სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია)
დაავადების აღწერა
სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია) ემართებათ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს. ბევრ ფაქტორს შეუძლია ხელი შეუწყოს ჰიპერგლიკემიის განვითარებას. ესენია კვების და ფიზიკური აქტივობის არასრულფასოვნება, არადიაბეტური მედიკამენტები ან გლუკოზის შემამცირებელი წამლების დაბალი დოზით მიღება ან საერთოდ გამოტოვება.
ჰიპერგლიკემია აუცილებლად მოითხოვს მკურნალობას, რადგან მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხევაში მას სერიოზული გართულების გამოწვევა შეუძლია, რომლებიც სასწრაფო დახმარებას მოითხოვენ. ამის მაგალითია დიაბეტური კომა. დიდი ხნის განმავლობაში არსებულ ჰიპერგლიკემიას, თუნდაც იგი არ იყოს მწვავე, შეუძლია დააზიანოს თვალები, თირკმელები, ნერვები და გული.
გამომწვევი მიზეზი
საჭმლის მონელების დროს, თქვენ ორგანიზმი ხშირ ნახშირწყლებს საკვებიდან (პური, ბრინჯი, მაკარონი) სხვადასხვა შაქრის მოლეკულებად. ამ შაქრის მოლეკულებიდან ერთერთი გლუკოზაა, ორგანიზმის ენერგიის ძირითადი წყაროა. გლუკოზე ჭამის შემდეგ პირდაპირ შეიწოვება სისხლში, თუმცა იგი ქსოვილების უმეტესობის უჯრედებში ვერ შედის პანკრეასის მიერ სეკრეტირებული ჰორმონის, ინსულინის გარეშე.
როდესაც სისხლში გლუკოზის დონე იზრდება, პანკრეასი იღებს სიგნალს ინსულინის გამოსანთავისუფლებლად. ინსულინი, თავის მხრივ, „აღებს“ უჯრედებს რათა შეძლოს გლუკოზამ მათში შესვლა და უჯრედისთვის ენერგიის მიწოდება. ჭარბი გლუკოზე ინახება ღვიძლში და კუნთებში გლიკოგენის სახით.
ეს პროცესი ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს და ხელს უშლის მის საშიშ სიდიდემდე ასვლას. სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებასთან ერთად მცირდება პანკრეასიდან ინსულინის გამონთავისუფლებად.
დიაბეტი ძლიერ ასუსტებს ინსულინის ეფექტს ორგანიზმში. ამ დროს ან პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს სათანადო რაოდენობის ინსულინს (1 ტიპი დიაბეტი) ან ორგანიზმი არის რეზისტენტული ინსულინის ეფექტის მიმართ ან ვერ წარმომქნის გლუკოზის ნორმალიზებისთვის საკმარის ინსულინს (2 ტიპი დიაბეტი). ამის შედეგად, გლუკოზა გროვდება სისხლში (ჰიპერგლიკემია) და მკურნალობის გარეშე შეიძლება საშიშ დონემდეც ავიდეს. სისხლში შაქრის დონის დასაწევად ინსულინი და სხვა წამლები გამოიყენება.
ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპერგლიკემიას
ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს ჰიპერგლიკემიას. ესენია:
- არასაკმარისი ინსულინის ან ორალური წამლების გამოყენება
- ინსულინის არასწორი შეყვანა ან ვადაგასული ინსულინის გამოყენება
- კვების გეგმის დარღვევა
- ფიზიკური არააქტიურობა
- დაავადების ან ინფექციის ქონა
- გარკვეული მედიკამენტების, მაგალითად სტეროიდების გამოყენება
- ტრავმის მიღება ან ოპერაციის ჩატარება
- ემოციური სტრესი, მაგალითად ოჯახური კონფლიქტი ან სამსახურის საქმიანობა
დაავადებას და სტრესს შეუძლია ჰიპერგლიკემიის გამოწვევა იმიტომ, რომ დაავადების და სტრესის საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ჰორმონები იწვევენ სისხლში გლუკოზის დონის გაზრდას. მწვავე ავადობის დროს ჰიპერგლიკემია შეიძლება მათაც განუვითარდეთ, ვისაც დიაბეტი არ აქვთ. დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს სტრესის ან დაავადების დროს შეიძლება მეტი წამლის მიღება დასჭირდეთ გლუკოზის დონის შესანარჩუნებლად.
სიმპტომები
ჰიპერგლიკემია არ იწვევს სიმპტომების გაჩენას სანამ გლუკოზის დონე ძალიან არ გაიზრდება – 200 მგ/დლ-ზე ან 11 მმოლ/ლ-ზე მაღლა. ჰიპერგლიკემიის სიმპტომები ნელა ვლინდება დღეების ან კვირეების განმავლობაში. რაც უფრო დიდხანს დარჩენა შაქრის დონე მაღალი, მით უფრო სერიოზული სიმპტომები გვექნება. ზოგ ადამიანს, რომლებსაც დიდი ხანია აქვთ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, შეიძლება არ ჰქონდეთ სიმპტომები სისხლში შაქრის გაზრდილი დონის მიუხედავად.
ადრეული ნიშნები და სიმპტომები
ჰიპერგლიკემიის ადრეული სიმპტომების აღმოჩენა დაგეხმარებათ დროულ მკურნალობაში. ესენია:
- ხშირი შარდვა
- გაძლიერებული წყურვილი
- მხედველობის დაბინდვა
- ზოგადი სისუსტე
- თავის ტკივილი
მოგვიანებითი ნიშნები და სიმპტომები
ჰიპერგლიკემიის მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიური მჟავების (კეტონების) დაგროვება სისხლში და შარდში (კეტოაციდოზი). ნიშნები და სიმპტომებია:
- ხილის-სუნიანი სუნთქვა
- გულისრევა და პირღებინება
- სუნთქვის უკმარისობა
- პირის სიმშრალე
- სისუსტე
- დაბნეულობა
- კომა
- მუცლის ტკივილი
როდის მივმართოთ ექიმს
დარეკეთ სასწრაფოში, თუ:
- თავს გრძნობთ ცუდად და ვერ იღებთ საჭმელს და სითხეებს
- თქვენი გლუკოზის დონე ხანგრძლივად 240 მგ/დლ-ზე (13 მმოლ/ლ) მეტია და შარდში გხვდებათ კეტონები
დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი, თუ:
- თქვენ გაქვთ ფაღარათი და პირღებინება, მაგრამ ახერხებთ საკვების და სითხის მიღებას
- გაქვთ სიცხე, რომელიც გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს
- თქვენი სისხლში გლუკოზის დონე არის 240 მგ/დლ-ზე (13 მმოლ/ლ) მეტი მიუხედავად იმისა, რომ იღებთ დიაბეტის წამლებს
- თქვენ გიჭირთ გლუკოზის დონის შენარჩუნება სასურველ დიაპაზონში