ტერფის თითების დეფორმაციები
დაავადების აღწერა
ტერფის თითების დეფორმაციები ყველაზე ხშირია ქალებში, რომლებიც ატარებენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ან ვიწრო ფეხსაცმელს.ამ დროს ფეხის თითები შევიწროვებულია. ამ ტიპის ფეხსაცმლის ტარება ავითარებს ზეწოლას თითებზე, რაც იწვევს პათოლოგიურ მოხრას თითებში.
განარჩევენ დეფორმაციის ორ ტიპს, რომელთაც ჩაქუჩისებრი თითების სახელით მოიხსენიებენ. ერთი ტიპის დეფორმაცია აზიანებს ფრჩხილთან ყველაზე ახლომდებარე სახსარს, ხოლო მეორე ტიპი– შუა სახსარს. დეფორმაცია ყველაზე ხშირია ცერა თითის გვერდით მდებარე თითზე.
ტკივილისა და დისკომფორტისაგან გასათავისუფლებლად შესაძლოა დაგჭირდეთ ფეხსაცმლის შეცვლა ან ფეხსაცმელში გარკვეული სუპინატორების მოთავსება. თუ ჩაქუჩისებრი დეფორმაცია მძიმეა, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც.
გამომწვევი მიზეზი
ჩაქუჩისებრი თითების განვითარება ასოცირებულია შემდეგ ფაქტორებთან:
- გარკვეული ფორმის ფეხსაცმელები. მაღალქუსლიანი ან ვიწრო ფეხსაცმელი იწვევს თითების შევიწროებასა და დეფორმაციის განვითარებას. თითების მოხრის მდგომარეობა ზოგჯერ ფეხსაცმლის გახდის შემდეგაც შეიმჩნევა.
- ტრავმა. ფეხის თითის მოტეხვა ან სხვა დაზიანება შესაძლოა გახდეს ჩაქუჩისებრი დეფორმაციის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი.
- ნერვის დაზიანება ან დაავადებები. ჩაქუჩისებრი თითები ხშირია ადამიანებში, რომელთაც ტერფის ნერვები დაზიანებული აქვთ, რომელიმე დაავადების– ინსულტის, დიაბეტის და ა.შ გამო.
სიმპტომები
ჩაქუჩისებრი თითები გამოწვეულია სახსრის პათოლოგიური მოხრით, ერთ ან რამდენიმე თითში. დაზიანებული თითის მოძრაობა შესაძლოა მტკივნეული ან გაძნელებული იყოს. კანზე რქოვანი ან ძვლოვანი წანაზარდები შესაძლოა გაჩნდეს ფეხსაცმლის გამო.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ხანგრძლივი ტკივილი და გიჭირთ სიარული.