სტილის სინდრომი მოზრდილებში

დაავადების აღწერა

სტილის სინდრომი ართრიტის იშვიათი ტიპია, რომელსაც თან ახლავს ყელის ანთება, კალმახის ფერის მსგავსი გამონაყარი და მაღალი სიცხე, რომელიც დღეში ერთხელ ან ორჯერ თვალსაჩინოდ იმატებს. სახსრების ტკივილი ამ ადრეული სიმპტომების შემდეგ რამდენიმე კვირაში ვითარდება.

დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მკვლევარები თვლიან, რომ იგი გარკვეული ინფექციის გამო იწყება. ზოგიერთ პაციენტს სინდრომის მხოლოდ ერთი ეპიზოდი აქვს, ზოგიერთი კი ქრონიკულად დაავადებულია ამ სინდრომით.

მოზრდილთა სტილის დაავადება ანთებითი ართრიტით მიმდინარეობს, რომელიც რევმატოიდულ ართრიტს წააგავს. ანთებამ შესაძლოა დააზიანოს სახსრები, განსაკუთრებით მაჯაში. მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, როგორიცაა პრედნიზოლონი, ანთების საკონტროლოდ.

გამომწვევი მიზეზი

სტილის დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ფიქრობენ, რომ იგი გარკვეული ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციის გამო იწყება.

სიმპტომები

სტილის სინდრომით დაავადებული პაციენტების უმრავლესობა უჩივის ამ სიმპტომთა გარკვეულ კომბინაციას:

  • ყელის ანთება. ერთ–ერთი პირველი სიმპტომია. კისრის ლიმფური ჯირკვლები შეიძლება შესივდეს და იყოს მტკივნეული.
  • სიცხე. შესაძლოა გქონდეთ სიცხე ყოველდღიურად (მინიმუმ 38,9C) ერთი კვირის ან მეტის განმავლობაში. სიცხე პიკს აღწევს გვიან შუადღეს ან საღამოს დასაწყისში. ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს სიცხის ორი პიკი დღეში. ეპიზოდებს შორის, სიცხე ნორმალურ ფარგლებს უბრუნდება.
  • გამონაყარი. კალმახის წინწკლების ფერი, ვარდისფერი გამონაყარი ქრება და ჩნდება სიცხესთან ერთად. გამოანაყარი გვხვდება ძირითადად ტანზე, ხელებზე ან ფეხებზე. ფიზიკური კონტაქტი, შეხება კანზე იწვევს გამონაყრის პროვოცირებას.
  • მტკივნეული და შესიებული სახსრები. სახსრები, განსაკუთრებით მუხლის, მაჯის, კოჭის, იდაყვის, ხელისა და მხრის, გაშეშებული, მტკივნეული და ანთებითია. ძირითადად, დისკომფორტი სახსრებში გასტანს 2 კვირას მაინც.
  • კუნთების ტკივილი. კუნთების ტკივილი ძირითადად სიცხესთან ერთად ქრება და ჩნდება. ტკივილი შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, რომ ხელი შეგიშალოთ ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
  • რომელიმე ამ სიმპტომის ქონა არ ნიშნავს, რომ სტილის სინდრომით ხართ დაავადებული. ნიშნები და სიმპტომები წააგავს სხვა დაავადებებს, როგორიცაა მონონუკლეოზი და სიმსივნის ერთ–ერთი ტიპი–ლიმფომა.


როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ მაღალი სიცხე, გამონაყარი, ტკივილი სახსრებში, მიმართეთ ექიმს მიზეზის დასადგენად. ასევე, თუ გაქვთ უკვე დიაგნოსტირებული სტილის დაავადება და გაგივითარდათ ხველა, სუნთქვის გაძნელება და ტკივილი გულკმერდის არეში ან სხვა უჩვეულო სიმპტომი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.