უნაყოფობა მამაკაცებში
დაავადების აღწერა
წყვილების დაახლოებით 15% უნაყოფოა. ეს ნიშნავს, რომ ხშირი, დაუცველი სქესობრივი კავშირების შედეგად, 1 წლის ან მეტის განმავლობაში, ვერ მოხერხდა ჩასახვა. ამ წყვილების დაახლოებით ნახევარში, მიზეზი მამაკაცის უშვილობაა.
უნაყოფობა მამაკაცებში გამოწვეულია სპერმის დაბალი კონცენტრაციებით, სპერმის დისფუნქციით ან სპერმის გზის ბლოკადით, რაც ხელს უშლის მის გადაადგილებას. ავადმყოფობა, დაზიანება, ჯანმრთელობის პრობლემა, ცხოვრების სტილი და სხვა ფაქტორები გასათვალისწინებელია უშვილობის დროს.
უნაყოფობა შესაძლოა სტრესული და გამაღიზიანებელი იყოს მამაკაცისათვის, მაგრამ არსებობს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი.
გამომწვევი მიზეზი
მამაკაცში უშვილობა კომპლექსური პროცესია. ჩასახვისათვის, აუცილებელია შემდგომი ფაქტორების არსებობა:
- ორგანიზმში უნდა წარმოიქმნებოდეს ჯანსაღი სპერმა. თავდაპირველად, იგულისხმება კაცის სასქესო ორგანოების სწორი ჩამოყალიბება მომწიფების პერიოდში. ცალი სათესლე ჯირკვალი მაინც უნდა ფუნქციონირებდეს სწორად და უნდა წარმოქმნას ტესტოსტერონი და სხვა ჰორმონები, რომლებიც იწვევენ სპერმის პროდუქციას.
- სპერმა უნდა შეერიოს თესლს და წარმოიქმნას ეაკულატი. როცა სპერმა წარმოიქმნება სათესლე ჯირკვალში, სადინრების საშუალებით მოხდება ტრანსპორტირება სანამ არ შეერევა სათესლე სითხეებს და გამოვა პენისიდან ეაკულატის სახით.
- ეაკულატში უნდა იყოს სპერმატოიზოიდების საკმარისი კონცენტრაცია. თუ სპერმატოზოიდების კონცენტრაცია დაბალია, ჩასახვის შანსები იკლებს. დაბალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ეაკულატის 1 მილილიტრში არის 15 მილიონზე ნაკლები სპერმატოზოიდი ან მთელ ეაკულატში არის 39 მილიონზე ნაკლები სასქესო უჯრედი.
- სპერმა უნდა იყოს ფუნქციური და მოძრავი. თუ სპერმატოზოიდების მოძრაობის ფუნქცია დარღვეულია, უჯრედი ვერ მიაღწევს კვერცხუჯრედამდე და შესაბამისად არ მოხდება ჩასახვა.
სამედიცინო მიზეზები
მამაკაცში უშვილობა დაკავშირებულია მრავალ სამედიცინო პრობლემასთან ან მკურნალობასთან. მაგალითებია:
- ვარიკოცელე. ვარიკოცელე არის სათესლე ჯირკვლის ვენების გაფართოება.ეს მდგომარეობა უშვილობის ყველაზე ხშირი, შექცევადი გამომწვევი ფაქტორია.ვარიკოცელე ხელს უშლის სათესლე ჯირკვალში ნორმალური ტემპერატურის განვითარებას, რაც იწვევს სპერმატოზოიდების კონცენტრაციის დაქვეითებას. ვარიკოცელეს მკურნალობა აუმჯობესებს სპერმის ხარისხს და შესაძლოა დაეხმაროს წყვილს ინ ვიტრო განაყოფიერების დროსაც.
- ინფექცია. ზოგიერთი ინფექცია იწვევს სპერმის წარმოქმნის დარღვევას ან ხარისხის დაქვეითებას. ზოგჯერ, ინფექციის გამო ხდება სპერმის მილაკების დანაწიბურება. მსგავსი ინფექციებია: სქესობრივად გადამდები ინფექციები, როგორიცაა ქლამიდია ან გონორეა, წინამდებარე ჯირკვლის ანთება–პროსტატიტი, ყბაყურის გამოწვეული ორქიტი. ზოგიერთი ინფექცია იწვევს სათესლე ჯირკვლის მუდმივ დაზიანებას, მაგრამ უფრო ხშირად, სპერმის გარკვეული რაოდენობით წარმოქმნა მაინც შესაძლებელია.
- ეაკულაციის პრობლემები. რეტროგრადული ეაკულაცია ხდება, როცა ეაკულატი პენისიდან გარეთ გამოყოფის მაგივრად უკან ადის, შარდის ბუშტში ორგაზმის დროს. განსხვავებული დაავადებები და მდგომარეობები შესაძლოა იყოს რეტროგრადული ეაკულაციის მიზეზი, მაგ.: დიაბეტი, ზურგის ტვინის დაზიანება, მედიკამენტები, ქირუგრიული ჩარევა შარდის ბუშტზე, წინამდებარე ჯირკვალსა და შარდსადინარზე. ზოგიერთ მამაკაცში, ზურგის ტვინის დაზიანების გამო, ვერ ხერხდება ეაკულაცია, მაგრამ სპერმა წარმოიქმნება. ამ შემთხვევებში ხდება სპერმის ამოღება და ხელოვნური განაყოფიერება.
- ანტისხეულები, რომლებიც სპერმატოზოიდებს ანადგურებენ. სპერმატოზოიდების საწინააღმდეგო ანტისხეულები იმუნური სისტემის მიერ “შეცდომითაა” წარმოქმნილი და სპერმას უცხო ორგანიზმად აღიქვამს.
- სიმსივნეები. კიბო და კეთილთვისებიანი სიმსივნეები შესაძლოა აზიანებდეს მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოებს ან ენდოკრინულ ჯირკვლებს, რომლებიც მონაწილეობენ სპერმის სინთეზში, როგორიცაა ჰიპოფიზი. ზოგიერთ შემთხვევაში, ქირურგია, სხივური თერაპია ან ქიმიოთერაპია იწვევს მამაკაცში უნაყოფობას.
- სათესლე ჯირკვლების საზარდულში ჩამოსვლის პრობლემა. დაბადებამდე, სათესლე ჯირკვლები ყალიბდება მუცლის ღრუში და შემდგომში ჩამოდის მის ნორმალურ ადგილას– სათესლე პარკში, სადაც სამუდამოდ რჩება. ზოგჯერ, ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვალი არ ჩადის პარკში. ასეთ მამაკაცებში ხშირია უნაყოფობა.
- ჰორმონული დისბალანსი. უშვილობა შესაძლოა თავად სათესლე ჯირკვლის ჰორმონული დისფუნქციის ან სხვა ჯირკვლების– ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის, ფარისებრის, თირკმელზედა ჯირკვლის დაზიანების გამო დადგეს. დაბალი ტესტოსტერონი (ჰიპოგონადიზმი მამაკაცებში) და სხვა ჰორმონული პრობმლემები იწვევენ უშვილობას.
- სპერმის სადინრების დეფექტები. მილები, რომლებსაც გადააქვთ სპერმა, შესაძლოა დაზიანდეს ავადმყოფობის ან ტრავმის შედეგად. ზოგიერთ მამაკაცს დაბლოკილი აქვს სპერმის შემნახველი ნაწილი–ეპიდიდიმისი ან სათესლიდან სპერმის გამომტანი ერთი ან ორივე მილი. მამაკაცებში, რომელთაც ასევე აქვთ კისტური ფიბროზი ან სხვა თანდაყოლილი დაავადება, ხოგჯერ სპერმის გამომტანი სადინრები საერთოდ არაა განვითარებული.
- ქრომოსომული დეფექტები. მემკვიდრული დაავადებები, როგორიცაა კლაინფერტერის სინდრომი, იწვევენ მამაკაცის სქესობრივი ორგანოების არასწორ განვითარებასა და უშვილობას. კლაინფერტერის სინდრომის დროს, მამაკაცს აქვს ორი ან მეტი X და ერთი Y ქრომოსომა. სხვა გენეტიკური სინდრომებია: კისტური ფიბროზი, კალმანის სინდრომი და კართაგენერის სინდრომი.
- სქესობრივი კავშირის პრობლემები. სექსის დროს არსებული პრობლემებია: ერექციის შენარჩუნების უუნარობა– ერექციული დისფუნქცია, ნაადრევი ეაკულაცია, მტკივნეული სქესობრივი კავშირი, ანატომიური პათოლოგიები, როგორიცაა სარდსადინრის გახსნა პენისის ქვედა ნაწილზე (ჰიპოსპადია) ან ფსიქოლოგიური, ურთიერთობის პრობლემები, რაც ხელს უშლის ნორმალურ კავშირს.
- ცელიაკია. ცელიაკია მონელების დარღვევაა, რომელიც გამოწვეულია გლუტენის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით. ცელიაკია ზოგჯერ იწვევს უშვილობას კაცებში, რომელიც ექვემდებარება გამოსწორებას გლუტენისაგან თავისუფალი დიეტის შემთხვევაში.
- გარკვეული მედიკამენტები. ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპია, ანაბოლური სტეროიდების ხანგრძლივად მიღება, კიბოს მედიკამენტები (ქიმიოთერაპია), გარკვეული ანტისოკოვანი პრეპარატები, წყლულის მედიკამენტები უკავშირდება სპერმის წარმოქმნის შეფერხებასა და უშვილობას.
- გადატანილი ქირურგიული ჩარევა. გარკვეული ტიპის ოპერაციები შესაძლოა იწვევდეს ეაკულაციის პრობლემას. ესენია: ვაზექტომია, საზარდულის თიაქრის ოპერაცია, სათესლე პარკის ან ჯირკვლის ოპერაცია, წინამდებარე ჯირკვლის ოპერაცია, მუცლის ღრუს ქირურგია სათესლე ან სწორი ნაწლავის კიბოს გამო და ა.შ. უმეტესად, ქირურგიული ჩარევით ბლოკადის მოხსნა შესაძლებელია ან შეიძლება სპერმის მოპოვება პირდაპირ სათესლე ჯირკვლიდან.
გარემო–ფაქტორები
სითბოს, ტოქსინების, ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივი ზეგავლენა აქვეითებს სპერმის რაოდენობასა და ხარისხს. მაგალითებია:
- ინდუსტრიული ქიმიური ნივთიერებები. ბენზინის, ტოლუენის, ქსილენის, პესტიციდების, ჰერბიციდების, ორგანული გამხსნელების, საღებავებისა და ტყვიის ზეგავლენა იწვევს სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას.
- მძიმე მეტალები. ტყვია და სხვა მძიმე მეტალები დაკავშირებულია უშვილობასთან.
- დასხივება და რენტგენის სხივები. რადიაცია იწვევს სპერმის პროდუქციის შეფერხებას, თუმცა ხშირად ეს დროებითია. დასხივების მაღალი დოზების შემთხვევაში, შესაძლებელია სპერმის წარმოქმნის მუდვმივი დარღვევაც.
- სათესლე ჯირკვლების გადახურება. საუნების ან თბილი აბაზანების ხშირი გამოყენება დროებით ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას. ხანგრძლივი ჯდომა, მოჭერილი ტანსაცმელი ასევე ასოცირდება სათესლე პარკის ტემპერატურის მატებასთან, რაც იწვევს ჯირკვლის გადახურებას და სპერმატოზოიდების სინთეზის დაქვეითებას. საცვლების ტიპი ნაკლებად უკავშირდება უშვილობას.
ჯანმრთელობა, ცხოვრების სტილი და სხვა მიზეზები
მამაკაცში უშვილობის სხვა შესაძლო მიზეზებია:
- ნარკოტიკების ან სხვა არალეგალური პრეპარატების გამოყენება. ანაბოლური სტეროიდები ასტიმულირებენ კუნთის ზრდას და იწვევენ სათესლე ჯირკვლის დაპატარავებასა და სპერმის პროდუქციის შეფერხებას. კოკაინის ან მარიხუანას გამოყენება დროებით აქვეითებს სპერმის ხარისხს.
- ალკოჰოლის გამოყენება. ალკოჰოლი ამცირებს ტესტოსტერონის დონეს, იწვევს ერექციულ დისფუნქციას და ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას. ღვიძლის დაავადება, რომელიც ალკოჰოლითაა გამოწვეული, ასევე უკავშირდება უშვილობას.
- ოკუპაცია. გარკვეული ოკუპაციები უკავშირდება უშვილობის მაღალ რისკს, მაგალითად კომპიუტერების ხანგრძლივი გამოყენება, მონიტორებთან ყოფნა, სამსახურეობრივი სტრესი და ა.შ.
- თამბაქოს გამოყენება. მწეველ კაცებს აღენიშნებათ სპერმატოზოიდების ნაკლები რაოდენობა, არამწეველებთან შედარებით. მეორადი კვამლი ასევე უკავშირდება უშვილობას.
- ემოციური სტრესი. სტრესი ხელს უშლის გარკვეული ჰორმონების მოქმედებას და სპერმის წარმოქმნას. ძლიერი და ხანგრძლივი ემოციური სტრესი, მათ შორის უშვილობაც, ამცირებს სპერმატოზოიდების რაოდენობას.
- წონა. ჭარბი წონა ასოცირებულია ჰორმონულ ცვლილებებთან და უშვილობასთან.
- ველოსიპედის ხანგრძლივი ტარება. ველოსიპედის ხშირი ტარება ასოცირდებულია შვილოსნობის დაქვეითებასთან, სათესლეების გადახურების გამო. ველოსიპედის სკამი ასევე აწვება სათესლე ჯირკვლების უკან მდებარე ნაწილს, პერინეუმს, რაც ზოგჯერ იწვევს პენისის მგრძნობელობის დაქვეითებასა და ერექციულ დისფუნქციას.
სიმპტომები
მამაკაცში უნაყოფობის მთავარი ნიშანი ჩასახვის მცდელობის მიუხედავად, ნაყოფის არარსებობაა. შესაძლოა არ არსებობდეს სხვა ნიშანი ან სიმპტომი. ზოგიერთ შემთხვევაში, თანმხლები დაავადება, როგორიცაა მემკვიდრული დაავადება, ჰორმონული დისბალანსი, გაფართოებული ვენები სათესლე ჯირკვლის გარშემო ან სპერმის გზის ბლოკადა შესაძლოა ავლენდეს სხვა სიმპტომებსაც. მამაკაცებში უშვილობასთან ასოცირებული ნიშნები და სიმპტომებია:
- ბავშვის ჩასახვის უუნარობა
- სქესობრივი ფუნქციის პრობლემები, მაგალითად გართულებული ეაკულაცია, დაქვეითებული ლიბიდო ან ერექციული დისფუნქცია
- ტკივილი, შესიება ან მასა სათესლე ჯირკვალში
- ხშირი სასუნთქი გზების ინფექციები
- სახეზე ან ტანზე თმიანობის შემცირება, ქრომოსომული ან ჰორმონული პათოლოგიის სხვა ნიშნები
- სპერმატოზოიდების ნორმაზე დაბალი კონცენტრაცია (15 მილიონზე ნაკლები სპერმატოზოიდი თესლის 1 მილილიტრში ან ჯამური სპერმატოზოიდური მაჩვენებელი, რომელიც ეაკულატში 39 მილიონზე ნაკლებია)
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ:
- ხშირი, დაუცველი სქესობრივი კავშირების შედეგად, 1 წლის ან მეტის განმავლობაში, ვერ მოხერხდა ჩასახვა
- გაქვთ ერექციის ან ეაკულაციის პრობლემები, ლიბიდოს დაქვეითება ან სქესობრივ ფუნქციასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომი
- გაქვთ ტკივილი, დისკომფორტი, შესიება ან მასა სათესლე ჯირკვალში
- გქონიათ სათესლე ჯირკვლის, წინამდებარე ჯირკვლის პრობლემები მანამდე
- ჩატარებული გაქვთ საზარდულის, სათესლე ჯირკვლის, პენისის ან სათესლე პარკის ქირურგიული ოპერაცია