თირკმლის არტერიის სტენოზი

დაავადების აღწერა

თირკმლის არტერიის სტენოზი წარმოადგენს თირკმელში მიმავალი ერთი ან მეტი არტერიის შევიწროვებას.

არტერიების შევიწროება ხელს უშლის ჟანგბადით გამდიდრებული სისხლის საკმარისი რაოდენობის მიწოდებას თირკმლისადმი. თირკმლებს ესაჭიროებათ სისხლით სათანადო მომარაგება, რათა გაფილტრონ ნარჩენი პროდუქტები და გაათავისუფლონ ორგანიზმი ჭარბი სითხეებისგან. თირკმელში სისხლის ნაკადის შემცირება იწვევს მთელ ორგანიზმში წნევის მატებას და აზიანებს თირკმლის ქსოვილს.

გამომწვევი მიზეზი

თირკმლის არტერიის სტენოზის ორი მთავარი გამომწვევი მიზეზი:

  • თირკმლის არტერიების ათეროსკლეროზი. ათეროსკლეროზი წარმოადგენს ცხიმოვანი ნივთიერებების, ქოლესტეროლის და სხვა სუბსტანციების(ფოლაქები) დაგროვებას არტერიის კედლებში. დეპოზიტების ზომაში მატებასთან ერთად ისინი სქელდებიან და მაგრდებიან, რაც განაპირობებს სისხლის ნაკადის შემცირებას და თირკმლის დანაწიბუროვანებას. საბოლოო ჯამში ვიწროვდება არტერია. თირკმლის არტერიის სტენოზის უმეტესი შემთხვევები ათეროსკლეროზითაა გამოწვეული.
  • ფიბროკუნთოვანი დისპლაზია. ფიბრო კუნთოვანი დისპლაზიის დროს, არტერიის კედელში არსებული კუნთი იზრდება არასწორად. თირკმლის არტერიაში აღინიშნება შევიწროებების მონაკვეთები, რომლებსაც მოყვება გაგანიერებული ნაწილები. არტერიების გადაღების დროს სისხლძარღვების ანატომია წააგავს მძივს. თირკმლის არტერიის შევიწროება შესაძლოა იყოს იმდენად მძიმე, რომ დაზიანდეს თირკმელი. მდგომარეობა,ზოგჯერ, ორივე თირკმელში ვითარდება. ფიბროკუნთოვანი დისპლაზიის მიზეზები უცნობია, თუმცა მდგომარეობა უფრო ხშირია ქალებში და შესაძლოა უკავშირდებოდეს გენეტიკას.



თირკმლის არტერიების გარდა, ათეროსკლეროზი და ფიბროკუნთოვანი დისპლაზია შესაძლოა სხვა არტერიებსაც აზიანებდნენ ორგანიზმში.

იშვიათ შემთხვევებში, თირკმლის არტერიის სტენოზი გამოწვეულია სხვა მდგომარეობებით, მაგალითად: სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი); ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც იწვევს ნერვულ ქსოვილებში სიმსივნეების გაჩენას(ნეიროფიბრომატოზი); წანაზარდი მუცლის არეში, რომელიც აწვება თირკმლის არტერიებს(გარეგანი კომპრესია).

სიმპტომები

თირკმლის არტერიის სტენოზი, ხშირად, გვიანდელ ეტაპებამდე სიმპტომების გამოვლინებას არ იწვევს. თირკმლის არტერიის შევიწროების მქონე პაციენტების უმრავლესობას სიმპტომები არ აღენიშნება. მდგომარეობას ხშირად შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე სხვა მიზეზით ჩატარებული ანალიზების განხილვის დროს. ექიმმა მდგოამრეობა ეჭვი შეიძლება მიიტანოს, თუ თქვენ აღგენიშნებათ:

  • სისხლის მაღალი წნევა, რომელიც დაიწყო მოულოდნელად
  • სისხლის მაღალი წნევა, რომელიც ვითარდება 30 წლამდე ან 55 წლის შემდგომ



თირკმლის არტერიის სტენოზის პროგრესირებასთან ერთად აღმოცენებული სიმპტომები:

  • სისხლის მაღალი წნევა, რომელიც რთულად რეგულირდება
  • შუილისებრი ხმიანობა, რომელიც ისმის შევიწროებულ სისხლძარღვში სისხლის დინების შედეგად. ამ ხმიანობის გაგება ექიმს შეუძია სტეტოსკოპით თირკმლების მოსმენის შედეგად
  • ცილის მაღალი შემცველობა შარდში ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითების სხვა სიმპტომები
  • სისხლის მაღალი წნევის მკურნალობის დროს თირკმლის ფუნქციების გაუარესება
  • ჭარბი სითხე და შესიება ორგანიზმის ქსოვილებში
  • მკურნალობისადმი რეზისტენტული გულის უკმარისობა



როდის მივმართოთ ექიმს

საგანგაშო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.