სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია)

დაავადების აღწერა

ნერვიულობა გარკვეულ სიტუაციებში ნორმალურია. მაგალითად, პაემანზე წასვლა ან პრეზენტაციაზე გამოსვლა შეიძლება ასოცირებული იყოს გარკვეულ შფოთვასთან. ამის მიუხედავად, სოციალური შფოთვითი აშლილობის, იგივე სოციალური ფობიის დროს, ადამიანი ნერვიულობს ყოველდღიურ სიტუაციებში, აქვს შფოთვა და სირცხვილის შიში, სხვების მიერ განსჯის ან დაცინვის ობიექტად ქცევის შიში.

სოციალური შფოთვითი აშლილობა ქრონიკული მენტალური დაავადებაა, მაგრამ მკურნალობა– ფსიქოლოგიური თერაპია, მედიკამენტები და უნარების განვითარება დაგეხმარებათ თავდაჯერების მოპოვებასა და ცხოვრების გამარტივებაში.

გამომწვევი მიზეზი

როგორც მრავალი სხვა ფსიქიატრიული დაავადება, სოციალური შფოთვითი აშლილობაც სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით ყალიბდება, როგორც გენეტიკური ისე გარემოს გამო. მაგალითებია:

  • მემკვიდრული თვისებები. შფოთვითი აშლილობა ხშირად ოჯახურია. თუმცა, ზუსტად უცნობია, რამდენად იწვევს გენეტიკური მემკვიდრეობა ამ აშლილობას და რამდენად დიდი როლი აქვს დასწავლილ ქცევას.
  • თავის ტვინის სტრუქტურა. ამიგდალა– თავის ტვინის ერთ–ერთი ნაწილი, თამაშობს დიდ როლს შიშის განვითარებაში. თუ ადამიანს ზედმეტად აქტიური ამიგდალა აქვს, მისი რეაქცია შიშზე ჭარბი იქნება, რაც იწვევს შფოთვას.
  • გარემო. სოციალური შფოთვითი აშლილობა შესაძლოა შეძენილი, დასწავლილი ქცევა იყოს. ანუ, მდგომარეობა ვითარდება სხვების შფოთვის დანახვის გამო. დამატებით, შეიძლება არსებობდეს ასოციაცია სოციალურ შფოთვით აშლილობასა და მშობლების ტიპებს შორის, რომლებიც ცდილობენ მჭიდროდ აკონტროლონ და დაიცვან ბავშვები.

სიმპტომები

სირცხვილის ან დისკომფროტის შეგრძნება გარკვეულ სიტუაციებში არ ნიშნავს სოციალური შფოთვითი აშლილობის არსებობას, განსაკუთრებით ბავშვებში. კომფორტის საზღვრები ყველას განსხვავებული აქვს, პიროვნებისა და გამოცდილების მიხედვით. ზოგიერთი ადამიანი ბუნებრივად მორცხვია, ზოგიერთი კი კონტაქტური.

ყოველდღიური ნერვიულობისაგან განსხვავებით, სოციალური შფოთვითი აშლილობა იწვევს შფოთვას, შიშებსა და ჩაკეტილობას, რაც ხელს გიშლით ცხოვრების ნორმალურ წარმართვაში.

ემოციური და ქცევითი სიმპტომები

სოციალური შფოთვითი აშლილობის ნიშნები და სიმპტომებია:

  • განსჯის შიში
  • სირცხვილის შიში
  • სხვისი შეურაცხყოფის შიში
  • უცნობებთან საუბრის შიში
  • შიში იმისა, რომ შეამჩნევენ თქვენს შფოთვას
  • ფიზიკური სიმპტომების შიში, რომლებიც სირცხვილს გამოიწვევს. ასეთებია: წამოწითლება, ოფლიანობა, კანკალი ან ხმის თრთოლვა
  • შიშის ან სირცხვილის გამო სხვებთან საუბრის შეწყვეტა
  • იმ სიტუაციების თავიდან აცილება, რომლებშიც ყურადღების ქვეშ ექცევით
  • “საშიში” აქტივობის წინ შფოთვა
  • სოციალური აქტივობის შემდეგ, ჩადენილი საქციელების ანალიზი და რაიმე ნაკლის შესახებ ჭარბი ფიქრი
  • სოციალური სიტუაციიდან ყველაზე უარყოფითი დასკვნების ან პესიმისტური პროგნოზების გამოტანა
  • ბავშვებში, მოზრდილებთან ან მოზარდებთან ურთიერთობისას შფოთვა, რაც გამოიხატება ტირილით, ჩხუბით, მშობლებთან მოჭიდებით, საუბრის შეწყვეტით
  • საჯაროდ გამოსვლის შიში სოციალური შფოთვითი აშლილობის ტიპია, რომლის დროსაც მხოლოდ საჯარო ადგილებში წარდგენის გეშინიათ, თუმცა სხვა ტიპის სოციალურ სიტუაციებში სიმპტომები არ აღინიშნება.



ფიზიკური სიმპტომები

სოციალური შფოთვითი აშლილობა ზოგჯერ მოიცავს ფიზიკურ სიმპტომებს და ნიშნებსაც. მაგალითებია:

  • გულისცემის აჩქარება
  • მუცლის ტკივილი, გულისრევა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • თავბრუსხვევა
  • “სხეულის გარეთ” ყოფნის შეგრძნება
  • ფაღარათი
  • კუნთის დაჭიმვა



ნორმალური სოციალური სიტუაციებისაგან თავის არიდება

ყოველდღიური, ჩვეულებრივი სიტუაციები შესაძლოა რთული გადასატანი იყოს სოციალური შფოთვითი აშლილობის გამო. მაგალითებია:

  • საჯარო საპირფარეშოს გამოყენება
  • უცნობებთან საუბარი
  • სხვებთან ერთად ჭამა
  • მხედველობითი კონტაქტის დამყარება
  • საუბრის წამოწყება
  • პაემანზე წასვლა
  • წვეულებაზე ან შეკრებაზე წასვლა
  • სამსახურის ან სკოლის გაცდენა
  • ოთახში შესვლა, სადაც უკვე შეკრებილია საზოგადოება
  • მაღაზიაში ნაყიდი ნივთის დაბრუნება



სოციალური შფოთვითი აშლილობის სიმპტომები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. სიმპტომები უარესდება სტრესულ მდგომარეობებში. სტრესული სიტუაციების თავიდან არიდების მცდელობა მოკლევადიანად გამოკეთებას იწვევს, მაგრამ შფოთვა რჩება, თუ არ მიიღებთ გრძელვადიან მკურნალობას.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს ან ფსიქოლოგს, თუ გეშინიათ ნორმალური სოციალური სიტუაციების და ცდილობთ თავი აარიდოთ მსგავს შემთხვევებს სირცხვილის, ნერვიულობის ან პანიკის გამო. თუ ამ ტიპის შფოთვა ხელს გიშლით ცხოვრების ნორმალურად წარმართვაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს სოციალური შფოთვითი აშლილობის ან სხვა დარღვევის მკურნალობის მისაღებად.