ტონსილიტი

დაავადების აღწერა

ტონზილიტი არის ნუშურა ჯირკვლების ანთება. ნუშურა ჯირკვლები წყვილი ორგანოა, რომელიც მდებარეობს ყელის უკანა ნაწილში. ტონზილიტის ნიშნები და სიმპტომებია ნუშურა ჯირკვლების შესიება, ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება და კისრის გვერდითა ნაწილებში მგრძნობიარე ლიმფური კვანძები.

ტონზილიტის შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია ვირუსული ინფექციით, თუმცა ბაქტერიული ინფექციები აგრეთვე იწვევენ ტონზილიტს.

იმის გამო, რომ ტონზილიტის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევზე, მნიშვნელოვანია დროული და ზუსტი დიაგნოზის დასმა. ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთა ადრე გავრცელებული პროცედურა იყო, დღეს კი მას ატარებენ როდესაც ტონზილიტი ხშირად ვითარდება, არ ექვემდებარება სხვა მკურნალობას ან იწვევს სერიოზულ გართულებებს.

გამომწვევი მიზეზი

ტონზილიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია ვირუსები, თუმცა მისი გამოწვევა ბაქტერიულ ინფექციასაც შეუძლია.

ტონზილიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი A ჯგუფის სტრეპტოკოკული ბაქტერიაა. ეს ბაქტერია აგრეთვე იწვევს სტრეპტოკოკულ ფარინგიტს. სტრეპტოკოკის სხვა შტამები და სხვა ბაქტერიები აგრეთვე იწვევენ ტონზილიტს.

რატომ ვითარდება ნუშურა ჯირკვლების ანთება?

ნუშურა ჯირკვლები იმუნური სისტემის დაცვის პირველი ხაზია პირიდან მოხვედრილი ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ. ამ ფუნქციის გამო ნუშურა ჯირკვლები ანთებისა და ინფექციის განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. ნუშურა ჯირკვლების იმუნური ფუნქცია სუსტება გარდატეხის ასაკის შემდეგ. ამასთანაა დაკავშირებული ტონზილიტის იშვიათი შემთხვევები ზრდასრულობის ასაკში.

სიმპტომები

ტონზილიტი ყველაზე ხშირად ვითარდება სკოლამდელ და მოზარდ ბავშვებში. ტონზილიტის ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

  • წითელი, შესიებული ნუშურა ჯირკვლები
  • თეთრი ან ყვითელი ნადები ნუშურა ჯირკვლებზე
  • ყელის ტკივილი
  • გაძნელებული ან მტკივნეული ყლაპვა
  • ტემპერატურის მომატება
  • გაზრდილი, მგრძნობიარე გლანდები ყელში
  • ჩახლეჩილი ან ხრინწიანი ხმა
  • უსიამოვნო სუნი
  • კუჭის ტკივილი, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში
  • ყელის გაშეშება
  • თავის ტკივილი



პატარა ბავშვებში, რომლებიც ვერ აღწერენ მათ შეგრძნებებს, ტონზილიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ნერწყვდენა გაძნელებული ან მტკივნეული ყლაპვის გამო
  • ჭამაზე უარის თქმა
  • უჩვეულო მოუსვენრობა



როდის მივმართოთ ექიმს

ტონზილიტის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოზის დასმა.

მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს აქვს:

  • ყელის ტკივილი, რომელიც 24 საათში არ ქრება
  • მტკივნეული ან გაძნელებული ყლაპვა
  • ძლიერი სისუსტე, დაღლილობა ან მოუსვენრობა



სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ ბავშვს აქვს:

  • სუნთქვის გაძნელება
  • ყლაპვის გაძნელება
  • ნერწყვდენა