სტომატიტი (აფტოზური წყლული)
დაავადების აღწერა
სტომატიტი ძირითადად თავად გაივლის ერთ ან ორ კვირაში. მიმართეთ ექიმს ან სტომატოლოგს თუ გაქვთ უჩვეულოდ დიდი ან მტკივნეული წყლული, რომელიც არ რჩება.
გამომწვევი მიზეზი
სტომატიტის ზუსტი მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ მიზეზი ფაქტორთა კომბინაციაა, ერთ ადამიანშიც კი.
შესაძლო მიზეზებია:
- მცირე ტრამვა სტომატოლოგიური ჩარევის გამო, ზედმეტად უხეში ხეხვა, დაზიანება სპორტის დროს ან შემთხვევითი კბენა ლოყაზე
- კბილის პასტა ან სავლები, რომელიც შეიცავს ლაურილ სულფატს
- ალერგიები საკვებზე, განსაკუთრებით შოკოლადი, ყავა, მარწყვი, კვერცხი, თხილი, ყველი და მწარე ან მჟავე საკვები
- ვიტამინ B-12–ის, ცინკის, ფოლიუმის მჟავის ან რკინის დეფიციტი
- ალერგიული რეაქცია პირის ღრუს რომელიმე ბაქტერიაზე
- ჰელიკობაქტერ პილორი– ბაქტერია, რომელიც იწვევს კუჭის წყლულს
- ჰორმონალური ცვლილებები მენსტრუაციის დროს
- ემოციური სტრესი
სტომატიტი შეიძლება სხვა რომელიმე დაავადების გამოც გაჩნდეს. მაგ.:
- ცელიაკის დაავადება. გლუტენის (ცილა, შედის მარცვლოვანი საკვების შემადგენლობაში) მიმართ სენსიტიურობის გამო ნაწლავების მძიმე დაზიანება.
- ნაწლავის ანთებითი დაავადებები, როგორიცაა კრონი ან წყლულოვანი კოლიტი
- ბეხჩეტის დაავადება– იშვიათი სინდრომი, რომელიც იწვევს ანთებით რეაქციებს მთელ ორგანიზმში, მათ შორის პირის ღრუშიც.
- იმუნური სისტემის პრობლემა, როცა იგი საკუთარი ორგანიზმის ჯანსაღ უჯრედებს ებრძვის, პათოგენების ნაცვლად.
- აივ/შიდსი–იმუნური სისტემის სუპრესია
- ჰერპესის ვირუსის წყლულები განსხვავდება აფტოზური წყლულებისაგან.
სიმპტომები
სტომატიტის წყლული უმეტესად მრგვალი ან ოვალურია, ყვითელი ან თეთრი ცენტრითა და წითელი საზღვრებით. წყლული პირის ღრუში ჩნდება– ენის ქვეშ, ლოყების შიგნით, ტუჩის შიგნით, ღრძილებზე ან რბილ სასაზე. შესაძლოა შეამჩნიოთ წვის ან დაბუჟების შეგრძნება წყლულის გაჩენამდე 1–2 დღით ადრე.
არსებობს სტომატიტის წყლულის რამდენიმე ტიპი. მათ შორისაა მცირე, დიდი და ჰერპეტიფორმული.
მცირე წყლულები
ამ ტიპის წყლული ყველაზე ხშირია. წყლული:
- ძირითადად მცირე ზომისაა
- ოვალური ფორმა აქვს, წითელი საზღვრით
- გაივლის ნაწიბურის გარეშე 1–2 კვირაში
დიდი წყლულები
დიდი წყლულები ნაკლებგავრცელებულია. ამ დროს წყლული:
- დიდი ზომის და უფრო ღრმაა, ვიდრე მცირე წყლული
- ძირითადად მრგვალია, სწორი საზღვრებით, მაგრამ საზღვრები უსწორმასწოროა დიდი ზომის წყლულებში
- შესაძლოა იყოს ძალიან მტკივნეული
- ძლებს 6 კვირამდე და ტოვებს ნაწიბუროვან შრამს
ჰერპეტიფორმული წყლულები
ჰერპეტიფორმული წყლულები იშვიათია და ძირითადად ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება. წყლულს არ იწვევს ჰერპესის ვირუსი. ასეთი წყლულები:
- ძალიან მცირე, წერტილოვანი ზომისაა
- ხშირად ჯგუფებად გვხვდება– 10 დან 100 წყლულამდე, მაგრამ ერთიანდებიან ერთ დიდ წყლულად
- აქვს უსწორმასწორო საზღვრები
- გაივლის ნაწიბურის გარეშე 1–2 კვირაში
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:
- უჩვეულოდ დიდი ზომის წყლული
- განმეორებითი წყლული, ახალი დაზიანება ჩნდება ძველის გაქრობამდე, ხშირად მწვავდება
- პერსისტირებადი წყლული, ძლებს 2 კვირას ან მეტს
- წყლული, რომელიც ვრცელდება ტუჩებზეც
- ტკივილი, რომელსაც ვერ იყუჩებთ სახლის პირობებში
- კვების გაძნელება
- მაღალი სიცხე
- მიმართეთ სტომატოლოგს, თუ გაქვთ კბილის ბასრი ზედაპირი ან სტომატოლოგიური იმპლანტები, რომლებიც შესაძლოა იწვევდეს წყლულის გაჩენას.