ვაგინიტი

დაავადების აღწერა

ვაგინიტი არის საშოს ანთება, რომელიც იწვევს გამონადენს, ქავილს და ტკივილს. ხშირი მიზეზებია საშოს მიკროფლორის ბალანსის დარღვევა და ინფექცია. ვაგინიტი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის დონის დაქვეითებამ.

ვაგინიტის ყველაზე ხშირი ფორმებია:

  • ბაქტერიული ვაგინოზი, რომელიც ვითარდება საშოში ნორმაში არსებული რომელიმე მიკროორგანიზმის ჭარბი ზრდის შედეგად
  • სოკოვანი ინფექციები, რომლებიც ძირითადად Candida Albicans სოკოთი არიან გამოწვეული.
  • ტრიქომონიაზი, რომელიც გამოწვეულია პარაზიტით და გადაეცემა სქესობრივი გზით.
  • ატროფიული ვაგინიტი, რომელიც გამოწვეულია მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის დონის დაქვეითებით.



მკურნალობა დამოკიდებულია ვაგინიტის ფორმაზე.

გამომწვევი მიზეზი

გამომწვევი დამოკიდებულია ვაგინიტის ფორმაზე.

ბაქტერიული ვაგინოზი

ბაქტერიულ ვაგინოზს იწვევს საშოში ნორმაში არსებული რომელიმე მიკროოგანიზმის ჭარბი ზრდა. ნორმაში, ‘კარგი’ ბაქტერიები (ლაქტობაცილები) უფრო მეტია, ვიდრე ‘ცუდი ბაქტერიები’ (ანაერობები). ანაერობული ბაქტერიების განმარვლების შემთხვევაში ბალანსი ირღვევა და ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი. ვაგინიტის ეს ფორმა უფრო ხშირად დაკავშირებულია სქესობრივ კონტაქტთან, თუმცა იგი აგრეთვე ვითარდება ქალებში, რომლებიც არ არიან სქესობრივად აქტიურები.

სოკოვანი ინფექციები

სოკოვანი ინფექცია ვითარდება სოკოს ჭარბი ზრდის შედეგად. C.albicans იწვევს როგორც საშოს, ასევე სხეულის სხვა ნაწილების სოკოვან ინფექციას. სოკომ აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს საფენისმიერი დერმატიტი.

ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი არის გავრცელებული სქესობრივად გადამდები დაავადება, რომელსაც ერთ-უჯრედიანი პარაზიტი Trichomonas vaginalis იწვევს. ეს პარაზიტი ვრცელდება სქესობრივი გზით. კაცებში იგი ძირითადად საშარდე გზების უსიმპტომო ინფექციას იწვევს. ქალებში ტრიქომონიაზი აზიანებს საშოს და იწვევს სიმპტომებს.

არაინფექციური ვაგინიტი

ვაგინალურმა ოყნებმა, პირადი მოვლის საშუალებებმა და სპერმიციდულმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქცია ან გააღიზიანონ საშოს ქსოვილები. საშოს გარსის შეთხელება, რაც ძირითადად ესტროგენის დონის დაქვეითებით ან საკვერცხის ამოკვეთითაა გამოწვეული, აგრეთვე იწვევს საშოს წვას და ქავილს.

სიმპტომები

ვაგინიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • საშოს გამონადენის ფერის, სუნის ან რაოდენობის ცვლილება
  • საშოს ქავილი ან გაღიზიანება
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
  • მტკივნეული შარდვა
  • მსუბუქი სისხლდენა საშოდან



საშოს გამონადენის ხასიათი შეიძლება მიუთითებდეს ვაგინიტის ფორმაზე:

  • ბაქტერიული ვაგინოზი. ამ დროს შეიძლება გქონდეთ მონაცრისფრო, უსიამოვნო სუნის გამონადენი. უსიამოვნო სუნი, რომელსაც ხშირად თევზის სუნს ამსგავსებენ, შეიძლება უფრო შესამჩნევი იყოს სქესობრივი აქტის შემდეგ.
  • სოკოვანი ინფექცია. მთავარი სიმპტომი არის ქავილი, თუმცა შეიძლება აგრეთვე გქონდეთ ხაჭოს მსგავსი გამონადენი.
  • ტრიქომონიაზი. ტრიქომინიაზი არის ინფექცია, რომელიც იწვევს მომწვანო-მოყვითალო, ხანდახან ქაფიან გამონადენს.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ უჩვეული დისკომფორტი საშოში, განსაკუთრებით თუ:

  • არასდროს გქონიათ საშოს ინფექცია. ექიმი დაგიდგენთ მიზეზს და დაგეხმარებათ ნიშნებისა და სიმპტომების გარჩევაში.
  • გქონიათ საშოს ინფექცია, თუმცა ეს შემთხვევა განსხვავებულია.
  • გყავთ მრავალი ან ახალი სქესობრივი პარტნიორი. თქვენ შეიძლება სქესობრივად გადამდები დაავადება გქონდეთ. ბევრი სქესობრივად გადამდები დაავადების ნიშნები და სიმპტომები ჰგავს ბაქტერიული ვაგინოზის და სოკოვანი ინფექციის ნიშნებს და სიმპტომებს.
  • თქვენ გაიარეთ სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების კურსი მაგრამ კვლავ გაქვთ მაღალი ტემპერატურა და უსიამოვნო სუნი საშოში. ეს შეიძლება არა-სოკოვანი ინფექციის ან სოკოს რეზისტენტული შტამის ინფექციის ნიშანი იყოს.



ხანდახან უმჯობესია მოცდა

არ არის საჭირო ექიმთან მისვლა ყოველ ჯერზე, როდესაც გაქვთ საშოს გაღიზიანება ან გამონადენი, განსაკუთრებით თუ:

  • უკვე გქონიათ საშოს სოკოვანი ინფექცია და მსგავსი ნიშნები და სიმპტომები გაქვთ
  • თქვენ იცით სოკოვანი ინფექციის ნიშნები და სიმპტომები და დარწმუნებული ხართ, რომ სოკოვანი ინფექცია გაქვთ.