უკონტროლო ჭამის ეპიზოდები

დაავადების აღწერა

უკონტროლო ჭამის დაავადება მძიმე კვებითი აშლილობაა, რომელიც გამოიხატება უჩვეულოდ დიდი რაოდენობის საკვების მიღებითა და კვების შეწყვეტის უნარის დაქვეითებით.

თითქმის ყველა ადამიანი ჭამს ზედმეტს ზოგჯერ, მაგალითად დღესასწაულებზე საკვებს ხშირად ვიმატებთ. თუმცა, ზოგიერთი ადამიანისთვის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის საკვების მიღება და უკონტროლო ჭამის ეპიზოდები რეგულარული მოქმედებაა, რის გამოც მათ უკონტროლო ჭამის დაავადების დიაგნოზი აქვთ.

ამ დაავადების დროს, შესაძლოა შეგრცხვეთ ზედმეტად ბევრის ჭამის გამო და პირობა დადოთ, რომ გაჩერდებით, მაგრამ სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ხშირად ადამიანი ვერ ამბობს უარს და აგრძელებს უკონტროლოდ ჭამას. თუ გაქვთ ეს დარღვევა, მკურნალობა შესაძლოა მნიშვნელოვნად დაგეხმაროთ.

გამომწვევი მიზეზი

უკონტროლო ჭამის დაავადების მიზეზები უცნობია, თუმცა ოჯახური ფაქტორები, ბიოლოგიური ფაქტორები, გრძელვადიანი დიეტა ან ფსიქოლოგიური პრობლემები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაავადების განვითარებას.

სიმპტომები

დაავადებულების უმრავლესობა ჭარბწონიანია, მაგრამ შესაძლოა ნორმალური წონისაც იყოს. ქცევითი და ემოციური სიმპტომებია:

  • უჩვეულოდ დიდი რაოდენობის საკვების მიღება მოკლე ვადებში, მაგ. 2 საათის განმავლობაში
  • გრძნობა, რომ ჭამას ვეღარ აკონტროლებთ
  • დანაყრების ან შიმშილის არქონის მიუხედავად ჭამა
  • სწრაფად ჭამა უკონტროლო ეპიზოდების დროს
  • ჭამის გაგრძელება, სანამ საკვები დისკომფორტს არ შეგიქმნით
  • მარტო ჭამა ან ჩუმად ჭამა
  • დეპრესია, სირცხვილის, ბრალეულობის შეგრძნება, რომელიც ჭამას უკავშირდება
  • ხშირი დიეტა, სავარაუდოდ წონის დაკლების გარეშე
  • ბულემიისაგან განსხვავებით, პაციენტები უკონტროლო ჭამის ეპიზოდის შემდეგ არ ცდილობენ კომპენსაციას ღებინების, დეფეკაციის გამაძლიერებლების ან ზედმეტი ვარჯიშის გზით. შესაძლოა ცადონ, დაიცვან დიეტა და ჭამონ ნორმალურად. ზოგჯერ დიეტის დაცვის მცდელობა იწვევს უკონტროლო ჭამის ეპიზოდების გაძლიერებას.
  • უკონტროლო ჭამის დაავადების სიმძიმე განისაზღვრება ერთი კვირის განმავლობაში მსგავსი ეპიზოდების რაოდენობის მიხედვით.



როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ გაქვთ სიმპტომები, რომლებიც უკავშირდება ამ დაავადებას, მოითხოვეთ დახმარება რაც შეიძლება მალე. უკონტროლო ჭამა თავად არ გაგივლით, შესაძლოა გაუარესდეს კიდეც მკურნალობის გარეშე.
  • ესაუბრეთ თქვენს ოჯახის ექიმს ან ფსიქოლოგს სიმპტომებისა და გრძნობების შესახებ. თუ არ გსურთ ექიმთან კონსულტაცია, ესაუბრეთ ვინმეს, ვისაც ენდობით: მეგობარს, საყვარელ ადამიანს,მასწავლებელს, რელიგიურ წარმომადგენელს, რათა ისინი დაგეხმარონ პირველი ნაბიჯის გადადგმაში მკურნალობის დაწყების მიზნით.



დაეხმარეთ ნაცნობს, რომელსაც აქვს მსგავსი სიმპტომები

  • უკონტროლო ჭამის დაავადების მქონე ადამიანები ხშირად მალავენ თავიანთ პრობლემას, რაც დიაგნოსტირებას ართულებს. თუ გყავთ ნაცნობი ან მეგობარი, რომელსაც ფიქრობთ, რომ აქვს ეს დაავადება, ესაუბრეთ მას თქვენი ეჭვების შესახებ ღიად.
  • დაეხმარეთ და ანუგეშეთ. შესთავაზეთ მეგობარს დახმარება კვალიფიციური ექიმის მოძებნაში, დანიშნეთ ვიზიტი. შესაძლოა გაყვეთ კიდეც მას ექიმთან.