სიმსუქნე

დაავადების აღწერა

სიმსუქნე კომპლექსური დაავადებაა, რომელცი წარმოდგენილია სხეულის ჭარბი ცხიმის შემცველობით. სიმსუქნე მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის. დაავადება ზრდის დაავადებების რისკს, როგორიცაა გულის დაავადება, დიაბეტი და სისხლის მაღალი წნევა.

უკიდურესი სიმსუქნე დიდი ალბათობით განაპირობებს წონასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს.

საბედნიეროდ, წონაში მცირეოდენი კლებაც აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავიდან არიდებს პაციენტს წონასთან დაკავშირებულ გართულებებს. კვების რაციონის შეცვლა, გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვა და ქცევითი ცვლილებები განაპირობებენ წონაში კლებას. სიმსუქნის სამკურნალოდ ასევე გამოიყენება რეცეპტით გაცემული მედიკამენტები და სხვა სამკურნალო საშუალებები.

გამომწვევი მიზეზი

მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური, ქცევითი და ჰორმონული ზეგავლენა მოქმედებს სხეულის წონაზე, სიმსუქნე ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი დღის განმავლობაში მეტ კალორიას იღებს, ვიდრე წვავს. სხეული ჭარბ კალორიებს ცხიმის სახით იგროვებს.

სიმსუქნე, ზოგიერთ შემთხვევაში, გამოწვეულია სამედიცინო დაავადებით, როგორიცაა პრადერ-ვილის სინდრომი, კუშინგის სინდრომი და ა.შ. თუმცა ასეთი დაავადებები იშვიათია. სიმსუქნის ძირითადი მიზეზები:

  • უმოქმედობა. თუ თქვენ არ ხართ აქტიური, თქვენ არ წვავთ საჭირო რაოდენობით კალორიებს. უმოქმედო ცხოვრების სტილით უფრო ადვილად ხდება კალორიების ცხიმად დაგროვება, ვიდრე ვარჯიშის შემთხვევაში მათი დაწვა.
  • არაჯანსაღი საკვები და კვებითი ქცევები. წონაში მატება გარდაუვალია, თუ ადამიანი რეგულარულად იღებს მეტ კალორიას, ვიდრე წვავს. სწრაფი კვების ობიექტები და მაღალკალორიული სასმელები განსაკუთრებით ზრდის სიმსუქნის რისკს.

სიმპტომები

სიმსუქნის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 30 ან მეტია. სხეულის მასის ინდექსი ითვლება ადამიანის წონის (კილოგრამები) გაყოფით სიმაღლის (მეტრი) კვადრატზე.

სხეულის მასის ინდექსი – წონის სტატუსი

  • 18.5-ის ქვემოთ – სიგამხდრე
  • 18.5-24.9 – ნორმა
  • 25.0-29.9 – ჭარბწონიანობა
  • 30.0-34.9 – სიმსუქნე (პირველი კლასი)
  • 35.0-39.9 – სიმსუქნე (მეორე კლასი)
  • 40.0 და ზემოთ – უკიდურესი სიმსუქნე (მესამე კლასი)


უმეტესი ადამიანის შემთხვევაში, სხეულის მასის ინდექსი კარგად განსაზღვრავს სხეულის ცხიმის შემცველობას. თუმცა, ინდექსი სხეულის ცხიმს ზუსტად არ ზომავს. ზოგიერთი ადამიანს, მაგალითად ათლეტს, შესაძლოა აღენიშნებოდეს სიმსუქნის კატეგორიის სხეულის მასის ინდექსი კუნთური მასის ხარჯზე და საერთოდ არ გააჩნდეს სხეულში ჭარბი ცხიმი. მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი სხეულის მასის ინდექსი მაღალია.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თვლით, რომ აღგენიშნებათ სიმსუქნე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი უკავშირდება ჯანმრთელობის პრობლემებს, მიმართეთ ექიმს. სამედიცინო პერსონალი შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს და დაგეხმარებათ სამკურნალო საშუალებების არჩევაში.