სკლეროზული ლიქენი

დაავადების აღწერა

სკლეროზული ლიქენი იშვიათი დაავადებაა, რომელიც იწვევს ლაქოვან, თეთრ გამონაყარს კანზე, ასევე კანის გათხელებას. სკლეროზული ლიქენი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ უფრო ხშირია ვულვის, პენისის თავის და ანუსის გარშემო.

სკლეროზული ლიქენი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, მაგრამ პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში განსაკუთრებით მაღალი რისკია. მკურნალობის გარეშე, მდგომარეობა ზოგჯერ რთულდება.

შესაძლოა არც დაგჭირდეთ მკურნალობა და სკლეროზული ლიქენი თავად ალაგდეს. მკურნალობის მიზანი კანის ნორმალური ვიზუალის აღდგენა და დანაწიბურების გართულების თავიდან აცილებაა.

გამომწვევი მიზეზი

სკლეროზული ლიქენის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. მდგომარეობა შესაძლოა უკავშირდებოდეს სასქესო ჰორმონების ნაკლებობას ან იმუნური სისტემის ჰიპერაქტიურობას. კანის დაზიანება კანის გარკვეულ მონაკვეთზე ზრდის ლიქენის განვითარების რისკს.

სკლეროზული ლიქენი შესაძლოა გენიტალიებთან განვითარდეს, თუმცა გადამდები არ არის და სქესობრივი გზით ვერ გადაგედებათ.

სკლეროზული ლიქენი ყველაზე ხშირად პოსტმენოპაუზური ასაკის ქალებში გვხვდება, თუმცა ფიქსირდება კაცებსა და ბავშვებშიც. ქალებში, სკლეროზული ლიქენი ვულვას მოიცავს. კაცებში და ბიჭებში, წინდაცვეთის გარეშე, რისკი მაღალია, რადგან მდგომარეობა ხშირად ეხება ჩუჩას. ბავშვებში, ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა გაქრეს გარდატეხის ასაკში.

სიმპტომები

სკლეროზული ლიქენი კანის ნებისმიერ მონაკვეთზე შეიძლება გაჩნდეს. ზოგჯერ, სიმპტომები არც გამოიხატება.

თუ სიმპტომები გვაქვს, ხშირად ვლინდება:

  • ქავილი, ზოგჯერ ძლიერი
  • დისკომფორტი, რომელიც უფრო ხშირია თუ ლიქენი გენიტალიური ან ანალური კანის მიდამოებშია
  • გლუვი, თეთრი ლაქები კანზე, რომლებიც ხდება დანაოჭებული, უსწორმასწორო
  • მარტივად ჩალურჯება ან კანის გახევა
  • მძიმე შემთხვევებში– სისხლდენა, დაწყლულება
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ლიქენისათვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები. ეფექტური მკურნალობა დაგეხმარებათ დისკომფორტის მენეჯმენტსა და გართულებების პრევენციაში.

თუ გაქვთ სკლეროზული ლიქენი, მიმართეთ ექიმს ყოველ 6–12 თვეში, რათა შემოწმდეს კანის ცვლილებები და გაკონტროლდეს მკურნალობის გვერდითი ეფექტები.