თირკმლის ინფექცია
დაავადების აღწერა
თირკმლის ინფექცია (პიელონეფრიტი) საშარდე გზების სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც ძირითადად შარდსადენსა და შარდის ბუშტში იწყება და შემდეგ ვრცელდება თირკმელზე.
თირკმლის ინფექცია საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. მკურნალობის გარეშე, ინფექცია მუდმივ ზიანს აყენებს თირკმელს, ბაქტერიები კი შესაძლოა სისხლშიც გავრცელდეს და გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ინფექცია.
თირკმლის ინფექციის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები გამოიყენება. ხშირია ჰოსპიტალიზაცია.
გამომწვევი მიზეზი
თირკმლის ინფექცია ტიპიურად ბაქტერიების მიერ საშარდზე გზებში შეღწევის გამო ვითარდება. ბაქტერიები შარდსადინარში მრავლდებიან და ვრცელდებიან თირკმელზეც.
სხეულის ნებისმიერ ნაწილში არსებული ბაქტერია შესაძლოა გავრცელდეს სისხლით და ისე დააინფიციროს თირკმელი. თირკმლის ინფექცია ხშირია ამ გზითაც, ასევე შესაძლებელია ხელოვნური სახსრის ან გულის სარქველის დაინფიცირების გამო განვითარდეს პიელონეფრიტი.
იშვიათად, ინფექცია თირკმელზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ ვითარდება.
სიმპტომები
თირკმლის ინფექციის ნიშნები და სიმპტომებია:
- სიცხე
- წელის, გვერდების, საზარდულის ტკივილი
- მუცლის ტკივილი
- გახშირებული შარდვა
- მოშარდვის ძლიერი, ხშირი სურვილი
- წვის შეგრძნება ან ტკივილი შარდვის დროს
- ჩირქი ან სისხლი შარდში
- შარდის უჩვეულოდ უსიამოვნო სუნი ან მღვრიე შარდი
როდის მივმართოთ ექიმს
დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ რომელიმე სიმპტომი. ასევე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია თუ იღებთ მკურნალობას საშარდე გზის ინფექციისათვის, მაგრამ სიმპტომები არ გიმსუბუქდებათ ან მდგომარეობა უარესდება.
თირკმლის მძიმე ინფექცია იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ გართულებებსაც. მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება თუ გაქვთ ტიპიური სიმპტომები და აღგენიშნათ სისხლი შარდში, გულისრევის შეგრძნება და ღებინება.