თირკმლის ქრონიკული დაავადება

დაავადების აღწერა

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ასახავს თირკმლის ფუნქციის თანდათანობით დაქვეითებას. თირკმელები ფილტრავენ ცხოველქმედების პროდუქტებსა და ზედმეტ სითხეს ორგანიზმში, ფილტრატს კი გამოყოფენ შარდის სახით. როცა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა მძიმდება, სითხის, ელექტროლიტებისა და ნარჩენი ნივთიერებების საშიში დონე გროვდება სისხლში.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის საწყის ეტაპებზე ნიშნები და სიმპტომები ზოგჯერ არ გვხვდება. ქრონიკული უკმარისობა თირკმლის მნიშვნელოვან დაზიანებამდე შესაძლოა არც გამოვლინდეს.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა მიზნად ისახავს დაზიანების პროგრესიის შეჩერებას, გამომწვევი მიზეზის კონტროლის გზით. თირკმლის ქრონიკული უკმარისობა შესაძლოა გართულდეს თირკმლის საბოლოო გათიშვამდე, რაც სასიკვდილოა ხელოვნური ფილტრის მექანიზმის (დიალიზი) ან თირკმლის ტრანსპლანტაციის გარეშე.

გამომწვევი მიზეზი

თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ვითარდება მაშინ, როცა თირკმლის დაავადება აზიანებს მის ფუნქციას, იწვევს პროცესებს, რომლებიც მძიმდება თვეების ან წლების განმავლობაში.

დაავადებები, რომლებიც ხშირად იწვევენ ქრონიკულ უკმარისობას თირკმელში:

  • პირველი ან მეორე ტიპის დიაბეტი
  • მაღალი არტერიული წნევა
  • გლომერულონეფრიტი– თირკმლის ფილტრაციის ქსოვილების ანთება
  • ინტერსტიციული ნეფრიტი– თირკმლის მილაკების და გარშემო სტრუქტურების ანთება
  • თირკმლის პოლიკისტური დაავადება
  • საშარდე სისტემის ხანგრძლივი ობსტრუქცია, მაგ.: გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის დროს, თირკმლის კენჭების გამო და სიმსივნეების გამო
  • შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთში სითხის რეფლუქსი– მდგომარეობა, როდესაც შარდი უკან ადის, თირკმელებამდე
  • განმეორებითი ინფექცია თირკმელში, პიელონეფრიტი

სიმპტომები

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები თანდათანობით ვლინდება, დაავადების დამძიმებასთან ერთად.ესენია:

  • გულისრევის შეგრძნება
  • ღებინება
  • უმადობა
  • დაღლილობა და სისუსტე
  • ძილის პრობლემები
  • შარდის გამოყოფის ცვლილებები
  • მენტალური ფუნქციის დაქვეითება
  • კუნთების თამაში და კრუნჩხვითი შეგრძნება
  • სლოკინი
  • ფეხების ან კოჭების შეშუპება
  • ძლიერი ქავილი
  • ტკივილი გულმკერდის არეში, თუ სითხე გულის გარშემო დაგროვდა
  • სუნთქვის უკმარისობა, თუ სითხე ფილტვებში დაგროვდა
  • მაღალი არტერიული წნევა, რომელიც რთულად კონტროლდება



თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები ხშირად ატასპეციფიკურია, ანუ შესაძლოა ემთხვეოდეს სხვა დაავადებების სიმპტომებს. რადგან თირკმელი განიცდის ადაპტაციას და აკომპენსირებს დაზიანებებს, ნიშნები და სიმპტომები ჩნდება გვიან, მნიშვნელოვანი ხარისხის დაზიანების შემდეგ.

როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები.

თუ გაქვთ კლინიკური მდგომარეობა, დაავადება, რომელიც ზრდის თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს, ექიმი გირჩევთ, დააკვირდეთ არტერიულ წნევას და გააკონტროლოთ შარდის გამოყოფა, ასევე ჩაიტაროთ სისხლის კვლევები რეგულარული ვიზიტების დროს. კითხეთ ექიმს, საჭიროა თუ არა ეს ზომები თქვენთვის.