შხამიანი სურო

დაავადების აღწერა

შხამიანი სურო იწვევს კანზე გამონაყარს, რისი მიზეზიც სუროს შემადგენელი ცხიმოვანი ნივთიერება ურუშიოლია. ეს ნივთიერება გვხვდება შხამიანი სუროსა და მისი მსგავსი მცენარეების ფოთლებზე, ფესვებსა და ღეროებზე.

ამ მცენარეებთან შეხების შემდგომ, ადამიანთა 50 %–ში მაინც ვითარდება გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ქავილი. ყველაზე საშიში შემთხვევა გვხვდება მცენარის დაწვის და შედეგად მიღებული ნივთიერებების ინჰალაციის დროს, რაც ფილტვებს აზიანებს.

შხამიანი სუროს მიერ გამოწვეული გამონაყრის მსუბუქი შემთხვევები არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. უფრო მძიმე და გავრცელებული გამონაყარი, განსაკუთრებით სახეზე ან გენიტალიებზე, მოითხოვს რეცეპტით გაცემულ მედიკამენტებს– პრედნიზოლონს, რამდენიმე კვირის განმავლობაში.

გამომწვევი მიზეზი

შხამიანი სუროს მიერ გამოწვეული გამონაყრის მიზეზი სუროს შემადგენელი ნივთიერება ურუშიოლია, რომელიც გვხვდება ფოთლებში, ღეროსა და ფესვებში. ურუშიოლი ძალიან წებოვანია, ამიტომ ადვილად ეკვრის კანს, ტანსაცმელს, ნივთებს, შინაური ცხოველის ბეწვს. გამონაყარი ამ მიზეზებით ვითარდება:

  • პირდაპირი შეხება. თუ პირდაპირ შეეხებით შხამიანი სუროს ფოთლებს, ფესვებს, ღეროს ან ნაყოფებს, შეიძლება განვითარდეს რეაქცია.
  • ნივთების შეხება. თუ გაივლით შხამიანი სუროს ახლოს და შემდეგ შეეხებით ფეხსაცმელს, შესაძლოა ურუშიოლი ხელებზე გადმოვიდეს, შემდეგ კი სახეზეც, პირდაპირი შეხებით. ამიტომ, თუ დაბინძურებული ნივთი არ გაწმინდეთ, მასზე არსებული ურუშიოლი შესაძლოა გამონაყრის მიზეზი გახდეს, რამდენიმე წლის შემდეგაც კი.
  • დამწვარი მცენარეების შედეგად მიღებული ნივთიერებების ჩასუნთქვა. შხამიანი სუროს დაწვის შემდეგ არსებული კვამლი შესაძლოა ჩაისუნთქოთ და რეაქცია განვითარდეს სასუნთქ გზებში ან ფილტვებში.



გამონაყარი თავად არ არის გადამდები. ბუშტუკებში ჩამდგარი სითხე არ შეიცავს ურუშიოლს და არ ავრცელებს გამონაყარს. ასევე, გამონაყარი ვერ გადაგედებათ სხვა ადამიანისგან, თუ მასზე ან მის ტანსაცმელზე კვლავ არ არის ურუშიოლი.

სიმპტომები

დასუსხვის ნიშნები და სიმპტომებია:

  • შეწითლება
  • ქავილი
  • შესიება
  • გამონაყარი–ბუშტუკები



ხშირად, გამონაყარს სწორი ხაზის ფორმა აქვს, რადგან მცენარე კანს ამ ფორმით შეეხო. თუ მცენარეს სხვა ფორმით შეეხეთ ან შინაურ ცხოველზე არსებულ ნივთიერებასთან გქონდათ კონტაქტი, გამონაყარი უფრო გავრცელებულია. რეაქცია ძირითადად კონტაქტიდან 12–48 საათში ვითარდება და ტიპიურად 2–3 კვირას გასტანს.

გამონაყრის სიმძიმე დამოკიდებულია ურუშიოლის რაოდენობაზე, რომელიც კანს შეეხო. კანის ის ნაწილი, რომელსაც ყველაზე მეტი კონტაქტი ჰქონდა ამ ნივთიერებასთან, ყველაზე ადრე ავლენს სიმპტომებს. ნივთიერების გავრცელება ხელებით ორგანიზმის სხვა ნაწილებზეც შესაძლებელია.

კანი პირდაპირ კონტაქტში უნდა იყოს მცენარესთან, რათა გამონაყარი განვითარდეს. ბუშტუკებში არსებული სითხე არ ავრცელებს გამონაყარს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • რეაქცია გავრცელებული და მძიმეა
  • გამონაყარი გაქვთ სახეზე ან გენიტალიებზე
  • ბუშტუკებში ჩირქი დგება
  • გაქვთ სიცხე, 37.8 და მეტი
  • გამონაყარმა არ გაიარა რამდენიმე კვირაში