თრომბოფლებიტი
დაავადების აღწერა
თრომბოფლებიტი ვითარდება, როდესაც თრომბი ახშობს ერთ ან მეტ ვენას, როგორც წესი ფეხში. იშვიათად, თრომბოფლებიტი შეიძლება განვითარდეს მკლავებში ან კისერში.
დაზიანებული ვენა შეიძლება იყოს ზედაპირზე (ზედაპირული თრომბოფლებიტი) ან ღრმად კუნთში (ღრმა ვენების თრომბოზი). თრომბოფლებიტი შეიძლება გამოიწვიოს ტრავმამ, ოპერაციამ ან ხანგრძლივმა აქტივობამ. ზედაპირული თრომბოფლებიტი შეიძლება განუვითარდეთ ვარიკოზული ვენების მქონე ადამიანებს.
ღრმა ვენაში წარმოქმნილი თრომბი ზრდის სერიოზული მდგომარეობების რისკს. ერთ-ერთი ასეთი მათგანია თრომბის მოწყდომა (ემბოლია), ფილტვებში მოხვედრა და არტერიის დახშობა (პულმონარული ემბოლია). ღრმა ვენების თრომბოზის და ხანდახან ზედაპირული თრომბოფლებიტის მკურნალობა სისხლის გამათხელებლებით ხდება.
გამომწვევი მიზეზი
თრომბოფლებიტის მიზეზი სისხლის თრომბია. თრომბები წარმოიქმნება სისხლის ცირკულაციის დარღვევისას ბევრი მიზეზის გამო. თრომბოფლებიტის დროს თრომბის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ვენის დაზიანება
- სისხლის შედედების თანდაყოლილი პათოლოგია
- ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმოძრაობა, მაგალითად საავადმყოფოში წოლის დროს
სიმპტომები
ზედაპირული თრომბოფლებიტის სიმპტომებია:
- სიმხურვალე, მგრძნობელობის მომატება და ტკივილი დაზიანებულ არეში
- სიწითლე და შეშუპება
ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომებია:
- ტკივილი
- შეშუპება
თუ დაზიანებული ვენა კანის ზედაპირთან ახლოსაა, კანის ქვეშ შეიძლება შეამჩნიოთ წითელი, მაგარი და მგრძნობიარე ზონარი. ფეხის ღრმა ვენის დაზიანებისას ვითარდება ფეხის შეშუპება, ტკივილი და მგრძნობელობის მომატება.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ წითელი, შეშუპებული ან მგრძნობიარე ვენა, განსაკუთრებით თუ გაქვთ თრომბოფლებიტის ერთი ან მეტი რისკ-ფაქტორი. თუ გაქვთ ფეხების შეშუპება და ტკივილი, რომელსაც თან ერთვის სუნთქვის უკმარისობა და მკერდის ტკივილი ჩასუნთქვისას, დარეკეთ სასწრაფოში. ეს ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ღრმა ვენების თრომბოზზე, რომელიც ზრდის თრომბის მოწყვეტის და ფილტვებში მოხვედრის რისკს.