თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე
დაავადების აღწერა
თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე რეალურად მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქალაშიდა წნევა საგრძნობლად იმატებს, თვალსაჩინო მიზეზის გარეშე.
სიმპტომებით, მდგომარეობა წააგავს თავის ტვინის სიმსივნეს, მაგრამ სიმსივნე არ დასტურდება ტვინში. თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებსა და მოზრდილებში, მაგრამ ყველაზე ხშირია ჭარბწონიან ქალებში, რეპროდუქციულ ასაკში.
რადგან ქალაშიდა წნევის მომატების მიზეზი ვერ დგინდება, თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე ასევე ცნობილია, როგორც ქალაშიდა წნევის იდიოპათიური მომატება.
მომატებული ქალაშიდა წნევა, რომელიც თავის ტვინის ფსევდოსიმსივნურ მდგომარეობას ახასიათებს, შეიძლება გახდეს მხედველობის ნერვის შეშუპების მიზეზი და გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა. მედიკამენტებით შესაძლებელია წნევის რეგულირება, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.
გამომწვევი მიზეზი
თავის ტვინის ფსევდოსიმსივნის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ შესაძლოა უკავშირდებოდეს თავზურგტვინის სითხის სიჭარბეს.
თავის და ზურგის ტვინი შემოფარგლულია თავზურგტვინის სითხით, რომელიც ამ ქსოვილებს იცავს დაზიანებისაგან. სითხე წარმოიქმნება თავის ტვინში და შემდეგ გაედინება, შეიწოვება სისხლში. გაზრდილი ქალაშიდა წნევა, რომელიც თავის ტვინის ფსევდოსიმსივნურ მდგომარეობას ახასიათებს, შესაძლოა იყოს გამოწვეული სისხლში სითხის გაწოვის პროცესის დარღვევით.
ზოგადად, ქალაშიდა წნევა მატულობს, როცა თავის ქალას შიგთავსი აჭარბებს ძვლოვან მოცულობას. მაგალითად, თავის ტვინის სიმსივნე იწვევს ქალაშიდა წნევის გაზრდას, რადგან სიმსივნისათვის საკმარისი ადგილი არ არის. იმავე მექანიზმით, ტვინის შეშუპება ან თავზურგტვინის სითხის დაგროვება იწვევს ქალაშიდა წნევის მატებას.
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ თავის ტვინის ფსევდოსიმსივნის დროს, პაციენტთა დიდ რიცხვს აღენიშნება გვერდითა სინუსების სტენოზი– შევიწროება. მიმდინარეობს კვლევა ამ მიმართულებით.
სიმპტომები
თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე ვლინდება ამ ნიშნებითა და სიმპტომებით:
- მსუბუქი ან ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც იწყება თვალებს უკან და უარესდება თვალების მოძრაობის დროს
- შუილი ყურში, რომელიც ემთხვევა გულის პულსს, შეკუმშვას
- გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან თავბრუსხვევა
- დაბინდული, არამკაფიო მხედველობა
- სიბრმავის ხანმოკლე ეპიზოდები, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება და შეიძლება შეეხოს ცალ ან ორივე თვალს
- გვერდითი მხედველობის დაქვეითება
- გაორებული მხედველობა– დიპლოპია
- სინათლის გაელვებები– ფოტოფსია
- კისრის, მხრის ან წელის ტკივილი