თვითდაზიანება
დაავადების აღწერა
თვითდაზიანება წარმოადგენს განზრახ საკუთარი თავის ვნებას, მაგალითად სხეულის ნაწილის გაჭრას ან დაწვას. როგორც წესი, მდგომარეობ არ გულისხმობს თვითმკვლელობის მცდელობას. თვითდაზიანება არაჯანსაღი მცდელობაა ემოციურ ტკივილთა, ძლიერ ბრაზთან და იმედგაცრუებებთან გამკლავებისა.
მიუხედავად იმისა, რომ თვითდაზიანება დროებით შვებას ჰგვრრის პაციენტს და ათავისუფლებს მას წუხილისგან, საქციელს შემდეგ მოჰყვება დანაშაულსი და სირცხვილის გრძნობა, რაც იწვევს მტკივნეული ემოციების დაბრუნებას. თვითდაზიანების ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ მდგომარეობა უარესდებ ადა ჩნდება სუიციდის რისკიც.
რადგანაც თვითდაზიანება იმპულსური საქციელია, შესაძლოა მდგომარეობა იმპულსის კონტროლის აშლილობას მივაწეროთ. თვითდაზიანება დაკავშირებულია ბევრ ფსიქიკურ აშლილობასთან, როგორიცაა დეპრესია, კვებითი აშლილობები და ზღვრული პიროვნული აშლილობა.
გამომწვევი მიზეზი
თვითდაზიანების ერთი კონკრეტული ან მარტივი მიზეზი არ არსებობს. როგორც წესი, თვითდაზიანება საკუთარი თავის დამკვიდრებასთან ან პიროვნულ იდენტობასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ ტკივილს უკავშირდება, რომელთანაც გამკლავება პაციენტს ჯანსაღი გზებით არ შეუძლია. პიროვნება ვერ ახერხებს ემოციების კონტროლს, აღქმასა და გამოხატვას. ემოციების ნარევი, რომელიც იწვევს თვითდაზიანებას, კომპლექსურია. შესაძლოა ერთდროულად აღინიშნებოდეს უსარგებლობის, სიმარტოვის, პანიკის, ბრაზის, დამნაშავეობის, უარყოფის, საკუთარი თავის ზიზღის ან სქესობრივი დარღვევების ემოციები.
თვითდაზიანების დროს, პაციენტი შესაძლოა ცდილობდეს:
- შფოთვის ან სტრესის დროებით შემცირებას
- ფიზიკური ტკივილის საშუალებით მტკივნეული ემოციების დავიწყება
- შეგრძნება, რომ იგი აკონტროლებს საკუთარ სხეულს, გრძნობებსა და ცხოვრებისეულ სიტუაციებს
- ემოციური სიცარიელის დროს რაიმეს შეგრძნება, თუნდაც ფიზიკური ტკივილის
- შინაგანი გრძნობების გარეგანი გამოხატულება
- დეპრესიის და სტრესული გრძნობების გარე სამყაროსთან დაკავშირება
- არასწორი საქციელების გამო საკუთარი თავის დასჯა
სიმპტომები
სიმპტომები:
- ნაწიბურები, რომლებიც გამოწვეულია დამწვრობებით ან ჭრილობებით
- ახალი ნაჭრილობევები, ნაფხაჭნები, ჩალურჯებები და სხვა დაზიანებები
- ძვლების მოტეხილობა
- ბასრი ნივთების ხელში ჭერა
- მიუხედავად ცხელი ამინდისა გრძელი შარვლების და სახელოების ტარება
- მტკიცება, რომ ხშირად არის ნაწილი უბედური შემთხვევების და უნებლიე დაზიანებების
- დროის დიდი ნაწილის მარტო გატარება
- ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემები
- მუდმივი შეკითხვები პიროვნული იდენტობის შესახებ, როგორიცაა “ვინ ვარ მე?” “აქ რას ვაკეთებ” და ა.შ.
- ქცევითი და ემოციური არასტაბილურობა, იმპულსურობა და წინასწარ განუსაზღვრელი ქცევა
- მტკიცება საკუთარი თავის უსარგებლობისა, უიმედობისა და უსუსურობისა.
თვითდაზიანების ფორმები
თვითდაზიანების ერთ-ერთი ხშირი ფორმაა საკუთარი სხეულის ნაწილების ბასრი საგნით დაჭრა. თვითდაზიანების სხვა ფორმები:
- დაწვა (ასანთით, სიგარეტით ან ცხელი ბასრი საგნებით)
- კანზე სიტყვების ან სიმბოლოების ამოჭრა
- ძვლების მოტეხვა
- საკუთარი თავის ცემა
- ბასრი საგნებით კანის გახვრეტა
- თავის რაიმეზე რტყმა
- კბენა
- თმების ამოძრობა
- ჭრილობების მოშუშების ხელის შეშლა
ხშირ შემთხვევებში, ზედა და ქვედა კიდურები და ზედა ტანის წინა მხარე წარმოადგენენ თვითდაზიანების წერტილებს, რადგან ეს ადგილები ადვილად მისაწვდომი და დასამალია ტანსაცმლის ქვეშ. თუმცა სხეულის ნებისმიერი წერტილშია შესაძლებელი თვითდაზიანება. საკუთარი თავის სავნებლად ადამიანები თვითდაზიანების ერთზე მეტ მეთოდს ირენებენ.
რადგანაც თვითდაზიანება იმპულსური საქციელია, პაციენტის გაანაწყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვითდაზიანების სურვილი. უმეტესი პაციენტი რამდენიმეჯერ ასახიჩრებს საკუთარ სხეულს და შემდგომ ჩერდება. თუმცა სხვებისათვის თვითდაზიანება ხანგრძლივი, განმეორებითი საქციელია.
იშვიათად, ზოგიერთი პაციენტი სპეციალურად იზიანებს საკუთარ თავს ხალხში და სხვადასხვა ჯგუფებში, რათა გააგებინოს მათ, რომ ტკივილს განიცდის.
როდის მივმართოთ ექიმს
სათანადო მკურნალობის პირობებში პაციენტმა შესაძლოა მონახოს პრობლემებთან გასამკლავებლად უფრო ჯანსაღი გზა.
მოითხოვეთ დახმარება. თუ თქვენ აზიანებს საკუთარ სხეულს, თუნდაც უმნიშვნელოდ ან გაწუხებთ თვითდაზიანების შესახებ ფიქრები, მიმართეთ ექიმს. თვითდაზიანების ნებისმიერი ფორმა შესაძლოა მიუთითებდეს უფრო სერიოზულ მდგომარეობაზე, რომელსაც სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება. მოუყევით თქვენს შესახებ თქვენთვის სანდო ადამიანს, როგორიცაა მეგობარი, საყვარელი ადამიანი, ექიმი, რელიგიური ლიდერი, სკოლის მასწავლებელი, რათა გადაიდგას მკურნალობის პირველი ნაბიჯები. მიუხედავად თქვენი საქციელისგან გამოწვეული სირცხვილისა და უხერხულობისა, ამ ნაბიჯების გადადგმა თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თუ თქვენ მძიმედ დაიზიანეთ საკუთარი სხეული ან მიგაჩნიათ, რომ დაზიანება სიცოცხლისთვის საშიშია, აკრიფეთ 112 და მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
როდესაც მეგობარი ან საყვარელი ადამიანი აზიანებს საკუთარ სხეულს
თუ თქვენ გყავთ მეგობარი ან საყვარელი ადამიანი, რომელიც ზიანს აყენებს საკუთარ ორგანიზმს, თქვენ შესაძლოა იყოთ შოკირებული და შეშინებული. ნებისმიერი საუბარი თვითდაზიანებაზე მიიღეთ სერიოზულად. თვითდაზიანება მარტო გასამკლავებლად რთული მდგომარეობაა. ქვემოთ წარმოდგენილია ზოგიერთი რჩევა დასახმარებლად.
თქვენი შვილი. მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პედიატრს ან ფსიქიატრს თავდაპირველი შეფასების გასაკეთებლად. ნუ უყვირებთ, დაემუქრებით ან დააბრალებთ რაიმეს თქვენს შვილს, უბრალოდ გამოხატეთ თქვენი მღელვარება სიტუაციის მიმართ.
თინეიჯერი მეგობარი. ურჩიეთ მეგობარს, მოუყვეს მშობლებს, მასწავლებელს ან მისთვის სანდო პირს მდგომარეობის შესახებ
ზრდასრული. ნელ-ნელა შეაგულიანეთ პაციენტი, რომ მიმართოს ფსიქიატრიულ ან სამედიცინო დახმარებას.