ტრიქინელოზი

დაავადების აღწერა

ტრიქინელოზი (ტრიქინოზი) არის მრგვალი ჭიით გამოწვეული ინფექცია. მრგვალი ჭიები არიან პარაზიტები, რომლებსაც ზრდა-განვითარებისთვის სჭირდებათ მასპინძელი ორგანიზმი. ეს ინფექცია ყველაზე ხშირად ვითარდება ხორცის მჭამელ ცხოველებში (დათვი, მელია, ლომვეშაპი), ადამიანში კი ხვდება მრგვალი ჭიების ლარვებით დაბინძურებული უმი ან თერმულად დაუმუშავებელი საკვების მიღებისას.

როდესაც ადამიანი ჭამს ტრიქინელას ლარვებით დაბინძურებულ ხორცს, ლარვები ხვდებიან ნაწლავებში, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში გარდაიქმნებიან ზრდასრულ ჭიებად. ზრდასრული ჭიები შემდეგ წარმოქმნიან ლარვებს, რომლებიც ხვდებიან სხვადასხვა ქსოვილებში, მათ შორის კუნთებში. ტრიქინელოზი ყველაზე გავრცელებულია ქალაქგარეთ.

ტრიქინელოზის მკურნალობა შეიძლება მედიკამენტებით, თუმცა ეს ყოველთვის არ არის აუცილებელი. ადვილია ტრიქინელოზის პრევენცია.

გამომწვევი მიზეზი

ტრიქინელოზი ვრცელდება თერმულად დაუმუშავებელი და ლარვებით დაბინძურებული ხორცის ჭამით. ბუნებაში, ცხოველები ინფიცირდებიან სხვა დაინფიცირებული ცხოველების ჭამის შედეგად. ღორები და ცხენები შეიძლება დაინფიცირდნენ ნაგვიდან ხორცის ნარჩენების ჭამით. ძროხები არ ჭამენ ხორცს, ამიტომ მათში ინფექცია არ გვხვდება.

ა.შ.შ-ში ღორისა საკვების და პროდუქტების გაძლიერებული რეგულაციის გამო, ღორი ინფექციის იშვიათი წყაროა. გარეული ცხოველები, მათ შორის დათვი, კვლავ ინფექციის წყაროდ რჩება.

სიმპტომები

მუცლისმხრივი სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს ინფიცირებიდან 1-2 დღეში. სხვა სიმპტომები როგორც წესი ინფიცირებიდან 2-8 კვირაში ჩნდება. სიმპტომების სიმწვავე დამოკიდებულია ლარვების რაოდენობაზე დაინფიცირებულ ხორცში.

შესაძლოა არ იყოს ნიშნები და სიმპტომები

ტრიქინელოზის მსუბუქი შემთხვევების დროს, როდესაც ორგანიზმში ცოტა პარაზიტია, შეიძლება არ გაჩნდეს შესამჩნევი ნიშნები და სიმპტომები. სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს საშუალო ან მძიმე ინფექციის დროს, როდესაც პარაზიტი მოძრაობს ორგანიზმში.

საწყისი ნიშნები და სიმპტომები

თქვენ ყლაპავთ ტრიქინელას ლარვას, რომელიც ცისტაშია მოთავსებული. საჭმლის მომნელებელი წვენები ინელებენ ცისტას, რის შედეგადაც პარაზიტი თავისუფლდება ორგანიზმში. ლარვები შემდეგ ხვრეტენ წვრილი ნაწლავის კედლებს, სადაც ისინი გარდაიქმნებიან ზრდასრულ ჭიებად. ამ ეტაპზე შეიძლება გქონდეთ:

  • ფაღარათი
  • მუცლის ტკივილი
  • დაღლილობა
  • გულისრევა და პირღებინება



მოგვიანებითი ნიშნები და სიმპტომები

ინფიცირებიდან 1 კვირის შემდეგ, ზრდასრული მდედრი ჭია წარმოქმნის ლარვებს, რომლებიც გადიან ნაწლავის კედელში, შედიან სისხლის მიმოქცევაში და საბოლოოდ ხვდებიან კუნთებში და სხვა ქსოვილებში. ქსოვილების ინფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • მაღალი ტემპერატურა
  • კუნთების ტკივილი და მგრძნობელობის მომატება
  • ქუთუთოებისა და სახის შეშუპება
  • სისუსტე
  • თავის ტკივილი
  • მგრძნობელობის მომატება სინათლისადმი
  • კონიუქტივიტი



როდის მივმართოთ ექიმს

ტრიქინელოზის მსუბუქი ფორმის დროს შეიძლება არ გქონდეთ სიმპტომები და არ დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება. მიმართეთ ექიმს, თუ ღორის ან გარეული ცხოველის ხორცის ჭამიდან დაახლოებით 1 კვირის შემდეგ შეამჩნევთ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს ან კუნთების ტკივილს და შეშუპებას.