ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს.
  • არაორგანიზებული ფიქრი ან მეტყველება. არაორგანიზებული მეტყველების დროს კომუნიკაცია ეფექტური არ არის, კითხვებზე ადეკვატური პასუხების გაცემა ვერ ან მცირედ ხდება. იშვიათად, მეტყველების დროს პაციენტი უშინაარსო სიტყვებს იყენებს, რომლებიც არავის ესმის. ამ ფენომენს ზოგჯერ სიტყვების სალათს უწოდებენ.
  • არაორგანიზებული ან პათოლოგიური მოტორული ქცევა. ეს შესაძლოა რამდენიმენაირად გამოიხატოს. ქცევას არ აქვს მიზანი, რაც ართულებს რაიმე დავალების შესრულებას. არანორმალური მოტორული ქცევა მოიცავს ინსტრუქციების შესრულების უუნარობას, არასწორ, უჩვეულო დგომას, რეაქციის ნაკლებობას ან უშინაარსო, ჭარბ მოძრაობებს (კატატონია).
  • ნეგატიური სიმპტომები. ნეგატიური სიმპტომი ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის. მაგალითად, ადამიანს არ აქვს ემოცია, არ ამყარებს თვალებით კონტაქტს, არ ცვლის სახის გამომეტყველებას ან საუბრობს სახის გამომეტყველების ცვლილების გარეშე. ასევე, ადამიანმა შესაძლოა ისაუბროს ცოტა, უარყოს პერსონალური ჰიგიენა, დაკარგოს ინტერესი ყოველდღიურ აქტივობებში ან სოციალურად გამოეყოს საზოგადოებას.
  • სიმპტომები ზოგჯერ რთული დასადგენია
  • როცა ბავშვთა შიზოფრენია იწყება ადრე, სიმპტომები ნელ–ნელა ვითარდება. ადრეული ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა იმდენად მსუბუქი იყოს, რომ ვერ შენიშნოთ ან განვითარების ეტაპს მიაკუთვნოთ.
  • დროთა განმავლობაში, სიმპტომები უფრო გამოხატული და ძლიერი ხდება. ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს ფსიქოზის, ჰალუცინაციების, აჩემებული აზრების და ფიქრების ორგანიზების პრობლემები. როცა ფიქრები დისორგანიზებულია, ვითარდება რეალობიდან მოწყვეტა, რაც იწვევს ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობასა და მედიკამენტური მკურნალობის დაწყებას.

როდის მივმართოთ ექიმს

რთულია გააკონტროლოთ ბავშვის ქცევის მსუბუქი ცვლილებები. შესაძლოა შეგეშინდეთ ბავშვში მენტალური აშლილობის არსებობის, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ადრეული მკურნალობა გრძელვადიანი პროგნოზისთვისაც უკეთესია. ბავშვის მასწავლებელი ან სკოლის პერსონალი შესაძლოა ადრე ამჩნევდეს ქცევით ცვლილებებს.

მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს:

  • აქვს ჩამორჩენა განვითარებაში, დედმამიშვილებთან ან თანატოლებთან შედარებით
  • აღენიშნება ყოველდღიური მოქმედებების მიმართ უინტერესობა, როგორიცაა ბანაობა ან ჩაცმა
  • აღენიშნება სხვებთან კონტაქტის სურვილის არარსებობა
  • აღენიშნება აკადემიური მოსწრების გაუარესება
  • აქვს უცნაური კვების რიტუალები
  • აქვს ეჭვები სხვების შესახებ
  • აქვს ემოციის ნაკლებობა ან არაადეკვატური ემოციები
  • აქვს უცნაური იდეები და შიშები
  • აქვს ძალადობრივი, აგრესიული ქცევა ან აჟიტირება
  • ეს ზოგადი ნიშნები და სიმპტომები არ ყოველთვის მიანიშნებს შიზოფრენიაზე. სიმპტომები შესაძლოა დროებითი იყოს ან სხვა დაავადება იწვევდეს, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა ან სხვა ტიპის დარღვევა, რომელიც ყურადღებას საჭიროებს.
  • მიმართეთ ექიმს დროულად, თუ ბავშვს აქვს ფიქრის, კოგნიტიური უნარების ცვლილებები, რადგან ამ სიმპტომს აუცილებლად სჭირდება შეფასება. ნიშნები და სიმპტომებია:
  • აჩემებული, არარეალური ფიქრები
  • ჰალუცინაციები, განსაკუთრებით ხმოვანი
  • არაორგანიზებული ან არალოგიკური ფიქრი
  • უშინაარსო მეტყველება