სპინა ბიფიდა
დაავადების აღწერა
სპინა ბიფიდა მიეკუთვნება თანდაყოლილ მანკების ჯგუფს, რომელსაც ნერვული მილის დეფექტები ეწოდება. ნერვული მილი არის ემბრიონული სტრუქტურა, რომლისგანაც მომავალში წარმოიქმნება თავის ტვინი, ზურგის ტვინი და მათ გარშემო არსებული ქსოვილი.
ნორმაში, ნერვული მილი ადრე ფორმირდება და ჩასახვიდან 28 დღეზე იხურება. სპინა ბიფიდას მქონე ბავშვებში, ნერვული მილის ნაწილი არ ვითარდება ან არ იხურება სათანადოდ, რაც იწვევს დეფექტებს ზურგის ტვინში და ხერხემლის ძვლებში.
სპინა ბიფიდა მრავალი, სხვადასხვა სიმძიმის ფორმით ვითარდება. სპინა ბიფიდას მკურნალობა ქირურგიულად ხდება, თუმცა ეს პრობლემას ხშირად ბოლომდე ვერ აგვარებს.
გამომწვევი მიზეზი
ექიმებმა არ იციან რა იწვევს სპინა ბიფიდას. სხვა ბევრი პრობლემის მსგავსად, სპინა ბიფიდას განვითარებაშიც როლს თამაშობს როგორც გენეტიკური, ასევე გარემო ფაქტორები, მაგალითად ნერვულის მილის დეფექტების და ფოლიუმის მჟავის დეფიციტის ოჯახური ისტორია.
სიმპტომები
არსებობს სპინა ბიფიდას სამი ფორმა. თითოეული ფორმა განსხვავებული სიმძიმისაა.
დახურული სპინა ბიფიდა
ყველაზე მსუბუქი ფორმა, რომლის დროსაც გვაქვს ხერხემლის მალებს შორის ნაპრალი. იმის გამო, რომ ამ დროს არ ზიანდება ზურგის ტვინის ნერვები, ამ ფორმის მქონე ბავშვებს არ აქვთ სიმპტომები და ნევროლოგიური პრობლემები.
დახურული სპინა ბიფიდა ხანდახან შეიძლება შესამჩნევი იყოს დეფექტის ზემოთ კანზე. ამ დროს შეიძლება შეგვხვდეს:
- უჩვეულო თმიანობა
- ცხიმგროვა
- პატარა ჩაღრმავება
ბევრმა ადამიანმაც არ იცის, რომ დახურული სპინა ბიფიდა აქვს, თუ მისი აღმოჩენა შემთხვევით არ მოხდება რენტგენის ან სხვა გამოკვლევის დროს.
მენინგოცელე
ამ იშვიათი ფორმის დროს, ზურგის ტვინის მფარავი გარსი გამოდის მალებს შორის ნაპრალიდან. ამ დროს ზურგის ტვინი ნორმალურად ვითარდება, რის გამოც ამ გარსების ქირურგიულად მოშორების დროს არ ხდება ნერვების დაზიანება.
მიელომენინგოცელე
აგრეთვე ცნობილი, როგორც ღია სპინა ბიფიდა, მიელომენინგოცელე არის დაავადების ყველაზე მძიმე ფორმა, რომელსაც უმეტესი ადამიანი გულისხმობს სპინა ბიფიდას თქმის დროს.
მიელომენინგოცელეს დროს, ბავშვის ხერხემლის არხი ღია რჩება მრავალი მალის გაყოლებაზე. ამ ნაპრალებში გამოდის როგორც გარსები, ისევე ზურგის ტვინი, რის გამოც ბავშვის ზურგზე თიაქარი წარმოიქმნება.
ზოგ შემთხვევაში, თიაქარი დაბარულია ჩანთით, თჲმცა უფრო ხშირად ქსოვილები და ნერვები მოშიშვლებულია, რაც ზრდის სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების რისკს.
ნევროლოგიური დაზიანება ამ დროს ხშირია. ესენია:
- ფეხის კუნთების სისუსტე, ხანდახან დამბლა
- დეფეკაციის და შარდვის პრობლემები
- გულყრები, განსაკუთრებით თუ ბავშვს შუნტი სჭირდება
- ორთოპედიული პრობლემები, მაგალითად ფეხის დეფორმაცია, არათანაბარი ბარძაყის ძვლები ან სქოლიოზი