თვალების სიმშრალე

დაავადების აღწერა

თვალების სიმშრალე ვითარდება მაშინ, როდესაც ცრემლი ვერ უზრუნველყოფს თვალების სათანადო დატენიანებას. არასათანადო დატენიანების ბევრი მიზეზი არსებობს. მაგალითად, თვალების სიმშრალე ვითარდება მაშინ, როდესაც არ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით ცრემლები, ან წარმოიქმნება დაბალი ხარისხის ცრემლი.

თვალების სიმშრალე დისკომფორტს იწვევს. თუ თქვენ გაქვთ თვალების სიმშრალე, შესაძლოა აღინიშნებოდეს ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება. თვალების სიმშრალე შესაძლოა განვითარდეს რამოდენიმე სიტუაციაში: თვითმფრინავით მგზავრობისას, კონდიცირებულ ოთახში, ველოსიპედის ტარებისას, კომპიუტერის ეკრანთან ხანგრძლივად ყოფნის დროს.

თვალების სიმშრალის მკურნალოამ შესაძლოა შეამსუბუქოს დისკომფორტი. მკურნალობა მოიცავს ცხოვრების სტილის შეცვლას და თვალის წვეთებს. უფრო მძიმე მდგომარეობების შემთხვევაში, ზოგჯერ, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა

გამომწვევი მიზეზი

თვალების სიმშრალეს იწვევს მათი არასათანადო დატენიენება. ცრემლი წყლის, ცხიმოვანი ნივთიერებებისა და ლორწოს კომპლექსური ნარევია. ცრემლი უზრუნველყოფს თვალების ზედაპირის სისუფთავესა და სიგლუვეს, იგი აგრეთვე თვალებს ინფექციებისაგან იცავს.

ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, სიმშრალის პრობლემა ცრემლების შემადგენლობაში მდგომარეობს. სხვა პაციენტებში სიმშრალის მიზეზი არის ცრემლების არასაკმარისი წარმოქმნა, რის შედეგადაც თვალების ლუბრიკაცია არ ხდება. მდგომარეობას იწვევს აგრეთვე ქუთუთოების პრობლემები, ზოგიერთი მედიკამენტი და სხვა გარემო ფაქტორები.

ცრემლის შემადგენლობის პრობლემები

ცრემლის შემადგენლობაში სამი ძირითადი ფენაა:ცხიმი, წყალი და ლორწო. თითოეულმა ფენის პრობლემამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალების სიმშრალის სიმპტომები.

ცხიმი. ცრემლის გარეთა შრე, რომელიც წარმოიქმნება ქუთუთოების კიდეში არსებული მცირე ზომის ჯირკვლებში, შეიცავს ცხიმოვან ნივთიერებებს, რომლებსაც ლიპიდებს უწოდებენ. ცხიმოვანი ნივთიერებები ცრემლის ზედაპირს გლუვს ხდიან და ამცირებენ შუა ფენის(წყალი) აორთქლებას. იმ შემთხვევაში, თუ საცხიმე ჯირკვლები სათანადო რაოდენობის ლიპიდებს ვერ გამოიმუშვებენ, წყლის აორთქლება ხდება სწრაფად, რაც იწვევს თვალების სიმშრალეს. თვალების სიმშრალე ხშირია იმ ადამიანებში, ვისაც აღენიშნება საცხიმე ჯირკვლების დახშობა. ჯირკვლების ფუნქციის მოშლა გვხვდება იმ ადამიანებშიც, ვისაც აღენიშნება ანთება ქუთუთოების გასწვრივ(ბლეფარიტი). თვალების სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს როზაცეა და კანის სხვა დაავადებები.

წყალი. ცრემლის შუა ფენის ძირითადი შემადგენელი ნაწილია წყალი და მცირე რაოდენობით მარილი. ეს ფენა, რომელიც წარმოიქმნება საცრემლე ჯირკვლების საშუალებით, ასუფთავებს თვალებს და წმენდს მათ უცხო სხეულებისგან. თუ თქვენი თვალები არასაკმარისი რაოდენობით წყალს წარმოქმნის, ლორწოვანი და ცხიმოვანი შრეები ერთმანეთთან შეხებაში მოდიან და იწვევენ ბლანტი გამონადენის წარმოქმნას.

ლორწო. შიდა ლორწოვანი შრე ხელს უწყობს ცრემლის თანაბრად გადანაწილებას თვალების ზედაპირზე. თუ თქვენ არ გაქვთ ლორწოს საკმარისი რაოდენობა, თვალის ზედაპირის წინა ნაწილზე(რქოვანა) შესაძლოა გაჩნდეს მშრალი წერტილები.

ცრემლის არასაკმარისი წარმოქმნა.

თვალების სიმშრალის ერთ-ერთი მიზეზია ცრემლების არასაკმარისი წარმოქმნა.

არასაკმარისი ცრემლების წარქმოქმნა აღინიშნება იმ ადამიანებში, ვინც:

  • არის 50 წელს ზემოთ. ცრემლის წარმოქმნა მცირდება ასაკის მატებასთან ერთად. თვალების სიმშრალე ხშირია 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში.
  • პოსტმენოპაუზურ ქალებში. ცრემლების არასაკმარისი წარმოქმნა ხშირია ქალებში, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდგომ. მდგომარეობის მიზეზი ნაწილობრივ უკავშირდება ჰორმონულ ცვლილებებს.
  • დაავადების შემთხვევაში, როდესაც მცირდება ცრემლის წარმოქმნა. თვალების სიმშრალე უკავშირდება ზოგიერთ დაავადებას: დიაბეტი, რევმატოიდული ართრიტი, ლუპუსი, სკლეროდერმა, შოგრენის სინდრომი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და A ვიტამინის ნაკლებობა.
  • გადატანილი თვალის ლაზერული ქირურგიული ოპერაცია. თვალის ოპერაციებიმა, როგორიცაა ადგილობრივი ლაზერული კერატომილიოზი, შესაძლოა გამოიწვიოს ცრემლის არასაკმარისი წარმოქმნა და თვალების სიმშრალე. პროცედურებთან დაკავშირებული თვალის სიმშრალის სიმპტომები ძირითადად დროებითია.
  • საცრემლე ჯირკვლის დაზიანება. ანთების ან დასხივების შედეგად დაზიანებულმა ჯირკვლებმა შესაძლოა ვეღარ წარმოქმნან საკმარისი რაოდენობის ცრემლი.



ქუთუთოების პრობლემები

თვალების დახამხამება უზრუნველყოფს ცრემლის მუდმივ გადანაწილებას თვალების ზედაპირზე. ქუთუთოების დაავადების შემთხვევაში, როდესაც ძნელდება დახამხამება, არ ხდება ცრემლის სათანადო გადანაწილება თვალების ზედაპირზე ან ცრემლი სწრაფად ორთქლდება. ქუთუთოს სხვა დაავადებები: ქუთუთოების ამობრუნება(ექტროპია), ქუთუთოების ჩაბრუნება(ენტროპია)

მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ თვალების სიმშრალეს

მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ თვალების სიმშრალეს:

  • სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო წამლები
  • ანტიჰისტამინური და ცხვირში გამხსნელი წამლები
  • ჰორმონული ჩანაცვლების თერაპია
  • ზოგიერთი ანტიდეპრესანტი
  • იზოტრეტინოინის ტიპის წამლები, რომლებიც გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ



სხვა მიზეზები

თვალის სიმშრალის სხვა მიზეზები:

  • ქარი
  • მშრალი ჰაერი



დავალება, რომელიც მოითხოვს კონცენტრაციას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თვალების დახამხამების გაიშვიათება, მაგალითად:კომპიუტერთან მუშაობა, მანქანის ტარება ან კითხვა

სიმპტომები

სიმპტომები, რომლებიც ძირითადად ორივე თვალში აღინიშნება, შეიძლება იყოს:

  • ჩხვლეტის, წვის ან ფხაჭვნის შეგრძნება თვალებში
  • ბლანტი გამონადენი თვალების გარშემო
  • თვალის გაძლიერებული გაღიზიანებადობა ბოლისგან ან ქარიან ამინდში
  • თვალების გადაღლა
  • მგრძნობელობა სინათლეზე
  • თვალების სიწითლე
  • შეგრძნება, რომ თვალებში რაღაც არის
  • კონტაქტური ლინზების ტარების გაძნელება
  • ჭარბი ცრემლდენის პერიოდები
  • ბუნდოვანი მხედველობის არე, რომელიც უარესდება დღის ბოლოს ან ერთ საგანზე ხანგრძლივად ფოკუსირებისას



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აღგენიშნებათ თვალის სიმშრალის სიმპტომები, როგორებიცაა: წითელი, გაღიზიანებული, გადაღლილი ან მტკივნეული თვალები. ექიმი შეეცდება დაადგინოს თვალებში დისკომფორტის მიზეზი ან გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.