სქოლიოზი

დაავადების აღწერა

სქოლიოზი წარმოადგენს ხერხემლის გვერდზე გამრუდებას. მდგომარეობა, როგორც წესი, ყალიბდება გარდატეხის ასაკში მომწიფებამდე. მიუხედავად იმისა, რომ სქოლიოზი შესაძლოა იყოს დაავადებებით განპირობებული, როგორიცაა ცერებრალური დამბლა ან კუნთოვანი დისტროფია, სქოლიოზის შემთხვევების უმრავლესობის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

სქოლიოზი უმეტეს პაციენტში მსუბუქადაა გამოხატული, თუმცა ზოგიერთ ბავშვს უვითარდება ხერხემლის დეფორმაცია, რომელიც დროთა განმავლობაში ზრდასთან ერთად უარესდება. მძიმე სქოლიოზი იწვევს შრომისუნარიანობის წართმევას. ძალიან მძიმე შემთხვევაში ხერხემლის მრუდი ამცირებს გულმკერდის სივრცეს და ართულებს ფილტვების ნორმალურ ფუნქციონირებას.

მსუბუქი სქოლიოზის მქონე ბავშვები საჭიროებენ რადიოლოგიურ მონიტორინგს, რათა შემოწმდეს გამრუდების დინამიკა. უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობა საჭირო არ არის. ზოგიერთ ბავშვს ესაჭიროება სამაგრი მრუდის გაუარესებისგან თავის ასარიდებლად. სხვებს შესაზლოა დასჭირდეთ ქირურგიული ჩარევა სქოლიოზის გამოსასწორებლად.

გამომწვევი მიზეზი

სქოლიზოის ყველაზე ხშირი ფორმის გამომწვევი მიზეზების შესახებ ექიმებმა არ იციან. თუმცა მიჩნეულია, რომ დაავადების განვითარებაში ჩართულია გენეტიკური კომპონენტი, რადგან მდგომარეობას მემკვიდრულობა ახასიათებს. სქოლიოზის იშვიათი ფორმების მიზეზები:

  • ნეიროკუნთოვანი მდგომარეობები, როგორიცაა ცერებრალური დამბლა ან კუნთოვანი დისტროფია
  • თანდაყოლილი დეფექტები, რომლებიც აზიანებენ ხერხემლის ძვლებს
  • ხერხემლის ინფექციები ან ტრავმული დაზიანებები

სიმპტომები

სქოლიოზის სიმპტომები:

  • არათანაბარი მხრები
  • გამოკვეთილი ბეჭის ძვალი ცალ მხარეს
  • მუცლის არათანაბარი გარშემოწერილობა
  • ცალი ბარძაყის შედარებით მაღალი პოზიცია მეორე ბარძაყთან შედარებით



სქოლიოზის გამრუდების გაუარესების შემთხვევაში ხერხემალი გვერდზე გადახრის გარდა იწყებს ბრუნვას. მდგომარეობა იწვევს ცალ მხარეს ნეკნების გამოკვეთას. მძიმე შემთხვევებში სქოლიოზი იწვევს ზურგის ტკივილს და სუნთქვის გაზნელებას.

როდის მივმართოთ ექიმს

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აღენიშნება სქოლიოზი, მიმართეთ ექიმს. მსუბუქი გამრუდება, შესაძლოა, მიმდინარეობდეს შეუმჩნევლად, რადგან მდგომარეობა ნელ–ნელა ვითარდება და როგორც წესი, არ იწვევს ტკივილს. ზოგიერთ შემთხვევაში, მასწავლებელი, მეგობარი ან სპორტული გუნდელი პირველია, ვინც ამჩნევს ბავშვის მდგომარეობას.