ტეტანუსი

დაავადების აღწერა

ტეტანუსი არის სერიოზული ბაქტერიული დაავადება რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს კუნთების მტკივნეულ შეკუმშვებს, განსაკუთრებით ყბის და კისრის არეში. ტეტანუსმა შეიძლება ხელი შეუშალოს სუნთქვას და სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე.
ვაქცინის არსებობის გამო ტეტანუსის შემთხვევები ა.შ.შ-ში და განვითარებულ მსოფლიოში იშვიათია. ტეტენუსი გაცილებით ხშირად გვხვდება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. წელიწადში დაახლოებით ერთი მილიონი შემთხვევა ვითარდება.
ტეტანუსის განკურნება შეუძლებელია. მკურნალობა დაფუძნებულია გართულებების მართვაზე სანამ ტეტანუსის ტოქსინი ეფექტები ჩაცხრება. სიკვდილიანობა ყველაზე ხშირია არაიმუნიზებულ ადამიანებში და მოხუცებში, რომლებიც საკმარისად იმუნიზებული არ არიან.

გამომწვევი მიზეზი

ტეტანუსის გამომწვევი ბაქტერია, კლოსტრიდიუმ ტეტანი, გვხვდება ნიადაგში, მტვერში და ცხოველების განავალში. როდესაც ბაქტერია ხვდება ღრმა ჭრილობაში, მისი სპორები წარმოქმნიან ძლიერ ტოქსინს, ტეტანოსპაზმინს, რომელიც აზიანებს კუნთების მაკონტროლებელ მოტორულ ნეირონებს. ტოქსინის ზემოქმედება იწვევს კუნთების სიხისტეს და სპაზმს (ტეტანუსის ძირითადი ნიშნები).

სიმპტომები

ტეტანუსის ნიშნები და სიმპტომი შეიძლება გაჩნდეს ბაქტერიის ორგანიზმში შეჭრიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირაში. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 7-8 დღეა.

ტეტანუსის ხშირი ნიშნები და სიმპტომი, მათი გაჩენის თანმიმდევრობით, არის:

  • ყბის კუნთების სპაზმი და გაშეშება
  • კისრის კუნთების გაშეშება
  • ყლაპვის გაძნელება
  • მუცლის კუნთების სიხისტე
  • სხეულის მტკივნეული სპაზმები, რომლებიც რამდენიმე წუთი გრძელდება. გამშვები ფაქტორები ისეთი უმნიშვნელო მოვლენებია, როგორებიცაა ხმამაღალი ხმა, შეხება ან სინათლე
  • სხვა ნიშნები და სიმპტომებია:
  • ტემპერატურის მომატება
  • ოფლიანობა
  • გაზრდილი სისხლის წნევა
  • სწრაფი გულისცემა




როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს ტეტანუსის აცრის გასაკეთებლად თუ გაქვთ ღრმა ან ბინძური ჭრილობა და ბოლო 5 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ აცრა. აგრეთვე მიმართეთ ექიმს ნებისმიერი ჭრილობის დროს – განსაკუთრებით თუ იგი დაბინძურდა ჭუჭყით ან ცხოველის განავლით – თუ არ გაგიკეთებიათ აცრა ბოლო 10 წლის განმავლობაში.