ვარდისფერი თვალი (კონიუნქტივიტი)

დაავადების აღწერა

კონიუქტივიტი არის თვალის შემომსაზღვრელი გამჭვირვალე მემბრანის– კონიუქტივას ანთება, რომელიც ამოფენს როგორც ქუთუთოებს, ასევე თვალის თეთრ ნაწილებს. როცა კონიუქტივაში მდებარე მცირე ზომის სისხლძარღვები ანთებით მდგომარეობაშია, მათი დანახვა იოლია. ეს იწვევს თვალის თეთრი ნაწილების შეწითლებას ან გავარდისფრებას კონიუქტივიტის დროს.

კონიუქტივიტი ხშირად ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით, ალერგიით, ან ბავშვებში არასრულად გაღებული საცრემლე არხითაა გამოწვეული.

კონიუქტივიტი გამაღიზიანებელია, მაგრამ მხედველობას იშვიათად აზიანებს. მკურნალობა დაგეხმარებათ დისკომფორტის მოცილებაში. რადგან კონიუქტივიტი გადამდებია, ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა დაგეხმარებათ სხვისი დაინფიცირების თავიდან აცილებაში.

გამომწვევი მიზეზი

კონიუქტივიტის მიზეზებია:

  • ვირუსები
  • ბაქტერიები
  • ალერგია
  • ქიმიური ნივთიერებები
  • უცხო სხეული თვალში
  • ახალშობილებში, საცრემლე არხის დახშობა



ვირუსული ან ბაქტერიული კონიუქტივიტი

ვირუსული ან ბაქტერიული კონიუქტივიტი ეხება ცალ ან ორივე თვალს. ვირუსული კონიუქტივიტი ძირითადად წყლის მაგვარი გამონადენით ხასიათდება. ბაქტერიული კონიუქტივიტი კი ვლინდება სქელი, მოყვითალო– მომწვანო გამონადენით. როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული კონიუქტივიტი ასოცირდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციებთან, ყელის ანთებასთან.

ვირუსული და ბაქტერიული კონიუქტივიტი ადვილად გადამდებია. გავრცელება ხდება პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით თვალის სითხეებთან და გამონადენთან.

მოზრდილებსა და ბავშვებს შეიძლება როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული კონიუქტივიტი დაემართოთ, მაგრამ ბაქტერიული უფრო ხშირია ბავშვებში, ვიდრე ზრდასრულებში.

ალერგიული კონიუქტივიტი

ალერგიული კონიუქტივიტი ვლინდება ორივე თვალზე და წარმოადგენს პასუხს ალერგიის გამომწვევ ნივთიერებაზე, როგორიცაა მტვერი. ალერგენებზე საპასუხოდ, ორგანიზმი წარმოქმნის ანტისხეულს– იმუნოგლობულინ E-ს. ეს ანტისხეული ააქტიურებს პოხიერ უჯრედებს თვალებისა და სასუნთქი გზების ლორწოვან მემბრანებში. შედეგად, პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლდება ანთებითი ნივთიერებები, მათ შორის ჰისტამინი. ჰისტამინის გამოყოფა იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს, მათ შორის კონიუქტივიტს.

თუ გაქვთ ალერგიული კონიუქტივიტი, შესაძლოა გამოვლინდეს ძლიერი ქავილი, ცრემლდენა, ანთება, ცემინება და თხიერი გამონადენი ცხვირიდან. ალერგიული კონიუქტივიტის მკურნალობა უმეტესად შესაძლებელია ანტი–ალერგიული თვალის წვეთებით.

გაღიზიანებით გამოწვეული კონიუქტივიტი

ქიმიური ნივთიერებების ან უცხო სხეულის მიერ გაღიზიანებით გამოწვეული კონიუქტივიტი შესაძლოა უცხო სხეულის მოშორების მიზნით დაბანის და თვალის გაწმენდის დროს განვითარდეს. ნიშნები და სიმპტომებია ცრემლდენა, ლორწოვანი გამონადენი და ძირითადად სიმპტომები ქრება 1 დღეში.

სიმპტომები

კონიუქტივიტის ნიშნებია:

  • სიწითლე ცალ ან ორივე თვალში
  • ქავილი ცალ ან ორივე თვალზე
  • სიმშრალის შეგრძნება ცალ ან ორივე თვალში
  • გამონადენი ცალი ან ორივე თვალიდან, რომელიც ქმნის ქერქს ღამით და დილით აწებებს წამწამებს, რაც ართულებს თვალის გახელას დილაობით
  • ცრემლდენა



როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ შეამჩნევთ კონიუქტივიტის ნიშნებსა და სიმპტომებს. კონიუქტივიტი ადვილად გადამდებია ნიშნებისა და სიმპტომების დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაშიც კი. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა დაგეხმარებათ სხვების დაინფიცირების თავიდან აცილებაში.

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ მათი მოხმარება როცა კონიუქტივიტი დაიწყება. თუ სიმპტომები არ გამოსწორდა 12–24 საათში, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, რათა გამოირიცხოს უფრო მძიმე ინფექცია თვალში, რომელიც დაკავშირებულია კონტაქტური ლინზების გამოყენებასთან.

დამატებით, არსებობს თვალის სხვა დაავადებების, რომლებიც სიწითლით ვლინდება. ტიპიურად, ამ დროს ვლინდება ტკივილი და მხედველობის დაბინდვა. თუ გექნებათ ასეთი სიმპტომები, დაუყოვნებლივ მოითხოვეთ დახმარება.