ტუბერკულოზი
დაავადების აღწერა
ტუბერკულოზი არის პოტენციურად სერიოზული ინფექციური დაავადება, რომელიც უპირატესად ფილტვებს აზიანებს. ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები ერთი ადამიანდან მეორეზე ვრცელდება დახველებისას ან დაცემინებისას გამონთავისუფლებული პატარა წვეთების გზით.
ტუბერკულოზი განვითარებულ ქვეყნებში იშვიათი დაავადება იყო, 1985 წლიდან კი გაიზარდა ინფექციების რისკი. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია აივ ინფექციის გავრცელებით, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას. იმუნური სისტემა აუცილებელია ტუბერკულოზთან ბრძოლისთვის. ა.შ.შ-ში გამკაცრებული კონტროლის გამო ტუბერკულოზის შემთხვევების რიცხვი 1993 წელს ისევ შემცირდა.
ტუბერკულოზის ბევრ შტამს რეზისტენტობა აქვს ხშირად გამოყენებული წამლების მიმართ. აქტიური ტუბერკულოზის მქონე ადამიანებმა მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა ანტიბიოტიკები უნდა მიიღონ რათა გაქრეს ინფექცია და არ განვითარდეს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა.
გამომწვევი მიზეზი
ტუბერკულოზს იწვევს ბაქტერია, რომელიც ერთი ადამიანიდან მეორეზე ვრცელდება ჰაერში არსებული წვეთების მეშვეობით. ეს შეიძლება მოხდეს როდესაც აქტიური ტუბერკულოზის მქონე ადამიანი დაახველებს, დააცემინებს ან გაიცინებს.
ტუბერკულოზი გადამდებია, თუმცა მისი ორგანიზმში მოხვედრა ადვილი არ არის. მკურნალობა ჩატარებულ ადამიანთა უმეტესობა 2 კვირის შემდეგ აღარ არის გადამდები.
აივ და ტუბერკულოზი
1980 წლის შემდეგ ტუბერკულოზის შემთხვევების მომატების მიზეზი შიდსის გამომწვევი აივ ვირუსის გავრცელებაა. აივ ინფექცია ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმი სათანადოდ ვეღარ ებრძვის ტუბერკულოზის ბაქტერიებს. აივ ინფექციის მქონე ადამიანებს გაცილებით დიდი შანსი აქვთ ტუბერკულოზის აქტიური დაავადების განვითარების.
რეზისტენტული ტუბერკულოზი
კიდევ ერთი მიზეზი რატომაც კლავს ტუბერკულოზი ამდენ ადამიანს მსოფლიოში არის რეზისტენტული შტამების არსებობა. ბევრ ტუბერკულოზის ბაქტერიას განუვითარდება რეზისტენტობა ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკების მიმართ. ეს რეზისტენტობა მათ შთამომავლობას გადაეცა.
რეზისტენტული შტამები ჩნდება, როდესაც ანტიბიოტიკი არ კლავს ყველა ბაქტერიას. გადარჩენილ ბაქტერიებს უვითარდებოდა რეზისტენტობა გამოყენებული და ხშირად სხვა ბაქტერიების მიმართ. ზოგიერთ ტუბერკულოზის ბაქტერიას რეზისტენტობა განუვითარდა ყველაზე ხშირად გამოყენებული ანტიბიოტიკების (იზონიაზიდი, რიპამფინი) წინააღმდეგ.
ტუბერკულოზის ზოგიერთ შტამს რეზისტენტობა განუვითარდა უფრო იშვიათად გამოყენებული ანტიბიოტიკების, მაგალითად ფლუოროქვინოლონების, ამიკაცინის, კანამიცინის და კაპრეომიცინის წინააღმდეგ. ეს მედიკამენტები ხშირად გამოიყენაბ იმ შტამების საწინააღმდეგოდ, რომლებსაც რეზისტენტობა აქვთ განვითარებული გავრცელებულ ანტიბიოტიკებზე.
სიმპტომები
ორგანიზმში შეიძლება იყოს ტუბერკულოზის ბაქტერია, მაგრამ იმუნური სისტემა ხელს უშლის დაავადების განვითარებას. ამ მიზეზით აუცილებელია განვასხვავოთ:
- ლატენტური ტუბერკულოზი. ამ მდგომარეობის დროს თქვენ გაქვთ ტუბერკულოზის ინფექცია, თუმცა ბაქტერიები ორგანიზმში არა-აქტიურ მდგომარეობაში არიან და არ იწვევენ სიმპტომებს. ლატენტური ტუბერკულოზი გადამდები არ არის. იგი შეიძლება გარდაიქმნას აქტიურ ტუბერკულოზად, ამიტომ მნიშვნელოვანია ლატენტური ტუბერკულოზის მქონე ადამიანის მკურნალობა. ითვლება, რომ დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს აქვს ლატენტური ტუბერკულოზი.
- აქტიური ტუბერკულოზი. ამ დროს ვითარდება გადამდები დაავადება. იგი შეიძლება განვითარდეს ტუბერკულოზის ბაქტერიის ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე კვირაში ან წელიწადში.
აქტიური ტუბერკულოზის ნიშნები და სიმპტომებია:
- ხველა, რომელიც 3 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება
- სისხლიანი ხველა
- მკერდის ტკივილი ან სუნთქვის და ხველის დროს ტკივილი
- წონაში უმიზეზო კლება
- დაღლილობა
- ტემპერატურის მომატება
- ღამის ოფლიანობა
- შეციება
- მადის დაკარგვა
ტუბერკულოზმა აგრეთვე შეიძლება დააზიანოს სხეულის სხვა ნაწილები, მაგალითად თირკმელები, ხერხემალი და ტვინი. ამ დროს სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანებულ ორგანზე. ხერხემლის ტუბერკულოზის დროს შეიძლება გქონდეთ ზურგის ტკივილი, თირკმლის ტუბერკულოზის დროს კი სისხლიანი შარდი.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ მომატებული ტემპერატურა, წონაში უმიზეზი კლება, ღამის ოფლიანობა ან ხანგრძლივი ხველა. ესენი ტუბერკულოზის ხშირი ნიშნებია, თუმცა მათი გამომწვევი სხვა დაავადებაც შეიძლება იყოს. ექიმი დაგეხმარებათ მიზეზის დადგნეაში.
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ურჩევს ტუბერკულოზის რისკის მქონე ყველა ადამიანს ლატენტურ ტუბერკულოზზე სკრინინგის ჩატარებას. ტუბერკულოზის მაღალი რისკ-ჯგუფებია:
- აივ/შიდსის მქონე ადამიანები
- ინტრავენური ნარკომანები
- ტუბერკულოზით დაავადებულთა ახლობლები
- ჯანდაცვის სფეროში მომუშავები ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ტუბერკულოზის მქონე ადამიანებთან